ბულგარული წიწაკის ექვსი სათბური ერთი ქართული ოჯახისთვის
15-04-2019
ბულგარული წიწაკის ექვსი სათბური ერთი ქართული ოჯახისთვის
მართალია, ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა გემოთი განსხვავდება მწარე წიწაკისგან, მაგრამ ის მაინც წიწაკის ძალიან სასარგებლო ჯიშია არომატით, სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინების უნიკალური კრებულით. ამ თვისებებს ისიც ახლავს, რომ ბულგარული წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია - საშუალოდ ერთი ნაყოფი მხოლოდ 28 კკალორიას შეიცავს. საოჯახო კულინარიაში თითქმის არ არსებობს პროდუქტი, რომელშიც ბულგარულ წიწაკას არ იყენებენ. მისი მოვლა-მოყვანა არცთუ მცირე ხარჯს მოითხოვს, მაგრამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაყიდვა არ ჭირს. ამის მიუხედავად, ლაგოდეხის სოფელ საქობაოს მკვიდრ
ამირან ტალიაშვილის თქმით, თუკი სახელმწიფო სოფელს ბაზრის შესწავლასა და სათბურების კეთილმოწყობაში არ დაეხმარება, ამ კულტურის სათბურებში მოყვანა შესაძლოა შეწყდეს.

- დედაქალაქს სათბურის კიტრითა და ნერგებით ლამის მთლიანად ლაგოდეხი აკმაყოფილებს. ბულგარული წიწაკის სათბურში მოყვანის ინიციატორებიც ლაგოდეხელები ვიყავით. მისი მოძიება თავად ბაზარმა გვიკარნახა - სათბურის კიტრისგან შემოსავალი
მასობრივად წარმოების გამო იმდენად შემცირდა, რომ ბულგარული წიწაკის მოყვანაზე გადავედით, მით უფრო, რომ საუკეთესო მოსავლიანი ჯიშების თესლი შემოვიდა და პირველ ხანებში შრომაც ძალიან დაგვიფასდა. დღეს ბულგარული წიწაკის ექვსი სათბური მაქვს.

სათბურებში მხოლოდ ჩვენი ოჯახი ვშრომობთ, სანამ მოსავლის დაკრეფაზე არ მიდგება საქმე, ამ დროს კი დაქირავებული მუშახელის გარეშე ვერაფერს ვხდები. სეზონზე, ზაფხულში, იმდენი მოსავალი მოდის, ერთი ოჯახი ვერ დაკრეფს.

- ეს მძიმე შრომა იქნება, თქვენი ექვსი სათბური იმხელაა, რომ გასაკვირია, ერთი ოჯახი როგორ უვლით.
- არც დათესვისას და არც ჩითილების დარგვისას თითქმის არავის ვიხმარებ, მხოლოდ მე ვშრომობ. რაც შეეხება სარეველებს, მოსავალი დამულჩული მაქვს, მულჩი კი სარეველას ამოსვლას ხელს უშლის. წვეთოვანისა და მულჩის გარეშე, რომელიც საჭირო ტენიანობას უნარჩუნებს ნიადაგს, ნამდვილად ვერაფერს გავხდებოდი.

- სახელმწიფო დაფინანსების გარეშე გააკეთეთ?
- სახელმწიფოსგან არაფერი ამიღია. წიწაკის თესლს იანვარში ვთესავ და მარტში­ ჩითილები სათბურში გადამაქვს. ამის შემდეგ ნერგებს დიდი ყურადღება სჭირდება, მავნებელი სათბურსაც უტევს. ჭრაქია თუ ბუგრი, მაშინვე უნდა მოსპო, თორემ თუ სათბურს მოედო, მთელ მოსავალს გაანადგურებს. ბულგარულ წიწაკას ოქტომბრამდე აქვს კრეფის პერიოდი და ამ დროს სულ მეთვალყურეობა სჭირდება, რომ დაავადება არ შეეპაროს. მაისის შუა რიცხვებიდან მოსავლის აღება იწყება.­ სანამ ბულგარული წიწაკა ბაზარზე სრული მოსავლით არ შევა, ფასი კარგი აქვს და ჩვენი შრომის ანაზღაურებასაც ვიღებთ,­ მერე კი, როცა ფასი კატასტროფულად ეცემა, ცოტა არ იყოს, შრომის სტიმული მეკარგება.



- ამ დროს მოსავლის აღების შემდეგ, ალბათ, რეალიზაციის პრობლემა დგება.
- სათბურებში დაახლოებით 6000 ჩითილი მაქვს, თანაც უხვმოსავლიანი, თითო ძირზე დაახლოებით კილოგრამ-ნახევარი წიწაკა მოდის სეზონის დასასრულამდე. ასე რომ, 20 ტონამდე მოსავალს მაინც ვიღებ. არც რეალიზაცია ჭირს დიდი მოთხოვნის გამო - თავადაც გამიკვირდა, როცა გავიგე, ბულგარულ წიწაკაში თურმე ყველა ვიტამინი და 100-მდე სასარგებლო ნივთიერება­ შედის. ბევრად მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი ან მოცხარი. კლიენტიც ადგილზე მოგვდის, მაგრამ როცა სეზონი გადის და ფასი ეცემა, კლიენტი გეუბნება, მთელი ტომარა, 20 კილოგრამი, ლარ-ნახევრად მომეციო! შეიძლება კიდეც მისცე, რომ მოსავალი არ დაგილპეს! ვერავინ წარმოიდგენს, რა ძნელია, როცა ამხელა შრომას დახარჯავ და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ჩემი 20 ტონა მოსავლით ოჯახს ვერაფერს ვმატებ, ეგ არის, პურის ფული გვაქვს.

- ამ პრობლემის მოგვარებას ბაზრის მოთხოვნის გათვლა სჭირდება, იგივე პრობლემაა სხვა კულტურების გასაღებაშიც. მაგალითად, შარშან ნიორი უხვმოსავლიანობის­ გამო ჩაწვა, ხალხს ისე დაულპა, რომ ვერ გაყიდეს.
- ბაზრის მოთხოვნები გლეხმა საიდან უნდა გათვალოს? ასეთ რაღაცებში მაინც უნდა ეხმარებოდეს სოფელს სახელმწიფო, რომ პროდუქტი უხვმოსავლიანობის გამო არ ჩაწვეს! შარშან 400 კილოგრამი საუკეთესო ნიორი მეც გადავყარე (ნაკვეთმონაცვლეობის გამო დამჭირდა ნივრის დათესვა). ნიორს შენახვა განსაკუთრებული პირობების გამო არ უხერხდება, ნაგვის მანქანებსაც არ მიაქვთ, დაგვაჯარიმებენო!­ ამიტომ ნაცნობებს ვეხვეწებოდი, არ გინდათ,­ წაიღეთ-მეთქი. ტომრობით ვატანდი. ეს სოფლისთვის კატასტროფაა. ვისაც სოფელი ერთხელ მაინც უნახავს, იცის, რამხელა შრომასა და ხარჯს ვწევთ, რომ მოსავლამდე მივიდეთ. მაგალითად, მე სანამ მოსავალს დავკრეფ, მანამდე 8.000 ლარი მაქვს დახარჯული, რათა სათბურებში წიწაკა მოსავლამდე მივიყვანო. ყოველწლიურად აქედან 2.000 ლარი მხოლოდ სათბურის გადასახურავ ცელოფანზე მეხარჯება, დანარჩენი­ - თესლსა და სხვადასხვა ოპერაციაზე.

- ზოგიერთი ორგანიზაცია, მათ შორის, უცხოურიც, ეხმარება მოსახლეობას კაპიტალური სათბურების აგებაში.
- ასე რომ იყოს, რაღა გვიჭირდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები ფინანსდებიან. სახელმწიფო კაპიტალური სათბურის აგებაში მცირედით მაინც რომ გვეხმარებოდეს, მაშინ ქართული ბულგარული წიწაკის მოსავალი ზამთარშიც გვექნებოდა და ფასიც, ასე თუ ისე, მისაღები იქნებოდა. ჩვენ კი ძალიან სუსტი სასათბურე კონსტრუქციები გვაქვს, ყოველი შემოდგომის დასასრულს სათბურს ძველი ცელოფანი თუ არ გადავხადეთ, რომ მოთოვოს, თოვლი ცელოფანს დააწვება და სიმძიმე სათბურის კონსტრუქციებს დაგრეხს. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის სათბურები აღარ გვექნება და ვერც ოჯახს ვარჩენთ. თავის რჩენის გარდა, ადამიანი უსაქმურად ხომ ვერ იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?