"დუტა ყოველ დილით ყვავილების ფოთლებს ითვლიდა..."
"დუტა ყოველ დილით ყვავილების ფოთლებს ითვლიდა..."
მარინა ნაცვლიშვილი მხატვარია, კარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო მიმართულებით უმუშავია, ბოლო დროს კი საიუველირო ხელოვნებით დაინტერესდა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სფეროში გადატრიალება მოახდინა­. მისი მასიური ნაკეთობანი, სამკაულები - ყელსაბამი, ბეჭედი, სამაჯური, საყურე - მნახველს აოცებს.

მარინა მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლეა. მსახიობისა და მხატვრის ოჯახში ფლორისა და ფაუნის ფასი კარგად იციან და მათზე ზრუნვა ოჯახის წევრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა. ქალბატონ მარინას შინ ვეწვიეთ და ჩვენი საუბარიც მათ ლამაზ გარემოში გაიმართა.

-
ძალიან მიყვარს მცენარეები და ახლა რომ ვფიქრობ, რატომ და საიდან, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ბებიისგან მომდევს. მცხეთაში ბებია-ბაბუის აგარაკი მაქვს. იქ ბებიას საოცარი ბაღი ჰქონდა, რომელსაც დილიდან საღამომდე უვლიდა, ჰყავდა პატარა თევზებიც... ნამდვილი სამოთხე იყო. დღეს იქაურობა ისეთი
აღარ არის, რადგან ბებიის გარდაცვალების მერე ერთხანს აღარ ჩავდიოდით. მოკლედ, მცენარეების საოცარი სიყვარული ბავშვობიდან, ბებიისგან და მცხეთიდან მოდის. დედასაც ძალიან უყვარდა ყვავილები და შინ ბევრი ქოთნის მცენარე ჰქონდა. მაშინ დიდად არ ვყოფილვარ ყვავილებით დაინტერესებული, მაგრამ თანდათან გადავირიე. მახსოვს, თავიდან ვარდებმა გამიტაცა. ერთხანს მცხეთაში სულ ვარდები მქონდა, მერე სხვადასხვა მცენარეც დავამატე. ახლა ფოთლოვნები უფრო მომწონს.

- თბილისში თქვენი სახლი - აივანი, სამზარეულო, ოთახები - სავსეა სხვადასხვანაირი მცენარით. არის ისეთები, რომლებიც­ გრუნტშიც მშვენივრად ხარობს და არის ქოთნის ყვავილებიც...
- თითოეულ მათგანს სიცოცხლე შემოაქვს ჩვენს სახლში - სადაც მცენარე და სიმწვანეა, მომწონს და მიხარია. თავისებური აზრი აქვს ამ სილამაზეზე ზრუნვას, რადგან სწორედ მას მოაქვს სიმწვანე. "გაიხარე და გამახარე" - პატრიარქის ეს ლოცვა, რომელიც მცენარეზეა, ძალიან მომწონს და, რა თქმა უნდა, მათზე ზრუნვაც მსიამოვნებს.



- ლიმონი, გვიმრა, ჩინური თუ ჩვეულებრივი ვარდი, ორქიდეა, ბალბა, პალმა და კიდევ არაერთი მცენარე გაქვთ განსხვავებული კლიმატისა და გარემოსი. ალბათ, მოვლის წესებიც განსხვავდება. არ გიჭირთ?
- რომ გითხრათ, მიჭირს-მეთქი, ასე არ არის. გრუნტის მცენარეებს ნიადაგს ყოველ გაზაფხულზე არ ვუცვლი, თუმცა, რომლებსაც მიწა უკვე დატკეპნილი აქვთ და მასში მცენარე ვეღარ სუნთქავს, ვუცვლი. სხვებს ზედაპირს ვუფხვიერებ, ვახალისებ, ოღონდ წყალს იმავე დღეს არ ვუსხამ... ჩინური ვარდი გადავჭერი, რომ უკეთ იყვავილოს...

- ოჯახის სხვა წევრები თუ ზრუნავენ მცენარეებზე?
- დუტას ერთხანს გატაცება ჰქონდა - ყოველ დილით ყვავილების ფოთლებს ითვლიდა... მე ჩემს ყვავილებს ველაპარაკები, თუ რამე არ მომწონს, ვემუქრები კიდეც, ახლა მოგჭრი-მეთქი და მუქარა ჭრის... უმეტესად მაინც ვეფერები. ასე მგონია, ისინი გოგონები არიან... მაქვს ერთადერთი კაქტუსი, ბათუმიდან ჩამოიტანა დუტამ. მომწონს კაქტუსები, ოღონდ დიდები. ამიტომ ამ კაქტუსსზე დიდად არ ვზრუნავ... ცოტა მცენარე არა მაქვს, თუმცა სიამოვნებით მექნებოდა ამაზე მეტიც. ეტყობა, ეს კორპუსში ბინადრობის ნაკლია, გინდა, რომ ბუნებაში იყო, მეტი სიცოცხლე იგრძნო, მეტი სიმწვანისგან სიამოვნება მიიღო. არ მიყვარს მოჭრილი მცენარე, ჩემთვის მცენარე საჩუქრად ქოთნით მოაქვთ. ამით დიდ სიხარულს მანიჭებენ.

- მცხეთის აგარაკი ახლა რა მდგომარეობაშია?
- ის მამაჩემის მამის, ანუ ჩემი ბაბუის დაპროექტებულია, არქიტექტორი იყო, მეორე ბაბუამ კი ააშენა. სულ იქ ვიყავით, დიდი ოჯახი იყო, დედაჩემის დედმამიშვილები ექვსნი იყვნენ და იმ სახლში, რომელიც არც ისე დიდია, ყველა ვეტეოდით. ახლა იმდენი არა ვართ და ვეღარ ვეტევით... იქაურობას ძალიან პოზიტიური აურა აქვს. ადრეც ყველას უყვარდა იქ ყოფნა და ახლაც უყვართ.

ბაღში ყველანაირი ხეხილი გვქონდა, ახლა ამით აღარ გამოირჩევა. დრო გავიდა, ხეებიც დაბერდა და ვცდილობთ ახალი ჩავყაროთ. მცენარეები იქაც მაქვს.



- მებაღე გყავთ?
- გვყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში იქაურობა ბევრად უკეთესი იყო, მოვლილი, ამწვანებული... მისი წყალობით ისეთი ბოსტანი გვქონდა, იმდენი პამიდორი და კიტრი მოდიოდა, სტუმრებს ვურიგებდი. მასავით ვეღარავინ უვლის. ყველაფერს გულით აკეთებდა და ეტყობოდა კიდეც ბაღს.

- დუტა მუშაობს აგარაკზე?
- კი, უყვარს მუშაობა. შარშან სცადა ბოსტნეულის ჩითილების დარგვა, დარგო კიდეც და ყურადღებას არ აკლებდა. ლამაზი კვლები ჰქონდა გაკეთებული, გვქონდა პამიდორი, ყველანაირი ბოსტნეული, მაგრამ ეზოში შემოვიდნენ ძაღლები, რომლებმაც თურმე ლეკვები დაყარეს და იქაურობა განადგურდა. ეს რომ დუტამ ნახა, კინაღამ გადაირია... ისე, მცენარეებს კატებიც აფუჭებენ. სხვათა შორის, იმ პერიოდში, როცა დუტა ქოთნის მცენარეების ფოთლებს ითვლიდა და ყოველ დილას ათვალიერებდა, კატა გვყავდა. ერთ მშვენიერ დღეს იმ კატამ ყველა ყვავილს დაუარა და გადაგლიჯა. დუტა გაგიჟდა, იმ დღესვე წაიყვანა ის კატა და ვიღაცას აჩუქა.

- იშვიათი ძაღლიც გყავთ.
- ლაბრადორი, რომელიც 12 წელიწადს იყო ჩვენთან, სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს მოგვიკვდა. საშინელ დღეში ვიყავით და მერე ნათიამ, იმ ლაბრადორის ვეტერინარმა, იმ დღესვე მოგვიყვანა ეს თეთრი პეკინესი (ამ ჯიშისა თეთრი იშვიათია). იმხელა იყო, ხელისგულზე ეტეოდა. ახლა 7 თვის არის. პატარა ძაღლს თუ შევეგუებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თურმე პატარაც საოცრება ყოფილა. გამორჩეული ხასიათი აქვს. აღზრდას არ ემორჩილება. ესენი იმპერატორის ძაღლები იყვნენ და ძალიან განებივრებული არიან, არ იწვრთნებიან, თუმცა ყველაფერი ესმით. სამჯერ უნდა უთხრა და თუ არ უნდა, არ გააკეთებს. ნამდვილი ფილოსოფოსია... მოკლედ, ფლორისა და ფაუნის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ძალიან გვიყვარს ეს სამყარო და გარემოზე, როგორც შეგვიძლია, ვზრუნავთ.

- რას ვეტყვით მათ, ვისაც ჰგონია, რომ ერთი ქოთნის მცენარის მოვლაც არ შეუძლია?
- ვერავის ვერაფერს დააძალებ. მცენარეების მოვლა ადამიანს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს. ვინც ამ საქმეს არ ეკარება, ნამდვილად დიდ სიამოვნებას იკლებს. ისე, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს სიმწვანეზე ზრუნვა?

- თქვენი შვილები უვლიან მცენარეებს?
- გოგო აქტიურად არის ამ საქმეში ჩაფლული. საფრანგეთში სწავლობს და იქ მუდმივად ყიდულობს ყვავილებს, უვლის. მგონი, ჩემგან გადაეცა სიმწვანის სიყვარული. აშენებს, რგავს, დადის ბოტანიკურ ბაღებში. ცხოველებზე ხომ ბავშვობიდან გიჟდება.

- მცხეთაშიც და აქაც, თბილისში, შინ უამრავი ძველი ნივთი საკუთარი ხელით გაქვთ მოხატული. მგონი, ესეც გარემოზე ზრუნვაა.
- ძველ რაღაცებს შეცვლა, განახლება უნდა, სახეს იცვლის და გახალისებს. სიმართლე გითხრათ, მოხატვა მაშინ დავიწყე, როცა საქმე არ მქონდა და ეს მოვძებნე. მერე გამიტაცა და აგარაკზე, მცხეთაში, ყველაფერი აკრილის საღებავებით გადავხატე. ყვავილები ყველა ნამუშევარში მაქვს, თუნდაც ჩემს საიუველირო ნამუშევრებში. ფლორა და ფაუნა ჩემთან ყველგანაა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები