"კახეთიდან ბზებს სამეგრელოში "წავიყვან" და გავახარებ" - კვირის პალიტრა

"კახეთიდან ბზებს სამეგრელოში "წავიყვან" და გავახარებ"

კოლხური ბზის დამცველმა სანდრო ნარსიამ ბზობის დღესასწაულის შემდეგ თბილისის ქუჩებში გარემოვაჭრეების დატოვებული მცენარის რტოები მოაგროვა დასაკალმებლად. ხობელი ბზის ქომაგი ეცდება მათ მეორე სიცოცხლე აჩუქოს, დაფესვიანებულ კახურ ბზებს მალე სამეგრელოში, მშობლიურ სოფელ ხეთაში, თავის მეურნეობაში დააბინავებს. სანდრო თბილისის აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელია. 16 წლის იყო, როცა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყო, სახლის სარდაფში სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა. გახარებული ნერგების უმრავლესობა გააჩუქა. შვილიშვილის თბილისში ყოფნისას ნერგებზე ბებია ზრუნავს, რომელიც სანდროსთვის დიდი იმედია. მომავალი გარემოს დამცველი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- გარემოს დაცვის სამინისტრომ ბზობამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო კამპანია "ნუ მოჭრი ბზას", მაგრამ ხომ შეიძლება თუნდაც ერთი თვით ადრე მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ნერგის გამოყვანა და თუ ახლა 1 ტოტს 2-3 ლარად ყიდიან, იმ ტოტიდან სულ ცოტა 5 ნერგის გამოყვანა შეიძლება, რომელსაც 1 ლარად გაყიდიან. ბზობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვათვალიერებდი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებს. მოსახლეობას ბზის ტოტები უკვე ჰქონდა გამოტანილი და გადავწყვიტე, შემეგროვებინა. ორი ტომარა გავავსე და დაკალმებული ტოტები ახლა ჩემს აბაზანაში თავს კარგად გრძნობენ. ორი ტომრიდან დასაფესვიანებლად გამოუსადეგარი დაავადებული ბზა გადავყარე, მათზე ალურის ფეკალიები, აბლაბუდები და კვერცხები იდო, ან ძალიან გამერქნებული იყო. დაკალმებას იმ საღამოსვე მოვრჩი.

- რამდენ ხანში ფესვიანდება ბზის ტოტები და როდის იქნება მზად სათბურში გადასარგავად?

- დასაფესვიანებელი ხსნარის გამოყენებას ვაპირებ, რადგან გამომშრალია, გაყიდვამდე სამი დღით ადრე მაინც არის მოჭრილი. მალე "კახეთის მკვიდრებს" სამეგრელოში "წავიყვან" და გავახარებ. იქაც მაქვს ასზე მეტი დაკალმებული ბზის ტოტი.

- შენი ძველი დაკალმებული ნერგები როგორ არიან?

- ერთი კვირის წინ დამიკავშირდნენ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოდან და რამდენიმე ნერგი მთხოვეს, რომ მოსინჯონ, ბუნებაში როგორ იხარებს, ალურა და ბზის სიდამწვრე ხომ არ დააზიანებს. ჩემი ნერგების უმრავლესობა ტყიდან მოტანილი თესლისგან არის აღმოცენებული. ორი წლის წინ 200 ტოტი რომ დავაკალმე, მეგონა, ქიმიური ხსნარები ბზის დაფესვიანებას ხელს შეუშლიდა და რაკი პრეპარატები არ გამომიყენებია, ფაროსანამ გამომიშრო კალმები. აბიტურიენტობისას ყურადღება ძველებურად ვეღარ მივაქციე, ბზები სხვა სამეურნეო კულტურებთან ერთად მეწყო და მათმა დაავადებებმა იმოქმედა. რამდენიმე წელია სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილის ნათია იორდანიშვილის დახმარებით ტყეში ბზის თესლს ვაგროვებ. წლეულსაც მოვაგროვე და 600-მდე მარცვალი სააგენტოს გადავეცი.

- დღეს რა მდგომარეობაშია კოლხური ბზა დასავლეთ საქართველოში? - კოლხური ბზა არის დასავლეთში, მაგრამ ცოტა. უფრო რაჭაშია. ამ ზაფხულს სამეგრელოში ვიყავი, ტყეში არის ნერგები, მაგრამ მოსახლეობა უკონტროლოდ ძირკვავს ბზას გასაყიდად.

- გახარებულ ნერგებს რას უპირებ? - ვერ ვიტყვი, უმრავლესობამ გაიხარა-მეთქი, რადგან შეცდომებიც დავუშვი, ახალი ტოტები კი, იმედია, დაფესვიანდება. ზოგს გავაჩუქებ და ზოგსაც გასაყიდად გავამზადებ. წლეულს ბევრი ბზის მსურველი დამიკავშირდა. მინდა საინფორმაციო ბროშურებიც დავბეჭდო და დავარიგო.

ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება კატასტროფის წინაშე დგას და ეს უმნიშვნელოვანესი მცენარე გავრცელების არეალიდან ქრება, რასაც არ აღიარებენ და ამბობენ, 200 წლის ბუჩქზე ყლორტი გამოჩნდაო. ამ ყლორტს ბზის ალურა მიადგება და შეჭამს, თუ გაისადაც ამოიყრის, მასაც შეჭამს. ალურა არ განადგურდება, რადგან არ ვებრძვით. აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ურიგო არ იქნება სოციალური ვიდეორგოლები ან ბანერები.

- ჩვენთან პირველ ინტერვიუში ამბობდი, რომ გარემოს დამცველობას აპირებ. - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, მეორე კურსიდან სპეციალობას ავირჩევ და, ალბათ, ეს სატყეო საქმე იქნება. ამას წინათ მეგობარმა ხუმრობით მითხრა, ბზის ალურა რომ არ გაჩენილიყო, რა უნდა გექნა ცხოვრებაშიო. მართლაც, მავნებელი, რომელიც ცუდ საქმეს აკეთებს, ჩემთვის გზის მაჩვენებელი აღმოჩნდა.