"საქართველოდან ენდროთი დატვირთული ქარავნები გადიოდა" - კვირის პალიტრა

"საქართველოდან ენდროთი დატვირთული ქარავნები გადიოდა"

ენდრო - მისტიკური, სამკურნალო და რაც მთავარია, საღვთო მცენარეა, რომელიც ადამიანებს, სხვა სარგებლიანობასთან ერთად, აღდგომის კვერცხის შეღებვითაც აბედნიერებს. ენდრო დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული და 55-მდე სახეობას ითვლის. საქართველოში ენდროს სულ ორი სახეობაა, რომელთა ფესვები შესაღებ ნივთიერებას შეიცავს.

აღდგომის მოახლოებისას ენდრო ლამის ყველა ჩვენგანის ოჯახში "შემოდის". ამ მცენარისა და მისი მნიშვნელობის შესახებ დაწვრილებით საუბარი ბიოლოგ ნატა ჭანტურიას ვთხოვეთ.

ნატა ჭანტურია: - ენდრო რომ ადამიანის ძველი "ნაცნობია", ამას ისიც მოწმობს, რომ ჯერ კიდევ რომაელები, ეგვიპტელები და ბერძნები ამზადებდნენ მისგან საღებავებს ქსოვილების შესაღებად. იყო დრო, როცა ამ მცენარის მოვლა-მოშენება შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა და მას ჩვენი წინაპრებიც მისდევდნენ. ჩვენი ენდრო, აღმოსავლეთის ქვეყნების ენდროსთან შედარებით, მაღალხარისხიანი იყო, ამიტომაც ამ ქვეყნებში საქართველოდან ენდროთი დატვირთული აქლემების ქარავნები გადიოდა. მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ საქართველოში ენდროს პლანტაციების გაშენება განიზრახა, გეგმაც იყო შედგენილი სიღნაღში, თელავში, აწყურსა და ზემო იმერეთში ენდროს პლანტაციების გასაშენებლად. შემდგომ ქიმიური საღებავები გამოჩნდა და ეს პროექტი აღარ განხორციელებულა, თუმცა ველურად გავრცელებული ენდრო ჩვენს სამღებრო კულტურაში დღემდე დარჩა. ველური ენდრო მესხეთში, ქართლ-კახეთში, ზემო იმერეთში ხარობს.

- ცნობილია, რომ ენდროს დღემდე იყენებენ ბუნებრივი საღებავების მოყვარულები, მაგალითად, თექის შესაღებად. - დიახ. თუმცა ეს მაინც იშვიათი შემთხვევაა, ძველი ქართველი ქალები კი ენდროთი ყველაფერს ღებავდნენ, მათ შორის - ხალიჩებსაც, რომლებსაც გაუხუნარი ფერები დღემდე შემორჩა. ეს გაუხუნარობა იმ ფერმჭერების დამსახურებაც არის, რომელთაც ენდროს საღებავს ამატებდნენ (ნაცარი, შაბი, გამხმარი შინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში...) და წითელი ფერის ფართო სპექტრს იღებდნენ. არსებობს მოხუცი ქართველი ქალების მონათხრობთა ჩანაწერები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ქსოვილების ღებვასაც ნააღდგომებს იწყებდნენ, რისთვისაც კვერცხების შეღებვის შემდეგ დარჩენილ ნახარშსაც იყენებდნენ. ენდროს ნახარშს დღესაც ხშირად ინახავენ თომას კვირაში კვერცხების შესაღებად. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში არ კარგავს თვისებებს, თუმცა ენდროს შესაძლებლობები მხოლოდ ეს არ არის... თუ ძველთაგან ენდროს საღებავად ხმარობდნენ, დღეს ის მედიცინაშიც გამოიყენება და თანაც - ძალიან ფართოდ. მისგან ამზადებენ რაქიტის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე პრეპარატებს, რომლებიც ოფლმდენი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ბაქტერიციდული და შემკვრელი მოქმედებით ხასიათდება. ამ პრეპარატებს ნიშნავენ ტუბერკულოზის მკურნალობის დამხმარე საშუალებად. ენდრო კარგად მოქმედებს კანის დაავადებებზე, მაგალითად, მშვენიერი საშუალებაა დერმემიკოზის სამკურნალოდ ან ლაქების გასაღიავებლად. ამ პრეპარატებს სამკურნალოდ მოიხმარენ ოსტეოქონდროზისა და პოლიართრიტის დროს, ხალხში კი ენდროს ნაყენით ელენთისა თუ ნაღვლის ბუშტის ანთებას მკურნალობენ. რაც მთავარია, ენდრო დაკავშირებულია სიცოცხლესა და მის განახლებასთან, რის სიმბოლოც სააღდგომო კვერცხია - კვერცხში ხომ ახალი სიცოცხლეც იბადება.

- საღებავად გამოყენებამ ენდრო ბევრ ქვეყანაში შეამცირა, თუმცა საქართველოში შეიძლება ენდრო სააღდგომოდ მოხმარების გამოც გადაშენდეს. სააღდგომოდ ენდროთი დატვირთული უამრავი მანქანა შემოდის და ისე უხეშად არის ნაგლეჯი, რომ ზოგან ველური ენდრო აღარც ამოდის. - გეთანხმებით. წინასააღდგომოდ ბაზარში ენდროთი გატენილი სატვირთო მანქანები ნამდვილად იმსახურებს დაფიქრებას. ამ რაოდენობის ენდროს მოპოვება ადვილი არ არის და იმავდროულად, ძალიან დიდ ფართობებსაც მოიცავს. ხალხი, ფაქტობრივად, ახალი წლის შემდეგ იწყებს და ენდროს აღდგომამდე აგროვებს. აღდგომის წინა დღეებში ასეულობით კილოგრამი ენდრო სოფლებიდან გადამყიდველებს გააქვთ. მითხრეს, შესაძლოა. ყოველწლიურად ჩვენს ბაზარზე 20 ტონამდეც კი გაიყიდოსო. ველური მცენარისთვის ეს პატარა რიცხვი როდია! ხალხი ამ მცენარის საშუალებით საარსებო თანხას შოულობს და ენა როგორ მომიტრიალდება, რომ ენდროს მოპოვების აკრძალვა ვიქადაგო, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელია, ენდროს მოპოვების წესები არსებობდეს, რომელიც ხალხს ეცოდინება. ასე მას გადაშენებისაგან დავიცავთ. თუ ზომები არ მივიღეთ, კახეთსა და ქართლში შეიძლება ენდრო გაქრეს.

- ძალიან საინტერესოა, ენდროთი როგორ ღებავდნენ. ეგებ ვინმემ ისევ სცადოს ამ მეთოდის გამოყენება... რასაკვირველია, ენდროს ფესვების დაზოგვით. - შემიძლია ერთი ეთნოგრაფიული ჩანაწერი გაგაცნოთ, რომლის წაკითხვამ მეც დამაინტერესა. ჩანაწერი ამ საქმის მცოდნე მოხუც კახელ ქალბატონს ეკუთვნის, რომელსაც მსურველი უსათუოდ კარგად გამოიყენებს: "ენდროს დასჩეჩქვამენ, დაჰფხეკენ, კარგად ჰფქვამენ, გასცრიან, გაცრილს ინახავენ, ანაცერს (რაც საცერში რჩება) ხარშავენ წყალში. წყალი უნდა შემოადგეს ენდროს ზემოთ. ქვაბში ხარშავენ. ბაწარს (შესაღებავი ძაფი - ე.ე.) ცხელ-ცხელში სდებენ. ამოიღებენ, გაცრილ ენდროს აყრიან, რაც მეტი დაეყრება, უკეთესი. შიგ უნდა გაცივდეს. მემრე თავისსავე წვენსა და ნაცარში, ნელთბილში დასდებენ, წაიღებენ, წყალზე გარეცხავენ".