"ჩემს თავს ვუთხარი, რომ სხვისთვის აღარ ვიმუშავებდი. მირჩევნია, ოთხი ძროხით თუშეთში წავიდე, ვიდრე ბოსმა თავის დატკაცუნებულზე მარბენინოს-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ჩემს თავს ვუთხარი, რომ სხვისთვის აღარ ვიმუშავებდი. მირჩევნია, ოთხი ძროხით თუშეთში წავიდე, ვიდრე ბოსმა თავის დატკაცუნებულზე მარბენინოს-მეთქი"

თელაველმა თუშმა ამერიკულ ოცნებას ქართული რეალობა ამჯობინა

ეკა ჭვრიტიძემ ამერიკულ ოცნებაზე უარი თქვა და ცხოვრება ვაზს დაუკავშირა: "მინდა ყველაზე მაგარ თეთრ ღვინოს ვაწარმოებდე, მინდა ჩემი ცხოვრება ვენახებს მივუძღვნა და სანამ პირში სული მიდგას, ძალიან ხარისხიანი ღვინო დავაყენო" - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში.

ეკა ჭვრიტიძე: - წარმოშობით თუში ვარ. დედაჩემის დედ-მამა თელავში ჩასახლდა და ბავშვობა მეც იქ გავატარე. ანუ გამოდის, თელაველი თუში ვარ, თუმცაღა თუშეთში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით და ჩავდივართ კიდეც. თელავის პირველ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი ამერიკაში, ვირჯინიის შტატში წავედი და სკოლა იქ დავამთავრე. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებიც ჩავაბარე, 50%-იანი დაფინანსება მოვიპოვე და ცხოვრების იქ გაგრძელება შემეძლო, თუმცა თითქოს რაღაც ძალა მკარნახობდა, რომ არ უნდა დავრჩენილიყავი და ჩამოვედი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. ჩამოვედი საქართველოში და ჩვენი უნივერსიტეტის"საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი დავამთავრე. მაგისტრატურა აღარ გამიგრძელებია, რადგან მივხვდი, რომ უაზრობა იყო. იმისთვის, რომ ბაკალავრის ხარისხი მიმეღო, პრაქტიკული გამოცდილება უნდა მქონოდა და ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დამაწყებინა მუშაობა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. 4 თვეს ვიმუშავე და მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. სწორედ მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, რომ მე არასოდეს სხვისთვის აღარ ვიმუშავებდი. მირჩევნია, 4 ძროხით თუშეთში წავიდე და ყველი ამოვიყვანო, ვიდრე ვიღაცა იდიოტმა ბოსმა თავის დატკაცუნებულზე მარბენინოს-მეთქი.

- თქვენი მეუღლე დანიელია. - მე და ოლაფმა ერთმანეთი თუშეთში გავიცანით. მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ პროექტში, "ტურიზმის განვითარება ეროვნულ პარკებში", კონსულტანტად მუშაობდა. როცა შევუღლდით, კალიფორნიაში ცხოვრობდა და წასვლამ მოგვიწია. 7 წელიწადს ვიცხოვრეთ ამერიკაში, თუმცა ვიცოდი, რომ სამშობლოს სამუდამოდ ვერ მოვწყდებოდი. ოლაფის მშობლები ფრანგული და იტალიური ღვინის კოლექციონერები არიან. ოლაფსაც ძალიან აინტერესებდა ეს საქმე და ვუთხარი, წამო, აგიხდენ ოცნებას-მეთქი (იცინის) და 6 ჰექტარი მიწა სოფელ არგოხში, ახმეტის რაიონში ვიყიდეთ. შემდეგ ნელ-ნელა დავამატეთ და ახლა 16 ჰექტარზე გვაქვს ვენახი გაშენებული. 2012 წელს საქართველოში გადმოვედით, 2013-ში კი უკვე ღვინის წარმოება დავიწყეთ.

- ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო? - გადაწყვეტილება მე მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოს გარეშე ვერ გავძლებდი. ამერიკაში სულ დეპრესია მქონდა, აქაურობა მენატრებოდა და 7 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს 3-4 თვით ჩამოვდიოდი. ოლაფს იმდენად ვუყვარვარ, რომ დამთანხმდა საქართველოში ჩამოსვლაზე. თავადაც მოსწონს ჩვენი ქვეყანა.

- რა ჯიშის ღვინოებს აწარმოებთ? - ქისს, საფერავს, ხიხვსა და მწვანეს, თუმცა უპირატესობას ქისს ვანიჭებთ.

- რა გამოარჩევს თქვენს ღვინოს სხვა კომპანიის ღვინოებისგან? - ჩვენ ქისის სამშობლოში, სოფელ მაღრაანსა და არგოხში, სამხრეთ ფერდობზე უძვირფასესი ვენახები გვაქვს გაშენებული. თუ კარგი ყურძენი არა გაქვს, კარგ ღვინოს ვერ დააყენებ. სხვადასხვა ტექნოლოგიასაც ვიყენებთ, ექსპერიმენტების არ გვეშინია. ჩემი ქმარი ორგანული ქიმიის პროფესორია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, გემოების ჯადოქარია... ერთი სიტყვით, ჩვენს მეღვინესა და ოლაფს მართლაც ძალიან მაგარი ღვინოები გამოსდით.

- სად ყიდით თქვენს ღვინოებს?

- ამერიკაში, უკრაინაში, სკანდინავიის ქვეყნებში და, ცხადია, საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ძალიან კარგად იყიდება. გაფართოებას აღარ ვაპირებთ და გვინდა, რომ აქცენტი ხარისხზე გავაკეთოთ. მინდა ყველაზე მაგარ თეთრ ღვინოს ვაწარმოებდე. ჩემი ოცნებაა, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ეს ბიზნესი მემკვიდრეობად დავუტოვო.

- როგორც გავიგეთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Lumineers-ი თქვენთან მეგობრობს. - დიახ, ჯგუფის სოლისტ ვესლი შულცის ცოლი ბრენდი ჩემი უახლოესი მეგობარია. 2009-ში საქართველოში იყო სტუმრად და ჩვენი მასპინძლობით აღფრთოვანებული დარჩა. შემდეგ, როცა ამერიკაში ჩავედით, თავად დამპატიჟა და კოლორადოში ქართული სუფრა დამახვედრა, მისმა მეგობარმა კი ბენდი დაპატიჟა, რომლის წევრები ახალი გადმოსახლებული იყვნენ ამერიკაში და იმ დროისთვის არც სახელი ჰქონდათ და მატერიალურადაც უჭირდათ. სწორედ იქ, ქართულ პურმარილზე გაიცნეს ჯგუფის სოლისტმა ვესლიმ და ბრენდიმ ერთმანეთი. მაგის მერე გახდა The Lumineers-ი პოპულარული, დღეს უკვე მილიონერები არიან.

ვესლის და ბრენდის მეორე ქორწილი გადავუხადეთ თუშეთში, სოფელ შენაქოში: ერთი სამი ჭედილა წავუქციე, მოზვერი დავუკალი, დოღი გავუმართეთ, იყო ავტომატების ჭახაჭუხი. მერე ნეფე-დედოფალი შევსვით ცხენზე და შენაქოდან ომალოში მთვარის შუქზე ჩაქჩაქით გადავიყვანეთ.

ლაშა ჯავახიშვილი