"კონსტანტინეს კოლხური კოშკის ბაღში ყოფნა უხაროდა... აქ იდგა ნუშის ხე, რომლის ქვეშ მან თავისი მეუღლე დაკრძალა"
"კონსტანტინეს კოლხური კოშკის ბაღში ყოფნა უხაროდა... აქ იდგა ნუშის ხე, რომლის ქვეშ მან თავისი მეუღლე დაკრძალა"
ჩოხაში გამოწყობილი ორი კონსტანტინე გამსახურდიას - უფროსისა და უმცროსის ცნობილი ფოტო კოლხური კოშკის ბაღში 1965 წელს არის გადაღებული. სწორედ ეს ფოტო გახდა კოკო გამსახურდიასთან ჩვენი საუბრის მიზეზიც. ბატონ კონსტანტინეს მწერლის ბაღის გახსენება ვთხოვეთ, რომელიც კლასიკოსს გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი. იქ არაერთ მებაღეს უმუშავია და უამრავი მცენარე ხარობდა. ბაღში ბინადრობდნენ ცხოველებიც. დიდი მწერლის დროინდელ ბაღს დღეს ძველი სახე აღარ შერჩენია.

კოკო გამსახურდია: - კოლხური კოშკის მშენებლობა 1947 წელს დაიწყო,­ როცა მწერლის ბოლო
დიდი ნაწარმოების, მონუმენტური "დავით აღმაშენებლის" პირველი და მეორე წიგნი გამოსული იყო. შემდეგ მშენებლობა შეწყდა, რადგან მწერალს ხელისუფლებასთან სიტუაცია დაეძაბა. სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან კრიტიკული ვითარება შეიქმნა, კინაღამ ახალი "მეგრელთა­ საქმე" დაიწყეს...

თავიდან კოლხურ კოშკს გერმანელი და იაპონელი ტყვეები აშენებდნენ. შეწყვეტის შემდეგ კარგა ხანს, 50-იანი
წლების შუა პერიოდამდე, არაფერი გაკეთებულა და 1955-1956 წლებში განახლდა, როცა საბოლოოდ ხრუშჩოვისეულმა, შედარებით ლიბერალურმა ხაზმა გაიმარჯვა. დაიწყო ე.წ. ოტტეპელი, ანუ დათბობა. იმ პერიოდში ირაკლი აბაშიძის მხარდაჭერით და თანადგომით პირველად გამოიცა მწერლის რვატომეული, კოლხური კოშკიც ნელ-ნელა აშენდა და იქ ბაღის გაშენებასაც ჩაეყარა საფუძველი.

დაირგო ყურძნის ჯიშები, მათ შორის - კოლხურიც. ეზოს წინა მხარეს ადესა იყო. მე ადესის მოყვარული არ ვარ (მიმაჩნია, რომ ის საერთოდ არ არის ყურძენი). უკანა ეზოში უკეთესი ჯიშები გახლდათ. ბაღი სულ, ალბათ, 800-დან 1000 კვმ-მდე იქნებოდა. იქაურობას წინ პატარა ეზო ჰქონდა...
ბაღის შესასვლელში ორი მუხა კონსტანტინე გამსახურდიამ თვითონ დარგო. იდგა ბლის ხეები, ხურმა... კოლხური კოშკი ვარაზისხევს გადაჰყურებს. ადგილს რთული რელიეფი აქვს. ადრე კლდე ცოცავდა და ბეტონის სარტყელში ჩასვეს. გადასახედზე ალვის ხეების რიგი იყო, ოღონდ ისინი დროთა განმავლობაში ქარმა და რელიეფის ცვლილებამ წააქცია.

- კიდევ რა ხეები იდგა ბაღში?
- ნუშის ხე, რომლის ქვეშ კონსტანტინემ თავისი მეუღლე, მირანდა ფალავანდიშვილი დაკრძალა. ულამაზესი ხე იყო, განსაკუთრებით - გაზაფხულზე, როცა ყვაოდა, სულ თეთრად გადაიპენტებოდა და მის ძირში მიწა ჩამოცვენილი ნუშის ყვავილებით იყო მოფენილი. ის ხე დღეს აღარ არის... მეუღლის გარდაცვალებამ მწერალს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ფაქტობრივად, კალამი ხელიდან გაუვარდა.

- ცნობილია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ბაღში შვლებიც ჰყავდა.
- ეს იყო დედალ-მამალი შვლის ნუკრი. ერთ-ერთი მათგანი ჩანს ფილმში­ "დიდოსტატის მარჯვენა". ლალი ბადურაშვილი ხშირად დადიოდა კოლხურ კოშკში, რათა ის ნუკრი მისჩვეოდა - ფილმის კადრებში ნუკრი შორენასთან ერთად უნდა გამოჩენილიყო. ბაღში ერთი ხანობა ნამდვილი კავკასიური ჯიხვიც ბინადრობდა, რომელიც როცა მოიწყენდა, სიმაღლეზე ასვლა სჭირდებოდა, ამიტომ ხშირად გარაჟის სახურავზე ახტებოდა ხოლმე. ერთი პერიოდი ვოლიერში დათვიც კი იყო... მწერალს სახლში იადონები­ და სანადიროდ გაწვრთნილი მიმინოც ჰყავდა. ძაღლები კონსტანტინეს ყოველთვის უყვარდა - კავკასიური ნაგაზი, მონადირე და შოტლანდიური ნაგაზი ე.წ. კოლი ჰყავდა.

- რაც შეეხება მებაღეებს, ვინ მუშაობდა იქ?
- ადრე იყო ძალიან უცნაური და სასაცილო კაცი, თეთრგვარდიელი ელიზარი, რომელსაც უკრაინულ-რუსული ფესვები ჰქონდა და ჩემს მეხსიერებას შემორჩა, როგორც დიდი ოინბაზი. იგონებდა რაღაც ამბებს, ხუმრობდა, ცეკვავდა, ასრულებდა რუსულ სიმღერებს, "ჩასტუშკებს" და ბაღს უვლიდა... ის რომ გარდაიცვალა, მოვიდა ახალი მებაღე არსენ ბარაბაძე, რომელიც ასევე ძალიან კარგად უვლიდა იქაურობას.



- ბაღის მოვლაში მწერალიც მონაწილეობდა?
- ბარი აეღო და დაბარვა დაეწყო, არ მახსოვს, მაგრამ ბაღში გამოდიოდა და იქ ყოფნა უხაროდა... მისი "მთვარის მოტაცების" პერსონაჟი თარაშ ემხვარიც ხომ ოცნებობდა ისეთ ბაღზე, სადაც ყურძენს მოიყვანდა. ვენახი უნდოდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ მოესწრება, ენგურში იხრჩობა... სამაგიეროდ, მწერალმა სხვა ნაწარმოებში, "ვაზის ყვავილობაში" კორინთელი და მისი უმშვენიერესი მეუღლე სუსქია დაასახლა ალაზნის მართლაც სამოთხისებურ ველზე, სადაც ვენახი გააშენებინა. ის იდილია, რასაც თარაში თავის მეუღლე თამართან ერთად ვერ მოესწრო, პროფესორ კორინთელს მისცა - თითქოს­ სამართლიანობა აღადგინა.

- ბაღში მოყვანილი ყურძნით ღვინო იწურებოდა?
- რა თქმა უნდა. იყო მარანიც. დღეს იქ ჩემი ძმა ცოტნე წურავს ღვინოს, ოღონდ ყურძნის ყიდვა უწევს, რადგან კოლხური კოშკის ძველი ვენახი აღარ არსებობს. მამაჩემმა იქაური ყურძნის ბოლო მოსავალი 1987 წელს დაწურა და ის ღვინო ჩემს ქორწილში დაილია.


მახსოვს, იყო ძალიან ლამაზი ვარდები. მოგვიანებით ჩვენ აღმოვაჩინეთ ზვიად გამსახურდიას ახალგაზრდობის დროინდელი ლექსი, რომელიც სწორედ იმ ვარდებზეა დაწერილი. ბაღს უხდებოდა ხის ფანჩატური, თუმცა შემდეგ, როგორც გითხარით, იქაურობას კლდის მასა მოსწყდა და ისიც წაიღო...

იდგა წიწვოვანი ხეებიც, იყო არცთუ დიდი აუზი. კოლხური კოშკი არ არის განსაკუთრებულად დიდი. მაშინ საბჭოთა კავშირში უფრო დიდი სახლები და ეზოები, ვიდრე კოლხური კოშკი იყო, კომბინატორებს ჰქონდათ.

- მებაღეობას ხომ არ მისდევთ?
- პატარა ბაღი მაქვს ივერთუბანში, სადაც ოთხი ძირი ალადასტურია და ორი ძირიც მეგრული ჯიში - ჩე ხარდანი (თეთრი ხარდანი). ვენახი მხოლოდ ორი წლისაა. ჯერჯერობით ეს არის, მაგრამ მაქვს რაღაც გეგმებიც. გაჩერებას არ ვაპირებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!