"აქ ჩიტივით თავისუფალი ვარ" - როგორ გამოიყურება მაკა ზამბახიძის სახლი წყნეთში
"აქ ჩიტივით თავისუფალი ვარ" - როგორ გამოიყურება მაკა ზამბახიძის სახლი წყნეთში
"წყნეთის ეზოში ბევრი ნაძვია და ამის გამოც გადავწყვიტე, წითელქუდას ბებიასავით ხის სახლი ჩამედგა"

მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა. მეუღლესთან ერთად გარემოზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ოჯახს დიდი გეგმები აქვს - ვენახის გაშენებას, ყურძნის მოყვანასა და ღვინის დაწურვას გეგმავს. მაკას შვილს, სალომესაც ფერმერობა აქვს გადაწყვეტილი და ამაზე ფიქრი უკვე დაიწყო.


- კორპუსში ვიზრდებოდი, მიწაზე მუშაობა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ რაც უფრო გემატება წლები,­ მით მეტად მოგწონს
სიმწვანე, სუფთა ჰაერზე ყოფნა. კერძო სახლში ცხოვრება კომფორტული აღმოჩნდა, აქ ჩიტივით თავისუფალი ვარ.

- როგორ გადაწყვიტე წყნეთში გადასვლა?­
- შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ხის სახლის აშენება დავიწყე. წყნეთის ეზოში ბევრი ნაძვია და ამის გამოც გადავწყვიტე, წითელქუდას ბებიასავით ხის სახლი ჩამედგა. ერთსართულიანია, მანსარდა არა აქვს
- სხვანაირი კონსტრუქციისაა და დაშენებას ვერ გაუძლებს, მაგრამ რაიმეს დამატება მაინც შეიძლება, რადგან სამშენებლო ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება.



- ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმწვანე და ხის სახლი - ეს ყველაფერი ბუნებასთან გაახლოებს. ამან რა მოგიტანა?
- სულიერი სიმშვიდე, შინ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ადრე. ჩემი რეჟიმიდან­ გამომდინარე, შესაძლოა დღეში­ სამჯერაც დამჭირდეს ასვლა-ჩამოსვლა, მაგრამ ისე მიყვარს აქაურობა, ეს დისკომფორტს არ მიქმნის.



- როგორ ზრუნავ ეზო-კარზე?
- ჯერ ისე არა მაქვს მოწყობილი, როგორც წესია, ეზოს გალამაზება ენერგიას, შრომას, ფინანსებსა და დროს მოითხოვს. ამიტომ ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც მინდა... ახლა რაღაც ახალი ბალახი უნდა დავთესო, ახალი ყვავილები, უკეთესი ბოსტანი გავაკეთო. ეზოში მშვენიერი პომიდორი, კიტრი, მწვანილი მოდის. ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს. ჩემი ქმარი­ რასაც დათესავს, ყველაფერი ხარობს. ასეთი გემრიელი პომიდორი წლებია არ მიჭამია. შარშან ბიოპროდუქტი მოვიყვანეთ. მოკლედ, აგრარული საქმიანობა ჩემი მეუღლის ჰობია (მეუღლე მიხეილ ჩოხელი სპორტსმენია. - ლ. ფ.), დიდ სიამოვნებას იღებს. ახლა ვენახზე ოცნებობს, რომ ღვინო დაწუროს. მიწათმოქმედება მეც შემიყვარდა, ამაზე ადრე არც მიფიქრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრებაში ეს რაღაც ეტაპს მოაქვს.
- ადრე არ გიცდია ქოთნის მცენარის გახარება?
- არც მე და არც დედას ქოთნის ყვავილები არ გვქონია, რადგან ვერასდროს ვახარებდით. ახლა, პირიქით, ყველაფერი გამომდის. სულ ვაკვირდები მცენარეებს. ყურადღებას არ ვაკლებ, მათი მოვლა ერთგვარი ნიჭია, ბევრი შრომაცაა, ალღოს აღებაც უნდა... მაქვს როგორც ქოთნის, ასევე გრუნტის მცენარეებიც. მათ შორისაა ბარაქის ხე - დიდი, საშუალო და პატარა. კაქტუსი, რომლის სახელი არ ვიცი, თუმცა ძალიან მიყვარს და მის ყვავილს ველოდები, ასევე წიწაკა ულამაზესი ყვავილებით... ეზოში ვარდებიც მაქვს - თეთრი, წითელი, ბროწეულის მსგავსი გვირგვინი რომ აქვს, ღია მელნისფერი...
შარშან დათესილმა ბალახმა ვერ ივარგა. ახლა კვლავ მოდის ბალახის დათესვის დრო და ვემზადებით... ერთი სიტყვით, საკუთარ ეზო-კარს დიდი შრომა უნდა. უამ­რავი დეტალია გასათვალისწინებელი, საქმე­ სულ არის, სეზონების მიხედვით მუდმივად უნდა ხელის შევლება.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლია სხვებისთვის?
- სახლის აშენება უპირველესად ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ვერავის ვეტყვი, ყველაფერი გაყიდეთ და საკუთარი ეზო-კარი შეიძინეთ-მეთქი. ისიც მნიშვნელოვანია, ვის რა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ქალაქგარეთ ცხოვრება კარგია და თუ ამის სურვილი გაქვთ, ნაბიჯები გონივრულად უნდა გადადგათ. შეუძლებელი არაფერია.