"თუ ასე გაგრძელდა, კოოპერატივში მთელი სოფელი შემოვა"
01-04-2019
"თუ ასე გაგრძელდა, კოოპერატივში მთელი სოფელი შემოვა"
"როცა ქარხანა ამუშავდება, სოფლის­ მოსახლეობისგან კიდევ 30% რძეს მივიღებ. რძის ჩაბარების მსურველი ბევრია"

ცაგერის სოფელ ლასურიაშში 500-იდან 80 კომლი შემორჩა და შემცირებასთან ერთად, თითქოს თავის გადარჩენის შიში გაჩნდა. მაგრამ ტყუილად როდი ამბობენ, სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო, - აქაურების გონიერებამ და შრომისმოყვარეობამ ლასურიაში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სოფლად აქცია. სოფელში მონასტერი აშენდა, მამა ცოტნე თავადაც რამდენიმე სულ პირუტყვს უვლიდა და სოფლის მცხოვრებთ კოოპერატივის შექმნა შესთავაზა. ლასურიაშელებმა ამ შემოთავაზებაზე მოძღვარს პირდაპირ
ვერაფერი უთხრეს, თორემ გულში ეღიმებოდათ...

სოფლის რამდენიმე მცხოვრები კოოპერატივზე ბოლოს მაინც ჩაფიქრდა. ფიზიკა-მათემატიკოსმა ნუნუ ახვლედიანმა­ მისი სიკეთე გამოითვალა და პირველი პროექტიც დაწერა, რათა კოოპერატივს დაფინანსება მიეღო. ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და განვითარებადი კოოპერატივი საქართველოში.

- მოძღვარი რომ თვითონ არ ყოფილიყო გამრჯე მეურნე და წარმატების
რწმენა არ ჰქონოდა, ალბათ, კოოპერატივის შექმნასაც არავის შესთავაზებდა. მან ბევრი რამ იცოდა რძის ტექნოლოგიაზეც. საუკეთესო სპეციალისტი ზურაბ პაპიაშვილიც ხშირად ჩამოდიოდა ლასურიაშის მონასტერში - ასე რომ, სანამ კოოპერატივზე გვეტყოდა, მოძღვარს ყველაფერი კარგად ჰქონდა აწონილ-დაწონილი. თუმცა პირველად ამ საკითხს მაინც ისეთი­ ეჭვით შევხედეთ, თითქოს რაღაც არარეალ­ურზე ლაპარაკობდა. ზოგს გულში ეცინებოდა, ზოგი გაიძახოდა, რის კოოპერატივი, რაც ჩვენს მამა-პაპას არ ჰქონია და არ გამოადგა, არც ჩვენ გამოგვადგებაო,­ მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე ხელაღებით უარყოფა არ შეიძლებოდა. ანდა კოოპერატივის შექმნით ვის რა უშავდებოდა? ყველა ძველებურად გააგრძელებდა­ საქმიანობას - თავის პირუტყვს ყველა სახლში მოწველიდა, ყველსაც თვითონვე ამოიყვანდნენ და ცაგერის ბაზარში გასაყიდადაც ისევ ჩაიტანდნენ. ეგ არის, რომ ამას კოოპერატივის სახელით გააკეთებდნენ და ეს იმიტომ იყო უკეთესი, რომ კლიენტის ნდობას უფრო ადვილად მოიპოვებდნენ. ეს რომ გავაცნობიერეთ, 14 ოჯახი დათანხმდა­ კოოპე­რატივის შექმნას. ახლა მათ თავიანთი პროდუქტის გასაღება არ უჭირთ, რაც ქართული ბაზრის მთავარი პრობლემაა. ამასთან, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კოოპერ­ატივი ვართ. პირველი თანადაფინანსების­ პროექტში გავიმარჯვეთ... ახლა ჩვენი კოოპერატივი უკვე ოთხ მნიშვნელოვან პროექტშია გამარჯვებული, რომელთა წყალობით 412 ჰექტარი საძოვრები 25-წლიანი იჯარით ავიღეთ, მოვიგეთ საუკეთესო ტრაქტორი, რომელსაც თან გუთანი, ფარცხი თუ სათიბელა მოჰყვა, მივიღეთ რძის შესაგროვებელი ავტომობილი და მაცივარი პროდუქციის გადასაზიდად. რაც მთავარია, ავაშენეთ 500 ლიტრი რძის წარმადობის­ ქარხანა, რომელსაც ორიოდე თვეში ავამ­უშავებთ. ტექნოლოგიის უკეთ შესწავლისთვის წარმომადგენელი გავგზავნეთ გორში, ტექნოლოგ ზურაბ პაპიაშვილთან. ჩვენს წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

- როგორც ვიცი, ქართული ჯიშის­ ძროხებთან ერთად, კოოპერატივში ქართული­ ღორიც მოაშენეთ.
- ღორის დაავადებამ ისეთი დაზრდ­ილი ღორები დაგვიხოცა, ლამის ვტირო­დით,­ მიწაში რომ ვყრიდით, თუმცა, გული მაინც არ გავიტეხე. ფერმაში მყავდა გარეული ჯიშის ტახები, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს და ახლა უკვე მათ ვამრავლებ. ჯერჯერობით არც ერთ გოჭს აღარ ვყიდით. რაც შეეხება ძროხებს, ქართული ჯიშის გვყავს. თავიდან კოოპერატივში 160 სულამდე გავაერთიანეთ, ახლა უკვე 200 სულზე მეტი გვყავს, თანაც უკვე არა მხოლოდ ადგილობრივი - ახალციხიდან ჩვენებური წაბლა ჯიში ჩამოვიყვანეთ და ვამრავლებთ. წაბლა საუკეთესო ქართული ჯიშია, რომელიც ჩვენთან უკვე 15 ლიტრამდე იწველის.

- თუმცა, დღეს საინტერესო უფრო ევროპული ჯიშებია, რომლებიც 40 ლიტრზე მეტსაც იწველიან.
- კოოპერატივში სასინჯად შვიცის ჯიშის ორი ძროხა ჩამოვიყვანეთ და მათ ნაწველს რომ ჩვენი ძროხების ნაწველი დავუდგი გვერდით, შეხედვითაც კი მივხვდი, რომ ჩვენებური რძე უფრო სქელი და ცხიმიანი იყო, მათი რძე კი წყალივით თხელი. ეს ყველსაც დაეტყო - უცხოური ჯიშის 20 ლიტრი რძით იმდენივე ყველი ამოვიყვანეთ, რამდენიც ჩვენ­ებური 10 ლიტრით, თანაც - გემოთიც განსხვავებული, არადა, ზამთარში ერთნაირ საკვებს ვაჭმევთ. ლასურიაშელები ძველთაგანვე რძის მწარმოებელი ხალხი ვართ და აბა, ყველის ამოყვანა რას შეგ­ვეშლება! გარდა ამისა, ზაფხულში ჩვენი­ სოფელი პირუტყვს ალპურ საძოვრებზე აძოვებდა და იმიტომაც ყოველთვის განსხვავდებოდა ჩვენი ყველი... კოოპერატივის ყველა წევრი ცდილობს, საუკეთესო­ რძის ნაწარმი გვქონდეს. გაყიდვაც გაადვილდა... ძალიან დაგვეხმარა თბილისის ყველის ფესტივალებიც - ჩვენი დამზადებული ნარევი ყველი, რომელშიც მცენარეული პროდუქტიც არის, თბილისის ორმა რესტორანმა ისე მოიწონა, რომ შეგვიკვეთა კიდეც. მართალია, ქარხნის ამუშავებამდე ვერ ვაწვდით, მაგრამ­ ესეც ძალიან მალე იქნება.

- ამდენი პროდუქციისთვის კოოპერატივს­ რძე საკმარისი ექნება?
- როცა ქარხანა ამუშავდება, სოფლის­ მოსახლეობისგან კიდევ 30% რძეს მივიღებ. რძის ჩაბარების მსურველი ბევრია. მათგან, ვინც კოოპერატივის წევრობაზე თავიდან მტკიცე უარი განაცხადა, ბევრმა­ გვთხოვა, კოოპერატივში ხომ მიმიღებთო.­ როგორ არ მივიღებთ! ხანდახან მგონია,­ ჩვენი წარმატება ასე თუ გაგრძელდა, კოოპერატივში მთელი სოფელი შემოვა და მით უკეთესი! ეს ნიშნავს, რომ სოფ­ლის სიკეთეს კიდევ ბევრი დაინახავს. ამ ბოლო დროს ისედაც ვამჩნევ ტენდენციას, რომ ხალხმა სოფლისკენ პირი იბრუნა, რაც ძალიან მიხარია.
MAIA
19 აპრილი 2019 10:47
ეგრე რა.... აბა, წუწუნი და პარაზიტობა რა შედეგის მომტანია?! გაიხარეთ!
ომარი
10 აპრილი 2019 16:22
სიკეთე და გამარჯვება მშრომელ ხალხს.
გიორგი
08 აპრილი 2019 16:27
ასეა კოლექტივებზე კარგი სოფლისთვის ჯერ კაცს არ მოუგონია. (გენია იყო სტალინი) ზოგიერთები ამას (ვინც კიდევ ვერ მიმხვდარა) გვიან მიხვდებაიან.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?