"სასწაულმოქმედი" ნიორი - კვირის პალიტრა

"სასწაულმოქმედი" ნიორი

რატომ უნდა მივიღოთ 2-3 კბილი ნიორი დღეში

ნიორზე, როგორც სამკურნალო მცენარეზე, სხვადასხვა შეხედულება არსებობს: ზოგნი განადიდებენ, მეორენი კი ხსენებაზეც უკმაყოფილებას გამოხატავენ. არადა, მეცნიერული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნიორი ერთ-ერთი საუკეთესოა ამგვარ მცენარეთა შორის. დადგენილია, რომ ვინც დღის განმავლობაში ნივრის რამდენიმე კბილს ჭამს, იშვიათად ავადმყოფობს. საკვირველი არაფერია, ვინაიდან ნიორი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმს იცავს მიკრობებისგან, ათეროსკლეროზის განვითარებისგან და სხვ.

ხალხი უძველესი დროიდან აფასებს ნიორს როგორც საუკეთესო მცენარეს. ძველი ბერძენი მეომრები ნიორს იყენებდნენ სასწაულმოქმედ ავგაროზებად ისრების, ხმლებისა და გველებისგან თავდასაცავად. რუსებიც აფასებდნენ ნიორს, როგორც გველებისგან თავდაცვის საშუალებას და "Змейная трава"-ს უწოდებდნენ. ნიორს მიიჩნევდნენ მრავალი დაავადების წამლადაც.

XVI საუკუნეში ნივრით შავ ჭირს მკურნალობდნენ. თანამედროვე მეცნიერებაში დამტკიცებულია ნივრის გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის უნარი. პროფესორ ბ. პ. ტოკინის ცდებით დადგინდა, რომ ნივრის ეთერზეთების ზემოქმედებით იხოცებიან არა მარტო მიკრობები, არამედ უმარტივესი, ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც.

ნივრის სამშობლო სამხრეთი აზიაა. კაცობრიობისთვის ნიორი ცნობილი იყო უკვე 4 ათასზე მეტი წლის წინ, როგორც საკვები და სამკურნალწამლო მცენარე.

ქიმიური შემადგენლობა. მედიცინაში გამოიყენება ნივრის ბოლქვი, რომელიც შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ეთერზეთებს, ჩ, B1, B2, B6 ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავას, ფიტონციდებს, ფიტოსტერინებს, ცხიმოვან მჟავებს, გლიკოზიდებს, ინულინს, კალიუმის მარილებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს და სხვ.

გამოყენება. ნიორი ხასიათდება ძლიერი ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთებსაწინააღმდეგო აქტიურობით, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უშლის ქოლესტერინის ბიოსინთეზს, ხელს უწყობს ნახველის გათხელებას, ტონუსს ანიჭებს სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსს, აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, აფართოებს გულის კუნთებს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და ანელებს მის რიტმს; აღაგზნებს სასქესო ორგანოების ჯირკვლებს, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას; ორგანიზმს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აქვეითებს არტერიულ წნევას, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მუცლის ჭიების გამომდევნი თვისება, აგრეთვე ანტისკლეროზული და კიბოს საწინააღმდეგო უნარი.

მედიცინაში ნიორი და მისი პრეპარატები გამოიყენება: ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, გრიპის, ქრონიკული ბრონქიტების, პნევმონიის (ფილტვების ანთების), ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური, ონკოლოგიური და სხვა მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

ძველი ბერძნები ნიორს უწოდებდნენ "მყრალ ვარდს" და სიამოვნებით ჭამდნენ, რადგან სწამდათ ნივრის შეუდარებელი თვისებების მამაკაცობის უნარის შენარჩუნებაში. ბევრ უძველეს რუსულ გამოცემაში მოიხსენიება ნიორი როგორც უძლიერესი დამცველი საშუალება ქოლერის, მუცლის ტიფისა და ეპიზოოტიის (ცხოველთა გადამდები სენის, ეპიდემიის) დროს.

ძველ ქართულ ხელნაწერებში მოხსენიებულია ნიორი, ნივრის ქერქი, თესლი, ყვავილი, წყალი. ნიორი იხმარებოდა როგორც სამკურნალო საშუალება თავის ტკივილის, საერთო სისუსტისა და სხვა მრავალი დაავადების დროს: "ვინც ნიორი ჭამოს, სიმსივნისათვის მწოედ კარგი არის" ("იადიგარ დაუდი"). "თუ ვინმემ წურბელი ჩანთქას, ნიორსა ჭამდეს და გამრთელდეს" (ზაზა ფანასკერტელი).

თავზე მღიერის გაჩენის დროს: "მკურნალნი დასჭრიდიან ადგილას მას, რომელსაც დაჰხდის თმა, და მერმე დაუზილონ იგი ნიორითა და ძმრითა და მარილითა" (ზაზა ფანასკერტელი).

ნიორს ხმარობდნენ კბილის ტკივილის დროს: "ნიორი დანაყოს და შეჭმულსა შემოსდვას, კარგი არის" ("წიგნი სააქიმოი"). გარდა ამისა, ხმარობდნენ ნივრიან გამოსავლებს.

ნიორი კუჭ-ნაწლავის დაავადების დროსაც იხმარებოდა. ბუასილს ნივრის მალამოთი წამლობდნენ. თუმცა მიაჩნდათ, რომ ნივრის გადაჭარბებით ჭამა იწვევდა "სევდას და ზაფრის მორევას, თავის ტკივილს და სხვა ავადმყოფურ მოვლენებს".

სასუნთქი ორგანოების მწვავე დაავადებების დროს სასარგებლოა ახალგახეხილი ნივრის ინჰალაცია 10-12 წუთის განმავლობაში. ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს საუკეთესო შედეგს იძლევა დღის განმავლობაში, საჭმელთან ერთად, 2-3 კბილი ნივრის ჭამა.

ნივრის მშრალი ექსტრაქტი შედის პრეპარატ "ალოქოლში" (მასში შედის აგრეთვე ცხოველების მშრალი ნაღველი, გააქტიურებული ნახშირი და ჭინჭრის ექსტრაქტი), რომელიც გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს.

ნიორი არცთუ იშვიათად შედის რთული მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაში, მაგალითად, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალო ნაკრებში: ნივრის კბილი - 15 გ, წითელი კუნელის ნაყოფი - 15 გ, კუნელის ყვავილები - 15 გ, შვიტა - 15 გ, ფითრის ღერო და ფოთლები - 15 გ, ფარსმანდუკი - 20 გ, არნიკას ყვავილი - 5 გ.

1 სუფრის კოვზ ნაკრებს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ წყლიან აბაზანაზე 15 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაყოვნოთ 7-8 საათი თავდახურულ ჭურჭელში (აბაზანიდან ამოღებულ ემალის ქვაბში), გავწუროთ და მივიღოთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე 4-ჯერ დღეში.

ნიორი ფართოდ გამოიყენება გარეგან საშუალებადაც: ახალგახეხილი, ღორის ქონში ან კარაქში შერეული ნიორი კარგია გაცივებით გამოწვეული დაავადებების, ყივანახველისა და ბრონქული ასთმის დროს მკერდში შესაზელად. იყენებენ მეჭეჭების მოსაცილებლად, კოჟრების დასარბილებლად, მკურნალობენ ეგზემას, სირსველსა და კანის სხვა დაავადებებს. ნივრის წვენს უზელენ თავის კანში თმის ცვენის შესაჩერებლად.

დადგენილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი რაოდენობით იყენებენ ნიორს საკვებად, გაცილებით ნაკლებია სიმსივნური დაავადებების შემთხვევები. არსებობს აგრეთვე ტუჩის კიბოსწინა ფორმების მკურნალობის შედეგებიც: ნივრის ფაფისებური მასის 8-12-საათიანი აპლიკაციებით 194 ავადმყოფიდან 166 გამოჯანმრთელდა 1 პროცედურის შედეგად, 9 შემთხვევა უშედეგოდ დამთავრდა.

ნიორი შროშანისებრთა ოჯახიდან

ნიორი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მოჰყავთ ერთწლოვანი კულტურის სახით. მისი ფოთლები ფართო, ხაზურია, წვეტიანი, ბრტყელი, მუქი მწვანე, ზედა მხარეს ოდნავ ღარისებრი.

ნივრის ბოლქვი მოთავსებულია ნიადაგში, ეს მისი პროდუქციული ნაწილია. ის ფორმით მომრგვალო ან გაგრძელებულია, შეიცავს 2-დან 70-მდე ბარტყს, ანუ "კბილს". თითოეული კბილი დაფარულია თხელი, მშრალი აპკით. ყველა კბილი დაფარულია 2-8 მშრალი აპკით, ანუ ქერქლით. კბილი თავისი აპკით, რომლის შიგნითაც წვნიანი რბილობია, თავისი ფუძით მიმაგრებულია ძირაკზე. ძირაკი წარმოადგენს ბოლქვის ძლიერ დამოკლებულ ღეროს, იგი გახევებულია და "ქუსლს" უწოდებენ. კბილებს აქვს ცხარე გემო და ნივრისთვის დამახასიათებელი მძაფრი, სპეციფიკური სუნი, რაც გამოწვეულია ეთერზეთით. რაც უფრო მომწიფებულია ბოლქვი, მით უფრო მეტ ეთერზეთს შეიცავს.

ნივრის ზოგიერთი ჯიში ივითარებს საყვავილე ღეროს, რომელიც ბოლოვდება საყვავილე ქოლგით, ანუ ყვავილედით. ყვავილედში, ნაცვლად თესლისა, ვითარდება 6-დან 86-მდე საჰაერო ბოლქვაკები, რომელთა შორის სხედან მოთეთრო ან მოვარდისფრო, უმეტესად განუვითარებელი ყვავილები, რომლებიც თესლს არ ივითარებენ.

ნივრის გამრავლება ყვავილედში განვითარებული 0,5-1,0-გრამიანი ბოლქვაკებითაც შეიძლება, მაგრამ გამრავლების ამ წესს პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან პირველ წელს ივითარებს მცირე ზომის, 10-20 გ წონის ბოლქვებს, რომელთაც დაკბილვა არ ახასიათებს.

წამლების მომზადება-მიღება

1. მუცლის ბრტყელი ჭიების (სოლიტერის) გამოსადევნად:

1 ბოლქვი ნივრის კბილები გახეხეთ, შეურიეთ 1 კვერცხის გული და ერთი პეშვი უმი ფეტვის მარცვალი, ყველაფერი გასრისეთ, გააზავეთ რძით თხიერ მდგომარეობამდე და მიიღეთ ერთ მიღებაზე.

2. მახვილა ჭიებთან საბრძოლველად კეთდება გამწმენდი ოყნა:

ნივრის 5-8 მსხვილი კბილის ნახარში კარგად გავსრისოთ 0,5 თბილ რძეში.

3. ნივრის მალამო მეჭეჭებისა და კოჟრების მოსაცილებლად:

კარგად დანაყილი ნიორი და ღორის გადამდნარი ქონი თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს და ხრახნიანი მინის ქილით შევინახოთ მაცივარში.

4. ნივრის სპირტიანი ნაყენი:

ნივრის 5 საშუალო ზომის თავი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავაქუცმაცოთ. დავასხათ 0,5 არაყი, დავდგათ 7-8 დღე-ღამე თავდახშული მინის ჭურჭლით თბილ და ბნელ ადგილას. მივიღოთ 1/2 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

ნივრისა და პიტნის ნაყენი

40 გ დაქუცმაცებულ ნიორს დავასხათ 100 გ არაყი, დავაყენოთ 12-15 დღე, შემდეგ დავამატოთ პიტნის ნაყენი გემოვნების მიხედვით და მივიღოთ 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მკურნალობის კურსი - 1 თვე. 7-10 დღის შესვენების შემდეგ შეიძლება გამეორება.

ნივრისა და მისი პრეპარატების გამოყენება ეკრძალებათ: ფეხმძიმეებს, თირკმლითა და ეპილეფსიით დაავადებულებს.

ნიკოლოზ იოსებიძე