"ჩვენს თუთიყუშს "ბეჰემოთი" ჰქვია" - კვირის პალიტრა

"ჩვენს თუთიყუშს "ბეჰემოთი" ჰქვია"

"დაფნა" ჩემმა შვილმა დაარქვა. სახელი მაშინ შეურჩია, როცა ნახა ფილმი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". ჩვენი დაფნა 5 წლის გაუთხოვარი ქალბატონია და ახლა უნდა გავათხოვოთ"

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია. შინ საოცარი მიკროკლიმატი აქვს შექმნილი და ოჯახის წევრებთან ერთად გულმოდგინედ ზრუნავს პუდელ "დაფნაზე", თუთიყუშ "ბეჰემოთზე", თევზ "ჟოზეფინასა" და ულამაზეს მცენარეებზე. ფიქრობს, ამ ყველაფერს დაამატოს ქამელეონიც. მისი ოცნებაა საკუთარი სახლი, რომ იქ საოცრებები შექმნას. მასთან მობინადრე ფაუნისა და ფლორის თითოეული წარმომადგენელი ოჯახის საპატიო წევრია.

- მამა მეღვინე იყო. რუსეთშიც უწევდა სამსახური და ჩვენც ძველით ახალ წელს მოსკოვში ვხვდებოდით. ყოველი ჩასვლისას ჯერ ცნობილ ცხოველთა ბაზრობაზე მივდიოდით, შემდეგ - ზოოპარკში. შეუძლებელი იყო, რამე არ გვეყიდა, ჩამოვიყვანდით და ვუვლიდით. მამამ "ბუნების პრინცესა" დამარქვა. თითოეულ ხეზე მესაუბრებოდა, მეუბნებოდა, რომ ყოველი მცენარე დილას ჩვენთან ერთად იღვიძებს...

მამა საგარეჯოში, მანავის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ხანდახან მეც იქ ვიყავი, მაგრამ სოფელში ყოფნა რომ მბეზრდებოდა, ვეუბნებოდი, თბილისში წამიყვანე-მეთქი. ერთხელაც მკითხა, რა გინდაო? ზღაპარი მინდა-მეთქი. ორ კვირაში მომიწყო ზღაპარი - ვოლიერები ააშენა, სადაც მყავდა ორი შველი, "ჯერო" და "მარდი", ფარშავანგი "კოკო" და ბევრი ფრინველი. იმ წელს მოსკოვიდან იაპონური ჯუჯა მამლებიც ჩამოვიყვანეთ. უბედნიერესი ვიყავი. იმ დროიდან სულ მქონდა ცხოველებთან ურთიერთობა. მიწასთან მუშაობაც მსიამოვნებს. აღარ მინდა კორპუსი. ჩემი ოცნებაა კერძო სახლი და ვიცი, რასაც მოვაწყობდი იქ. ცხოველები ისე მიყვარს, ქუჩიდანაც წამომიყვანია ძაღლები. ერთხელ ციყვი მოვიყვანე შინ.

- ეს როგორ მოხდა?

- სულ პაწაწინა იყო, თურმე ფუღუროდან ჩამოვარდნილა. კაცი ბაზართან იდგა და ხელში ეჭირა. წამოვიყვანე და პიპეტით გავზარდე. დიდხანს ჩვენი ოჯახის წევრი იყო. ცხოველები თუ ფრინველები, ვინც კი ჩვენთან მოდის, მაშინვე ოჯახის წევრები ხდებიან. ასეა ახლაც - გვყავს პუდელი. "დაფნა" ჩემმა შვილმა დაარქვა. სახელი მაშინ შეურჩია, როცა ნახა ფილმი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". ჩვენი დაფნა 5 წლის გაუთხოვარი ქალბატონია და ახლა უნდა გავათხოვოთ.

- როგორ უვლით პუდელს? - ჩემი შვილი უცხოეთში კინოლოგ-ფსიქოლოგებს უკავშირდება... მყოლია ავღანური მწევარი, სეტერი, მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი. ქუჩიდან ორჯერ მეტისი მოვიყვანე. თითოეულს თავის ფსიქოლოგია აქვს და ინდივიდუალური მოვლა სჭირდება. პირველად მყავს პუდელი, რომელსაც ბეწვი არ სცვივა. მსუნაგია, ტკბილეული ძალიან უყვარს. 2017 წელს ეს ჯიში წლის ჭკვიან ძაღლად დასახელდა. როცა ძაღლი მოგყავთ, გასათვალისწინებელია ბინის ფართობი. კარგად უნდა დაფიქრდეთ, შეგიძლიათ თუ არა მოვლა. არ შეიძლება კავკასიური ნაგაზი ოროთახიან ბინაში გყავდეს.

- ძალიან ლამაზი თევზი გყავთ. - "ჟოზეფინა" ახლა შემობრძანდა ჩვენს ოჯახში. ჩემმა შვილმა ესეც იმ ფილმიდან დაარქვა, ოღონდ, რადგან მამალია, ჟოზეს ვეძახით. ამ ჯიშს "პეტუშოკი" ჰქვია, უადვილესი მოსავლელია. ჰაერის ცირკულაცია არ სჭირდება, ოთახის ტემპერატურის წყალშია, ოღონდ ორ დღეში ერთხელ უნდა გამოუცვალო. ძალიან მინდოდა თევზები - საოცრად ამშვიდებს ნერვულ სისტემას. უნდა ვიცოდეთ, რამდენი საკვები ჩავუყაროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პურის ჩაყრა. ახლა პატარა ქამელეონი გვინდა. თუ დავადგინეთ, საკვები სად ვუშოვოთ, მოვიყვანთ.

- თუთიყუშს რა ჰქვია? - ჩვენს თუთიყუშს "ბეჰემოთი" ჰქვია. როცა "დაფნა" ყეფს, ეძახის: "გაჩერდი!" "დაფნას" მასთან მისვლა უნდა, მაგრამ ეს ულვაშებზე ჰკბენს. თუთიყუშს ჩვეულებრივად ვუვლით - გალიის გაწმენდა, ახალი საჭმლის მიწოდება და წყალი. ასევე სჭირდება მინერალები და ქვა, რომელზეც ნისკარტს აილესავს. სალათის ფოთლებსაც ვაჭმევ. ვიტამინებს იღებს. გამიგია, ფრთები უნდა დააჭრათ, რომ ახლოს გყავდეთო, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ - თუ მისი ახლოს ყოფნა გინდათ, მხარზე დაისვით. თუ პაწაწინას მოიყვანთ, ძალიან თბილად მოექეცით. არც ცხოველსა და არც ფრინველს არ უყვარს ხმაური. ტკბილი სიტყვით შეგიძლიათ გვერდით იყოლიოთ და შეიჩვიოთ.

- უამრავი ლამაზი მცენარეც გაქვთ... - ზამთარშიც კი ჩვენთან ზაფხული და კარგი ამინდია. ჩემები ხუმრობენ, ჯუნგლებში ვართო. მთებში, ტყეში მიყვარს სიარული. შეიძლება იქ ვნახო რაღაც მცენარე და პოლიეთილენის პარკით ფესვიანად წამოვიღო. მომაქვს კლდის ყვავილები. ვრგავ არასტანდარტულად, მაგალითად, ძველ ფეხსაცმელში თავის მიწიან-ქვიანად. როგორც ცხოველებსა და ფრინველებს ვესაუბრები, ასევე ვესაუბრები მცენარეებსაც. ჩემთვის ძვირფასი საჩუქარია, ლამაზ ქოთნის მცენარეს თუ მჩუქნიან.

ჩინური ახალი წლისთვის ნაძვი მაჩუქეს, ბუთქუნა. ასეც ჰქვია და არის "გოგო", რომელიც უკვე სიმაღლეშიც წამოიზარდა. ლიმონის ხეც მაჩუქეს. ვუვლი და ნაყოფიც მოისხა. წლეულს აყვავდა და სახლში საოცარი სურნელი იდგა. მალე მექნება ბენჯამინის ფიკუსი. მაქვს ფულის ხე, ლამაზი ფორმა აქვს. მაქვს დოლარის ხეც და ისეთ დადებით ემოციას იწვევს, ვერ აღგიწერთ. პატარძალაც მაქვს, საშობაო ყვავილი. ისიც ნაჩუქარია, ისევ წითელია და საოცარი "გოგოა". მაქვს ფინიკის პალმა, ძალიან ლამაზი ვარდები. ყველას დასახელება არ ვიცი, მაგრამ ჩემებურ სახელებს ვარქმევ.

ჩემი რჩევა იქნება, გქონდეთ ქოთნის ლამაზი მცენარეები, რადგან ისინი ძალიან გვილამაზებს სახლს, კარგ განწყობას გვიქმნის და გარემოსაც უხდება. მცენარის მოტანის წინაც უნდა შევისწავლოთ, რა უყვარს და რა სჭირდება. ზოგს ადგილი არ მოსწონს, რასაც თვითონ გაგრძნობინებს. ცოტა მცენარეა, რომელსაც უყვარს პირდაპირი მცხუნვარე მზე. ამიტომ, აქაოდა, გაზაფხული მოვიდაო, ყველაფერი აივანზე არ გაიტანოთ. "წყლის დალევას" ვეძახი ასეთ პროცედურას - ვიღებთ ნებისმიერი დიამეტრის ჯამს, რომელშიც ქოთანი კარგად ჩავა, ჩავასხამთ წყალს და მცენარე თვითონ მიიღებს იმდენ ტენს, რამდენიც სჭირდება. დროდადრო მიწას გახალისება სჭირდება, დრენაჟი. ზღვიდან რომ მოვდივარ, მომაქვს პატარა კენჭები და სადრენაჟედ ვიყენებ, მიწა დაპრესილი რომ არ იყოს, წყალმა იმოძრაოს, თორემ ფესვები ცოდოა. ფოთლები მტვრისგან უნდა გავწმინდოთ და ველაპარაკოთ. მჯერა, რომ ამის მერე უკეთ განეწყობიან ჩვენ მიმართ. ესენიც ყველაფერს გრძნობენ და მერე უკან გვიბრუნებენ. მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ გვერდით არიან და გარემოს გვილამაზებენ.