"პატრიარქის გამოსვლისთანავე "მამედევნა", მეაბრეშუმეობა უნდა დავიწყო-მეთქი"
"პატრიარქის გამოსვლისთანავე "მამედევნა", მეაბრეშუმეობა უნდა დავიწყო-მეთქი"
გვსურს თუ არა, ჩვენს ეპოქაში ქრება­ ზოგიერთი ის საქმიანობა, რასაც კაცობრიობა მრავალი საუკუნის განმავლობაში მისდევდა. თუმცა აბრეშუმის წარმოებას ეს არ ეხება, - ადამიანს ყოველთვის ექნება მოთხოვნილება ბუნებრივ სამოსზე. არადა, ქართული აბრეშუმის წარმოება განადგურდა და თან ძალიან მძიმედ, - გასული საუკუნის დასასრულისთვის საქართველოს მეაბრეშუმეობა, ფაქტობრივად, გაქრა. აბრეშუმის მოვლა, გამრავლება და შენარჩუნება ლამის სასწაულით შეძლო რამდენიმე მეცნიერმა, რომლებიც ამ ცოდნას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემდნენ. ამან იხსნა სრული განადგურებისგან ქართული აბრეშუმი, რომელსაც დღეს
ჩვენში უკვე აქა-იქ აწარმოებენ.

დღეს ქართულ ბუნებრივ აბრეშუმზე­ მოთხოვნა იზრდება და ასეთ დროს აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ საქმიანობას შეუდგება. ლამარა ბეჟაშვილი,­ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროდან, რომელმაც განათლება თეატრალურ უნივერსიტ­ეტში მიიღო და 20 წელიწადს კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდა, უდიდეს სიამოვნებას იღებს აბრეშუმის ჭიის მოვ­ლით.
რასაკვირველია, შემოსავალსაც.

- ბებია მეაბრეშუმე მყავდა და მასწავლიდა ამ საქმეს. იყო მომენტი, როცა ძალიანაც მინდოდა მეაბრეშუმეობის გაცოცხლება, მაგრამ ვხედავდი, რომ დარგი აღარ არსებობდა, არც არავის სჭირდებოდა და ხელს ჩავიქნევდი ხოლმე. ასე იქნებოდა ბოლომდე, 19 წლის წინ პატრიარქი რომ არ გამოსულიყო ტელევიზიით და არ ეთქვა, - მეაბრეშუმეობა ააღო­რძინეთ, ეს ის დარგია, რომელიც საქართველოსაც ააღორძინებსო.


მართლაც ასეა, თუ ჩვენში მეაბრეშუმეობა განვითარდება, სოფელშიც დასაქმდება გლეხი და ქალაქშიც შეიქმნება სამუშაო ადგილები. და არა მხოლოდ ეს, - აბრეშუმის სამკურნალო თვისებებსაც ხომ გამოვიყენებთ!
ეს საქმე იმდენად მიყვარდა, პატრიარქის გამოსვლისთანავე "მამედევნა", - უნდა შევძლო და მეაბრეშუმეობა უნდა დავიწყო-მეთქი. ამ დროს ჩემთვის პატარა სასწაულიც მოხდა, - ჩვენი სოფლის მაშინ სტუდენტმა რძალმა და ახლა უკვე მეაბრეშუმეობის დოქტორმა, ირინე ჩარგეიშვილმა 21 ცალი აბრეშუმის ჭია მაჩუქა, ანუ ზუსტად ის რიცხვი, რომელი საუკუნეც იწყებოდა. ეს აბრეშუმი მას აგრონომიული უნივერსიტეტიდან ჰყავდა სოფელში გამოსაზრდელად ჩამოყვანილი. მას შემდეგ ვეუბნები ამ ქალბატონს მადლობას და ბოლომდე მაინც ვერ ვუთხარი იმდენად კარგად, როგორიც ეკუთვნოდა. ის რომ არა, აბრეშუმის ჭიას სად ვიშოვიდი.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აბრეშუმის გაცემასთან დაკავშირებით უცნაური ამბები ხდება, - რაღაც საიდუმლ­ოსავით გახდა. არადა, ზოგიერთს მართლაც ჰყავს ახალი ჯიში გამოყვანილი, მაგრამ არ გასცემს. ჩემი აზრით, იმ დროს ელოდება, როცა ეს განსაზღვრულ თანხად შეფასდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ეს სიტუაცია არ გვაქვს და ახალი ჯიშებიც იკარგება.

- სამწუხაროა. ამ ხნის განმავლობაში ჯიშს თქვენც გააუმჯობესებდით.
- ასეც მოვიქეცი. წლების განმავლობაში უკეთეს და უკეთეს პარკს ვიღებ. იმ წელიწადს კი ეს 21 ჭია გამოვზარდე, პარკი შევინახე და მომდევნო წელიწადს უკვე ჩემმა აბრეშუმის პეპლებმა 300 აბრეშუმის ჭია გამოჩეკეს.
ეს ამბავი არ გამჭირვებია, მე ხომ ბავშვობიდან ვიცოდი ამ საოცარი არსების გამოზრდა, რომელიც მართლა მიყვარს და ვეფერები. იმდენად, რომ დღემდე არც ერთი მთელი პარკიდან, რომელშიც პეპელაა, არ ამომიხვევია აბრეშუმის ძაფი, - მეცოდებიან მოსაკლავად. ამიტომ ძაფს მხოლოდ იმ პარკებიდან ვიღებ, რომლიდანაც პეპელა უკვე გამომძვრალია. ისე, მაღალხარისხიანი ძაფი იმ პარკიდან გამოდის, რომელშიც პეპელაა. ის ხომ ერთიანი ძაფია.

- თქვენ თუ მიეცით უკვე მერე ეს თქვენი გამრავლებული აბრეშუმი სხვას?
- ძალიან ბევრს გავუნაწილე, ვინც მთხოვა და მოუარა. ის კი არა, მოვლასა და გამოზრდას, ძაფის ამოღებასა და დართვასაც ვასწავლი, მერე კი ქსოვასაც. იმიტომ რომ აბრეშუმი სიკეთეა, იმიტომ რომ ჯანმრთელობაა. უკვე წლებია აბრეშუმს ვამრავლებ და სულ უფრო და უფრო მეტ აბრეშუმის ჭიას ვზრდი. და ყველას თავზე დავფოფინებ, - ლამის ჩვილებივით მოსავლელი არიან. თუ არ მოუარე, დაავადებები მაგათაც ემართებათ. მეც ვუვლი და ვეუბნები, - გაიზარდეთ, გამრავლდით და მეც გამახარეთ, გამამდიდრეთ-მეთქი.

- რა თქმა უნდა, უნდა გაგამდიდროთ.
- აბრეშუმის ჭიას ნამდვილად შეუძლია ჩვენი უზრუნველყოფა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ აღვიქვამთ ამ ამბავს, მაგრამ მასზე მოთხოვნა იზრდება. მე თავად, ძაფის ამოღების დიდი ტექნოლოგიები არ მაქვს და ძაფი ისე მარტივად ამომყავდა პარკიდან, როგორც ჩვენს წინაპრებს, - ჯარათი და თითისტარით. ახლა იმდენი საქმე მაქვს, რომ პარკს ჩემს სოფლელ ქალებს ვაძლევ, რომლებიც დიდებულად ქსოვენ ამ აბრეშუმის ძაფით. ულამაზესი ნაწარმები აქვთ და შეკვეთებიც საკმაოდ არის.

- რას ამზადებთ?
- ჩასაცმელს, ქსოვილს, განსაკუთრებით თავსაფრებს. როგორც გითხარით, აბრეშუმს ჯანმრთელობა მოაქვს, მე პირადად ბევრჯერ შემინიშნავს, როცა თავი მტკივა და აბრეშუმს მოვიხვევ, ტკივილი მიყუჩდება. ამაში არაფერია გასაკვირი, - ბუნებრივი ყველაფერი ჯანმრთელობის მომტანია. მიხარია აბრეშუმის გაცემაც. შარშან აჭარაში აბრეშუმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა და ამ კუთხეში ჩემგან წაიღეს აბრეშუმის ჭიის კვერცხი. მითხრეს, სასწაული აბრეშუმი ამოვახვიეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მეაბრეშუმეებს წარვუდგინეთო. ამაზე კარგი რაღა უნდა იყოს, - ღმერთმა ინებოს, ჩვენი აბრეშუმის ქსოვილიც ასე გავრცელებულიყოს მსოფლიოში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები