უცხერელ მეღვინეს მუხის კასრი ურჩევნია თიხისას... - კვირის პალიტრა

უცხერელ მეღვინეს მუხის კასრი ურჩევნია თიხისას...

ბევრჯერ დაგვიწერია ადამიანებზე, რომლებიც ქალაქს ტოვებენ და სოფელს უბრუნდებიან, სურთ, წინაპართა საქმეები განაგრძონ და თავიანთი წარმატებითაც მოიწონონ თავი. ერთ-ერთი ასეთი ისიდორე უჩაძე გახლავთ, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უცხერში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს. ამბობს, რომ 20 წელიწადზე მეტია, ქუთაისიდან ოჯახით სოფელს დაუბრუნდა. უწინ მათ სოფელში 220 კომლამდე იყო, ახლა იქ მუდმივად 40-50 ოჯახი ცხოვრობს. უცხერს საინტერესო ისტორია და მდებარეობა ჰქონია. ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე მდებარეობს (ზღვის დონიდან 850 მეტრზე).

"ჩვენთან არაერთი ეკლესია-მონასტერი და ციხესიმაგრეა. ყველაფერი ისეთი გვაქვს, სოფლის მოსახლეობაც ვამაყობთ და ტურისტებიც იხიბლებიან. საკმაოდაც გვეძალებიან, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ გვიწყობს ხელს - გზა არის მოუწესრიგებელი. მარანში რაღაცების გაკეთება მინდა და დიდი მანქანის შემოყვანას ვერ ვახერხებ. ეს სერიოზული პრობლემაა", - გვეუბნება ისიდორე უჩაძე.

- ხალხი აქ მესაქონლეობას, მებაღეობას მისდევს, მარცვლეული კულტურები მოჰყავს. ადრე ჩვენთან მებაღეობა იყო განვითარებული - ვაშლი და სხვა კურკოვან-კენკროვანი ხილი მოჰყავდათ. უცხერში ხალხი ხორბლის უხვ მოსავალსაც იღებდა, იმდენსა და ისეთს, რომ ჩვენს სოფელს პატარა უკრაინას ეძახდნენ. მევენახეობასაც მისდევდნენ, მაგრამ მერე ვენახები გაიჩეხა და ერთეულებმა თუ შეინარჩუნეს ძველი ტრადიცია - ვენახის მოვლა, ღვინის დაწურვა, მარნის კულტურა. ღვინოსთან დაკავშირებით ჩემს ოჯახს თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს წინაპრებისგან ვიცი და ამას ჩვენი მარნები და შემორჩენილი ინვენტარიც ადასტურებს.

- ყურძნის რა ჯიშები გაქვთ?

- ორი სახეობა მაქვს - ლეჩხუმის ცოლიკაური (მოგეხსენებათ, ცოლიკაური რამდენიმეა. ეს ლეჩხუმის გახლავთ, უნიკალური ჯიში) და ცხვედიანი. კიდევ არის ველური ჯიშები, რომლებსაც ვუვლი. ტურისტების მოსაზიდად არის სხვა ყურძენიც. მინდა ძველი ჯიშების აღდგენა-დაბრუნება და გაშენებაც.

ჩვენს მხარეში დიდი ვენახები არ გვაქვს, ორ ტონამდე მოსავალს თუ ვიწევთ. ღვინოც ამდენივეა, მაგრამ, რაც მთავარია, ხარისხიანია და ნატურალური.

ქალაქში როცა ძალიან გაჭირდა ცხოვრება, სოფელს მოვაშურეთ, მე და მამამ ვენახი გავაახლეთ. ახლა რა ვენახიც გვაქვს, 1994 წელს გავაშენეთ. ყველაფერს ჩემი წინაპრების გადმოცემული ცოდნის შესაბამისად ვუძღვები. ამ ვენახის გარდა, მაქვს ძველი პატარა ვენახიც, რომელიც დედაჩემის მამის გაშენებულია. ადრე სარზე რომ ჰქონდათ ხოლმე ყურძენი გაშვებული, ასევე მაქვს შემონახული და ძალიან ვუფრთხილდები. მაქვს ძველი მარანიც.

- ღვინოს მუხის კასრში აყენებთ...

- მუხას ქვევრზე ნაკლები მოვლა და ყურადღება არ უნდა - სისუფთავე უყვარს (თუმცა ქვევრებიც მაქვს). ჩემი კასრები ნახევარტონიანია. კასრის გაწმენდა-გასუფთავება უმნიშვნელოვანესია. ჭურჭელს განუწყვეტლივ აახლებ, რაც თანამედროვე ტერმინოლოგიით "მუხის გამოწვას" ნიშნავს. ბიძაჩემი, დედის ძმა, ჯიმშერ გოლეთიანი, აგრონომიის დიდი მცოდნე იყო. ბავშვობიდან მინახავს, მუხის კასრს როგორ უვლიდა. საოცარი კასრები და საერთოდ, შესანიშნავი ხის ნაკეთობები ჰქონდა.

ჩვენში მევენახეობა-მეღვინეობას დედის მამამ, მოსე გოლეთიანმა ჩაუყარა საფუძველი და მის მაგალითს ჯერ მისი შვილი - ჯიმშერი, მერე მე და მამაჩემი, რეზო მივყევით.

- ანუ მუხასთან მუშაობისას სისუფთავეა მნიშვნელოვანი. - როგორც ყველაფერს, დროთა განმავლობაში ყავლი მუხასაც გასდის. ამიტომ აქვს თავისი მოვლის ტექნოლოგია. ზოგი მის დასამუშავებლად განსაზღვრულ სარეცხ საშუალებებს იყენებს. მაგრამ მე ნაკლებად. უმეტესად სპირტიანი გამოწვა მირჩევნია. ეს ძველი მეთოდია - 80-90-გრადუსიანი სპირტით შიგნით უნდა "გამოიწვას". არის კიდევ სხვა საშუალებაც - მუხის ქერქის ნახარშს ვავლებთ, რაც მას აახლებს, ოღონდ გამოვლებიდან ერთი თვის განმავლობაში არაფრის ჩასხმა არ შეიძლება. მუხის ნახარშის გამოვლება კასრმა კარგად უნდა "შეირგოს"...

- დაწურულ ყურძენს პირდაპირ იმ კასრში ათავსებთ? - დაწურულს პირდაპირ ვუშვებ, ისევე, როგორც ქვევრში და დავარგებას გაზაფხულამდე ვაცლი.

- რით გამოირჩევა მუხის კასრში დავარგებული ღვინო? - მშვენიერი გემოთი და არომატით. თან არანაირი დანაკარგი არა აქვს. მშვენიერი ბუკეტია. ხილის გემოსავით აქვს, რადგანაც ვენახში ძველებური ჯიშის ატმის ხე მიდგას, საოცრად არომატული, განსხვავებული და ღვინოც, ალბათ, განსაკუთრებულ გემოს იძენს. ყვავილობის დროსაც და სიმწიფის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენახში რა მდგომარეობაა, რა იმტვერება. ამასთან, როცა ნაყოფი ხიდან მიწაზე ეცემა, არ ვკრეფ და მას ნიადაგი ითვისებს.

- ღვინოს ბოთლებშიც ასხამთ? - ბოთლებში ვასხამ ჩემი მარნის სახელით. ჩემთვის ეს საქმიანობა ყველაზე საინტერესოა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჰობიც არის, საქმეც და ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ღვინის ფესტივალშიც ვმონაწილეობდი რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც უმაღლესი შეფასება მივიღე.

სასიხარულოა, რომ ამ საქმით ჩვენს სოფელში უფრო მეტად დაინტერესდნენ. რამდენიმე ვენახიც გაშენდა. ვერ ვიტყვი, მთლად მე მომბაძეს-მეთქი, მაგრამ ხალხს აშკარად გაუჩნდა ინტერესი. გეგმები მეც მაქვს - ტურისტების მიზიდვისთვის კიდევ რაღაცებია გასაკეთებელი. ჰოდა, გავაკეთოთ ის, რაც კარგია, ხარისხიანია და გამოგვდის, თუნდაც ცოტა იყოს.

- ამ ყველაფრის სათავედ თქვენს ღირსეულ წინაპრებს მიიჩნევთ... - დიახ, კარგი მეურნეები და იმ დროისთვის განათლებულები ადამიანები.

მათი დამსახურებით ჩემს დედულში მხოლოდ 1954 წელს დაილია პურის მარაგი, არადა, ომის დროიდან მოყოლებული, მთელ საქართველოს პური ენატრებოდა. მამის მამა, ჩემი ბაბუა, მოსახელე ისიდორე უჩაძე ომში მოხალისედ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დედის მამაზე კი უკვე მოგიყევით... ჰოდა, მათი დაწყებული კარგი საქმეები არ მინდა განელდეს.