აჭარული თამბაქო მცირე მიწაზეც ხეირს იძლევა - კვირის პალიტრა

აჭარული თამბაქო მცირე მიწაზეც ხეირს იძლევა

სიგარეტის გაძვირებამ თამბაქოს ფასი დაადო და ამასთან, მისი დეფიციტიც შექმნა. ვინაიდან, გაძვირებაზე საუბარი კვლავაც არის, ზოგიერთმა სახელმწიფო მოხელემ უკვე წამოაყენა წინადადება საქართველოში თამბაქოს წარმოების აღორძინების შესახებ. ცნობილია, რომ თამბაქოს მრეწველობას სამ რეგიონში: აჭარაში, აფხაზეთსა და კახეთში, - კერძოდ, ლაგოდეხში მისდევდნენ. დღეს კი ამათგან თამბაქო მხოლოდ აჭარაში მოჰყავთ და ეს ტრადიცია აქ არც არასოდეს დაურღვევიათ, რისი მიზეზიც მარტივია: თამბაქოს მაღალი შემოსავალი! საუკეთესო თამბაქო ძირითადად აჭარის ორ კუთხეში, შუახევსა და ქედაში მოდის და თანაც, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში - მამა-პაპის ტრადიციას შთამომავლობაც ერთგულად განაგრძობს.

ქედის მუნიციპალიტეტში თამბაქოს მცირე პლანტაცია მურად ბერიძესაც აქვს. თუმცა, ამ მცირე ნაკვეთში საუკეთესო ხარისხის თამბაქო მოდის და ოჯახს მატერიალურად ამაგრებს.

- თამბაქოს მოყვანის ტრადიცია აჭარამ ჯერ კიდევ თურქი დამპყრობლის ხელში შეისწავლა. თურქეთმა თამბაქო, რომელიც შემოსავლიანი კულტურა აღმოჩნდა, ორი საუკუნის წინ წამოიღო ევროპიდან. აჭარელი გლეხიც, რომელიც მხოლოდ მიწის იმედად იყო, ამ კულტურის გაშენებას მაშინვე დაეშურა. აი, იქიდან მოყოლებული მოდის თამბაქო აჭარაში, რომელზეც ნამდვილად არ იხარჯება პატარა შრომა. განსაკუთრებით იმ დროიდან, როცა აჭარაში თამბაქოს ქარხნები გაუქმდა და კუსტარულად, ხელით ვამზადებთ. სიმართლე გითხრათ, ნეტავ აჭარა მცირემიწიანი არ იყოს და თამბაქოც მეტ ფართობზე გვქონდეს გაშენებული, შრომა ნამდვილად არ დაგვეზარებოდა. მაღალმთიან და მცირემიწიან აჭარაში სხვა თითქმის არაფერია, რისი გაყიდვითაც ასეთ სერიოზულ შემოსავალს მივიღებთ.

- არც თქვენი ნაკვეთია დიდი. - ცხადია. სხვა მოსავალიც ხომ მჭირდება და ეს ჩემი მიწა განა რამდენს უნდა ვამყოფინო. ამიტომ თამბაქო მხოლოდ 5 ათას კვმ-ზე მაქვს დათესილი, საიდანაც 200 კგ მზა თამბაქო მომყავს. რომელსაც, თუკი მაღალი ხარისხის იქნება, 35-40 ლარად ვყიდი. უფრო დაბალი ხარისხისა უფრო დაბალ ფასად იყიდება, მაგრამ ჩემი ნაკვეთიდან წელიწადში დაახლოებით 4.500 ლარს ვიღებ შემოსავალს. ეს კი მაღალმთიანი აჭარის ოჯახისთვის ძალიან მცირე შემოსავლად არ ითვლება.

- ვინ ყიდულობდა მას? მწეველთა ნაწილი მხოლოდ ბოლო დროს, სიგარეტის გაძვირების გამო გადავიდა თამბაქოზე...

- მოდი, ვთქვათ სიმართლე, - მეთამბაქოეებმა მშვენივრად ვიცით, ხარისხიანი თამბაქო რომელია. უამრავჯერ დაგვიშლია ყველაზე ძვირი სიგარეტიც კი მისი და ჩვენი თამბაქოს ხარისხის შესადარებლად. გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მაღალფასიან სიგარეტშიც კი კარგი არაფერი აღმოგვიჩენია. ეს არც არის გასაკვირი - მწეველები მილიონობით ტონა სიგარეტს მოიხმარენ და ვინ დადებს თავს, რომ ამ რაოდენობის მასა ნამდვილი თამბაქო იქნება! ეს ყოველთვის ასე იყო. ამიტომაც, აჭარაში მოქმედი თამბაქოს ქარხნები სამხრეთ ამერიკიდან ექსპორტირებულ თამბაქოს აჭარულ თამბაქოს ურევდნენ გასაკეთილშობილებლად. თანაც, ძალიან მცირე ნაწილს. შემდეგ კი აჭარული თამბაქოთი გაკეთილშობილებული სიგარეტი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყიდებოდა.

თამბაქოს ქარხნებმა დიდი როლი ითამაშეს გლეხობის მატერიალურად გაძლიერებაში. განსაკუთრებით იმ დროს, როცა გასული საუკუნის 70-იან წლებში აჭარელ გლეხობას საკუთარ საკარმიდამოში თამბაქოს მოყვანის საშუალება მიეცა. მანამდე თამბაქო მხოლოდ საკოლმეურნეო საკუთრება იყო და როგორც კი გლეხის ნაკვეთში გადმოინაცვლა, აჭარის მეთამბაქოე სოფლები ფეხზე დადგნენ. სწორედ მაშინ აშენდა ორსართულიანი სახლების უმეტესობა. ხალხმა ავტომობილებიც შეიძინა. როცა ქარხნები განადგურდა, კუსტარულ წარმოებაზე გადავედით. არ არის ადვილი საქმე, მაგრამ შემოსავალს გვაძლევს.

- კულტურათა უმეტესობას ნაკვეთმონაცვლეობა სჭირდება, რისი საშუალებაც მცირემიწიანობის გამო არ გაქვთ. თამბაქოს რომელი ჯიშები მოგყავთ, ამ პირობებს რომ შეეგუა? - წარმოიდგინეთ, ისევ იმავე ჯიშის თამბაქო მოგვყავს, რომელიც ოდითგანვე მოგვყავდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, ეს როგორ ხდებაო, მაგრამ ასეა, შრომით ყველაფერი შეიძლება. საუკეთესო ძირიდან ვიღებთ თესლს, რასაც გლეხური სელექცია ეწოდება. არც თამბაქო მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, - ყველანაირ ნაკვეთზე იზრდება, ოღონდაც მზიანი იყოს. ამიტომაც აჭარის იმ სოფლებში, სადაც მეტი მზეა, თამბაქოც უკეთესია. ისე კი, თამბაქო თებერვალში ითესება სათბურში, ვისაც სათბური არა აქვს, უბრალოდ ცელოფანის ქვეშ თესავს, რათა ყინვებს გაუძლოს და აღმოცენდეს. ჩითილი უკვე აპრილში გადაგვაქვს ღია გრუნტში და მაისის ბოლოდან ვიწყებთ ფოთლების კრეფას. პირველ რიგში ქვედა ფოთლები იტეხება. სექტემბრის ბოლოს უკვე მთელი მოსავალი აღებულია, რომელსაც გასაშრობად ვკიდებთ. მერე კი ვჭრით და ბაზარზე გაგვაქვს.

- თამბაქოს ხელით ჭრით? - ბოლო დრომდე ხელით ვჭრიდით, რაც ძნელი იყო, თუმცა ადგილობრივი ნიჭიერი ხალხის გამოგონების წყალობით უკვე თამბაქოს საჭრელი კუსტარული დაზგები გვაქვს, რამაც შრომა გაგვიადვილა. შესაძლოა თამბაქოს გასაღებაც გაგვიადვილდეს და ბაზარში თავად არც მოგვიხდეს თამბაქოს გასაყიდად სიარული, - უკვე გამოჩნდა ხალხი, ვინც ჩვენი თამბაქო შეისყიდა და დედაქალაქში წაიღო გასაყიდად.

- ამას მივესალმები, თორემ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქში არა თამბაქო, არამედ გაურკვეველი წარმოშობის ბალახი იყიდება. - გამოსავალი ის არის, რომ თამბაქოს მრეწველობის აღორძინებას სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება, რაიმე მექანიზმი გამონახოს. ეს, ჯერ ერთი, მეთამბაქოე ხალხს გამართავს წელში. გარდა ამისა, მწეველების უმეტესობასაც უშველის. ქართული თამბაქოს ერთადერთი ნაკლი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ის არის, რომ ჩვენი თამბაქო უფრო მძაფრია. მაგრამ თუკი თამბაქოს ქარხნები იმუშავებს, სიმძაფრესაც ეშველება და ჩვენც.