ქართველებს სატრაბახო "ხილის ჭაჭებიც" გვქონია
22-04-2019
ქართველებს სატრაბახო "ხილის ჭაჭებიც" გვქონია
საქართველოში ალკოჰოლურ და სპირტიან სასმელებს უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ. თითქმის ყველა კუთხეში იცოდნენ არყის გამოხდის საიდუმლო, ნედლეულად ყველაზე ხშირად ხილს იყენებდნენ. არყის გამოხდის ძველი ქართული ტექნოლოგიის დიდი ნაწილი დაკარგულია, ან თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის. ჩვენი­ დღევანდელი სტუმარი ღვინის ტექნოლოგი, დისტილერი გიორგი თევზაძეა, რომელმაც ძველი ქართული ტრადიცია და თანამედროვე ტექნიკის მიღწევები ერთმანეთთან შეაჯერა და შედეგიც მიიღო. ბატონი გიორგი თავის საწარმოში რამდენიმე დასახელების არაყს ხდის და საექსპორტოდ ევროპაშიც გააქვს.

- სპირტიანი სასმელებით როგორ
დაინტერესდით?

- ღვინის ტექნოლოგი ვარ და, ბუნებრივია, ჩემი ინტერესის სფეროში სპირტიანი სასმელები ყოველთვის შედიოდა. ამას ჩვენი ტრადიციაც დაემატა: საქართველოში ალკოჰოლური სასმელების დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ასეთ სასმელებს ჩვენი წინაპრები სხვადასხვა ხილისა და კენკრისგან აყენებდნენ. სპირტიანი სასმელების დ
ამზადება თავდაპირველად საეკლესიო პირებისა და მეაფთიაქეების საქმე იყო. ისინი ამ ტიპის სასმელებს სამკურნალოდ იყენებდნენ.

- როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი პროფესია გახდებოდა?
- ალბათ, ყველაფერი ჩემი ბავშვობიდან დაიწყო: იმერეთში, სოფელ ილემში, ბებიასთან ყოველ ზაფხულს მიწევდა ჩასვლა. ასევე ხშირად ჩავდიოდი გურიაში, სოფელ ბახვში, ჩემი ბავშვობის მეგობრებთან. დღემდე მახსოვს ხეჭეჭურის, გულაბისა და პანტა მსხლის განუმეორებელი გემო, ველური ჟოლოსა და ვაშლის, შინდისა და ხურმის ჩირის არომატი. სოფელ ილემში ბებიის მამა - მელიტონ ჭანკოტაძე ძლიერი მეურნეობის პატრონი, ძალიან მშრომელი კაცი ყოფილა. ის ღვინოსაც აყენებდა და სხვადასხვა სახეობის ველური ხილისგან მამაპაპურ არაყს ხდიდა. პროფესიული საქმიანობა მეღვინეობასა და მაღალალკოჰოლური სასმელების სფეროში 1996 წელს დავიწყე, მაშინ ახალდაფუძნებული კომპანიის გუნდთან ერთად დიდი გამოცდილება მივიღე. ამას უცხოური გამოცდილებაც მოჰყვა.

- რომელ ქვეყნებში იყავით?
- 1997-1998 წლებში აშშ-ში, კალიფორნიის შტატში. დაინტერესებული კაცი ბევრ რამეს ისწავლის იქაურ ღვინის მარნებსა და სხვადასხვა ბრენდის დისტილერიაში. 2001 წელს მაგისტრატურის პროგრამა გავიარე დევისის უნივერსიტეტში და 2002 წლამდე ერთ-ერთ ცნობილ დისტილერიაში ვმუშაობდი. ამ საწარმოს მეპატრონე წარმოშობით გერმანელი იყო. ის საუკეთესო მსხლის ბრენდის ხდიდა, რომელიც ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ. ვაგემოვნებდი და ვეცნობოდი მათ ჟოლოსა და ვაშლის ბრენდებს და სწორედ იქ ყოფნისას გავიაზრე, რამდენად მრავალფეროვანი და არომატული სასმელების დამზადება შეიძლება საქართველოში. განა სწორედ ჩვენს სოფლებსა და დაბებში არ დაიბადა ქართული ხილისგან არომატული არყის გამოხდის იდეა?

- რა მოხდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
- სასმელების მწარმოებელი კომპანიის დაფუძნება გადავწყვიტე, მიზნად დავისახე ჩვენი სპირტიანი სასმელების გამოხდის უნიკალური ტრადიციის აღდგენა. ამისთვის გულდასმით შევისწავლე, საქართველოს რომელ რეგიონში რომელი ნედლეულისგან ამზადებდნენ ხილ-კენკროვან სასმელებს. ამავე დროს, იმ უცხოური კომპანიების კოორდინატებიც მოვიძიე, რომლებიც სპირტის სახდელ აპარატურას აწარმოებენ გერმანია-ავსტრიაში. გავეცანი უძველეს ქართულ რეცეპტებსა და ქართველი მეწარმეების ცხოვრებას, რომლებიც ხილის სპირტიან სასმელებს ამზადებდნენ. XIX საუკუნეში გამორჩეულები იყვნენ გიორგი ბოლქვაძე, დავით სარაჯიშვილი, ძმები მიხეილ და დიმიტრი სესიაშვილები, ძმები ავაქ და ბაღდასარ სოგომონოვები, კაცია ადანაია, ძმები ზუბალაშვილები, ივანე ფორაქიშვილი, იაკობ მარი და სხვა ღირსეული მამულიშვილები...



- როგორ დააფუძნეთ კომპანია?
- კომპანია 2013 წელს ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად დავაფუძნე. ავსტრიიდან ჩამოვიტანეთ სპირტის სახდელი ქვაბი, ხილის გადამმუშავებელი დანადგარები და საქმიანობა სოფელ საგურამოში, მცხეთის რაიონში დავიწყეთ, თავდაპირველად 600 კილოგრამი ხილით. არყის გამოსახდელად ხუთი სახეობის ხილს ვიყენებდით - ხურმას, ვაშლს, ქლიავს, ფეიხოასა და კომშს. ამ ხილისგან საოცრად არომატული არაყი მზადდება.

- როგორი ხარისხის ხილს იყენებთ არყის გამოსახდელად?
- საგულდაგულოდ ვარჩევთ ჯანსაღ, მწიფე და დაუზიანებელ ხილს. გარდა კულტურული ჯიშებისა, ველური ხილიც გამოგვაქვს ტყეებიდან: პანტა, მაჟალო, ხურმა, ტყემალი და სხვ. ჩვენი ძირითადი პროდუქტი ხილის არაყია. ჭაჭის გამოსახდელად უნიკალურ ყურძნის ჯიშებს ვიყენებთ: ალექსანდროულს, მუჯურეთულს, მუსკატსა და რქაწითელს. სპირტიანი სასმელების დამზადებისას ხილის ჯიშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ეს განსაზღვრავს პროდუქციის ხარისხს, არომატსა და გემოს.

- მხოლოდ საუკეთესო ხილს იყენებთ?
- დიახ. როცა საქმიანობა დავიწყეთ, ხშირად გვიწევდა კარდაკარ სიარული სასურველი ხილის შესაგროვებლად. უკვე დადუღებულ ხილს მცირე ზომის სპილენძის ქვაბში ვხდიდით, რომელიც პატარა იყო ჩვენი წარმოებისთვის. ამიტომ სხვა გამომხდელ კომპანიას შევეკედლეთ მთელი 2 წლის განმავლობაში. დასაწყისში ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ თანდათან მოვძლიერდით და 2017 წელს უკვე შევძელით მძლავრი სახდელი აპარატურის გერმანიიდან ჩამოტანა.

- როგორია ამჟამად თქვენი ასორტიმენტი?
- ამჟამად პროდუქციას ვაწარმოებთ კომშის, ფეიხოას, პანტის, ხურმის, მაჟალოსა და გოგრისგან, ვამზადებთ ჭაჭასა და ალუბლის ლიქიორს. ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხის მთავარი მიზეზი უგემრიელესი წყალია, რომელიც ბულაჩაურის არხიდან მოგვეწოდება. პროდუქციას სწორედ ამ დარბილებული წყლით ვაზავებთ.

- როგორც ვიცი, ნაწარმი ექსპორტზეც­ გაგაქვთ.
- ჩვენი პირველი ექსპორტი 2015 წელს გავიდა პოლონეთსა და გერმანიაში, 2018 წელს კი უკრაინასა და ბალტიისპირეთში (ვილნიუსში) საექსპორტოდ გავიტანეთ არყის 3 სახეობა: ხურმის, ფეიხოასა და კომშის. მთავარი ის არის, რომ ყოველწლიურად ვაწყობთ ექსპერიმენტებს და დღემდე განვაგრძობთ ხილისა და კენკროვანებისგან ახალი, მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენებას. ამისთვის ჩვენს ტრადიციას და თანამედროვე მიღწევებს ერთმანეთთან ვაჯერებთ. საწარმოც თანდათან ფართოვდება, ვშრომობთ და ერთ წერტილზე გაყინვას არ ვაპირებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?