"ჩემ ირგვლივ მყოფთ ყოველთვის ვეუბნები, არასდროს ჩაიქნიონ ხელი ოცნებაზე" - კვირის პალიტრა

"ჩემ ირგვლივ მყოფთ ყოველთვის ვეუბნები, არასდროს ჩაიქნიონ ხელი ოცნებაზე"

"ჩემ ირგვლივ მყოფთ ყოველთვის ვეუბნები, არასდროს ჩაიქნიონ ხელი ოცნებაზე", - ამბობს ეკატერინე ჯოლოგუა, ჟურნალისტი, რომელმაც საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია. 2008 წელს ის თექის ოსტატს ინტერვიუს ჩასაწერად შეხვდა და ახალი პროფესიით დაინტერესებაც აქედან დაიწყო. დროთა განმავლობაში ეკატერინემ ათამდე ხელობა შეისწავლა და დღეს უკვე ცნობილი ბრენდის მფლობელია.

ქარგვაში გათენებული ღამეები

- 2008 წელს ზუგდიდის ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში ხელფასი 80 ლარი მქონდა და მუდმივად ძიებაში ვიყავი. ერთხელ სვანეთში გახლდით დასასვენებლად და იქ ვნახე, ბავშვები როგორ თელავდნენ თექას, მანამდე ინტერვიუც მქონდა ჩაწერილი თექის ოსტატთან. ზუგდიდში რომ დავბრუნდი, სასწავლო ვიდეოების დახმარებით პირველი ნამუშევრები შევქმენი. თავიდან თექაზე მუშაობა დავიწყე, ფეხსაცმელები, ჩანთები, ქუდები და სხვა აქსესუარები გავაკეთე. მალე დედაჩემის რჩევა გავითვალისწინე და ნამუშევრებზე ნაქარგებიც დავამატე. როცა ბევრი შეკვეთა გვქონდა, მე და დედა ღამეებს ვათენებდით. ამ დროს გამოჩნდა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში". პროექტის ეტაპები გავიარე და საქარგავი დანადგარი დაგვიფინანსეს.

ერთი წლის შემდეგ პროექტიდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, კიდევ რა მჭირდებოდა ბიზნესის უკეთ წარმართვისთვის. სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა ჩვენი საიტიც. მოგვიანებით თიხის, ტყავისა და ხის დეტალების გამოყენებაც დავიწყე.

თექა მაინც სეზონური პროდუქტია, შემოდგომასა და ზამთარშია აქტუალური. ამიტომ ისეთი ნამუშევრებიც მჭირდებოდა, რომლებსაც სხვა სეზონებზეც გავყიდდი. ასე დავიწყე თემატური ფოტოალბომების დამზადება და ავეჯის განახლებაზე მუშაობა, ამისათვის ფრანგულ ტექნიკას - დეკუპაჟს ვიყენებ: საღებავებით, წებოთი და ხელსახოცებით ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს ნახატია. ეს ტექნიკაც ვიდეოებით შევისწავლე.

ქართული ხელსაქმის ვიდეოგაკვეთილები

"იუთუბზე" თითქმის ყველა ენაზეა სხვადასხვა ხელსაქმის ვიდეოგაკვეთილები, მაგრამ არა ქართულად, ამიტომ გადავწყვიტე, რასაც გავაკეთებდი, ვიდეოგაკვეთილებად დამედო. არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობ და მასტერკლასებს ვაწყობ. მინდა გამოვყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მაგალითად, თექაზე მუშაობა ძალიან მოსახერხებელია ეტლით მოსარგებლეთათვის, მარტივად ითვისებენ და რამდენიმესთან ერთად მიმუშავია კიდეც.

ჩემი ნამუშევრების ძირითადი პროდუქტი მატყლია. საქართველოში ერთადერთ ადამიანს აქვს მატყლის გადამმუშავებელი საწარმო თუშეთში, ალვანში. ჩემი ყველაზე დიდი პროექტისთვის მასალა მას შევუკვეთე. 600 კგ-მდე მატყლი დავამუშავეთ და უზარმაზარი თექის ფირფიტები დავამზადეთ. ქარგვისას აბრეშუმის ძაფებს ვიყენებთ, საეკლესიო ნივთებისთვის - ოქროს ძაფებს. საღებავებიც ნატურალური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ჩვენს ქვეყანას თექაზე მუშაობის მდიდარი ტრადიცია აქვს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგია დავამატეთ. საიტზე ვნახე თექის დანადგარი, ინჟინრებს კუსტარულად დავამზადებინე და უკვე ნებისმიერი ზომის პროდუქტს ვქმნი. ბოლო წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურისტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ვორკშოპები მოვაწყო. ამისთვის დიდი ფართობი მჭირდება და ახალი სახელოსნოს მშენებლობა დავიწყე, ვფიქრობ ექსპორტზეც. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი დამიკავშირდა, რომელიც თექის ოსტატია და თანამშრომლობა შემომთავაზა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მეგრული ყაბალახების ხაზის შექმნაა, რასაც აუცილებლად შევასხამ ხორცს...