რუსეთი ოკუპანტია !
"როცა მცენარეებს ელაპარაკები, ისინიც ხარობენ" - როგორ მივიდნენ ბიჭიკაშვილები კულინარიიდან მებაღეობამდე
17-05-2019
"როცა მცენარეებს ელაპარაკები, ისინიც ხარობენ" - როგორ მივიდნენ ბიჭიკაშვილები კულინარიიდან მებაღეობამდე
ცნობილმა იუმორისტმა ვახო ბიჭიკაშვილმა და მისმა მეუღლე სოფო რევიამ გარემოზე ზრუნვა საკუთარი აივნის გალამაზებით დაიწყეს. ერთმანეთისგან განსხვავებული მცენარე შეიძინეს, მათ უვლიან და თითოეულს დიდ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებენ. რა გახდა ქოთნის მცენარეებით მათი დაინტერესებისა და გატაცების მიზეზი, რატომ ჩაერთნენ ამ საქმეში ასე აქტიურად, ამაზე თავად ვახო გვესაუბრება.
ვახო ბიჭიკაშვილი:
- მცენარეები ჩვენს აივანს მოვარგეთ, ისე, რომ აივნისთვის დიდი ადგილი არ წაგვერთმია და ქოთნები ინტერიერშიც ჩამჯ
დარიყო.
მცენარეები ბავშვობიდან მიყვარს, დედაჩემსაც ჰქონდა ქოთნის ყვავილები და ბებიასაც. ვიცი, როგორ ელაპარაკებოდნენ მათ... როცა ელაპარაკები, ისინიც ხარობენ - თუ კარგ სიტყვებს ეუბნები, მალე ყვავილობენ, მრავლდებიან, იზრდებიან...

მოკლედ, მცენარეების დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა, ბოლო დროს კი მე და სოფომ აივნის მოწყობა გადავწყვიტეთ. პირველი მცენარე ფულის, ანუ ბარაქის ხე იყო. ბარაქის ხიდან კი გაჩნდა
"ბარაქიანი" იდეა, სხვა მცენარეებიც შეგვეძინა. თბილისის შემოგარენში გვიწევს სიარული და უკვე ყველგან იყიდება მცენარეები, ქალაქშიც გაჩნდა ასეთი ადგილები. დიდები მეტი ღირს და ძნელია გასწვდე, ამიტომ გადავწყვიტეთ, პატარები შევიძინოთ და გავზარდოთ.


ჩვენმა მცენარეებმა მშვენივრად გაიხარა. თუმცა ზურა შევარდნაძის საოცარ ბაღს რომ ვესტუმრეთ, უკვე აღარ გვქონდა არანაირ მებაღე-მემცენარეობაზე პრეტენზია. სხვათა შორის, ჩვენი აივნის გამწვანება ერთგვარი პროტესტიც არის, რომ საშინლად დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება.

ვისაც მცენარეების კერძო სახლებში მოშენების საშუალება აქვს, მაგრამ ამის ნაცვლად ბეტონის ნაგებობებს თუ ფანჩატურებს აშენებს, ცდება. ყვავილებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ, არადა, წესით, ხეხილისა და ყვავილების გახარება უნდა ერჩივნოთ. ჩვენ ამისთვის მხოლოდ აივანი გვაქვს, ამიტომაც გვინდა სიცოცხლე იქ გავაჩინოთ.

- გარემოზე ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ და შედეგიც სახეზეა. ბეტონის გარემოცვასა და ავტომანქანების გამონაბოლქვში უკვე სუნთქვა შეუძლებელია...
- დიღმის გარეუბანში ვცხოვრობთ და სოფელ დიღმიდან სიო გვიბერავს, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს, მიწას დავამუშავებდი. ამ საქმეს იმხელა აზარტი ჰქონია, თითქოს შენ მიერ გაჩენილი სიცოცხლეა, ბავშვის მოვლასავით არის. უდიდესი სიამოვნებაცაა.

ახლა საოცარ მუღამში ვართ, მცენარეების აყვავებას ველოდებით.
განსაკუთრებით გვაინტერესებს კიტრი და პამიდორი. სახლეჩი პამიდორი დავთესეთ, აგვისტოში უნდა შემოვიდეს. მწვანილიც გვექნება. აივანზე როზმარინიც ხარობს და საკუთარი როზმარინით შეკაზმულ შემწვარ კარტოფილზე სიამოვნებით დაგპატიჟებთ, გვეწვიეთ, თავიდან კი მოვლის წესებიც არ ვიცოდით.


- მხოლოდ "დავრგეთ ქოთანში და საკმარისია" ასე არ ყოფილა?
- დიახ, სასუქია ნიადაგში შესატანი, შესაწამლია სხვადასხვა საშუალებით. თუ არ შეწამლე, მცენარე ავადდება, ნაცარს იჩენს, რის გამოც შეიძლება ფოთოლი გაუფუჭდეს.

- მეყვავილეობას ასეთი გულსატკენი მომენტებიც ახლავს. შეიძლება მოიწყინოს, გაფუჭდეს...
- კი, მზად ვარ ასეთ რაღაცებისთვისაც, მაგალითად, ტრანსპორტირებისას ერთ-ერთ ყვავილს ფოთლები დაუზიანდა და ამან გული დაგვწყვიტა, მაგრამ ამასთან შეგუებასაც ვსწავლობთ. რადგან ჯერ დიდი გამოცდილება არა გვაქვს, ხშირად ვიღებთ სპეციალისტებისგან კონსულტაციებს. ჯერჯერობით ერთი მინიატიურული ულამაზესი ნაძვი გვაწვალებს, საახალწლოდ გვინდოდა მოგვერთო, მაგრამ ვერ წამოვჩიტეთ...

- რის მიხედვით არჩევთ მცენარეებს?
- მარადმწვანეებიც გვაქვს, სეზონურად მოყვავილეებიც და ფოთლოვანებიც. მცენარის გახარება-აყვავილების მოლოდინიც ერთობ სასიამოვნოა. გვაქვს როგორც საგაზაფხულო, ისე საზამთრო ყვავილები. როცა გაიზრდებიან და ბიჭიკაშვილების ოჯახის სრულფასოვანი წევრები გახდებიან, სახელებსაც შევარქმევთ.


- ბავშვებს ასწავლით მათ მოვლას?
- ანდრია იმ ასაკშია, რომ მათ მოფრთხილებას ცდილობს, ნიკოს კი საჭმელი ჰგონია ნებისმიერი მათგანი. საერთოდ, მცენარე სანამ ჩვენთან მოვა, "ქასთინგს" გადის.
ნეტავ მეტი დრო მქონდეს მათთვის. ამიტომ მთავარი მებაღე სოფოა - დარგვა, განოყიერება, გასუფთავება, შელამაზება მან აიღო თავის თავზე, მე, ძირითადად, შერჩევა-მოტანა ვიკისრე. ჩვენი უმცროსი ნიკო ხელს კი უშლის, მაგრამ ანდრია ეხმარება.

- საკუთარი გამოცდილებიდან რას ურჩევთ მცენარეების მოვლის მსურველებს?
- ცოტა ფილოსოფიაში გადავიჭრები, მცენარეს ზედაპირულად ნუ შევხედავთ, სიყვარულით შევხედოთ. დავიწყოთ თუნდაც ერთი ქოთნით და დიდი სიყვარულით და მათზე ზრუნვის სურვილიც მეტად გაგიჩნდებათ. თუ ასეთი დამოკიდებულება არ იქნება, სხვანაირად ძნელია. უნდა გიყვარდეს, გინდოდეს, გსიამოვნებდეს - სახლიც გალამაზდება და გამოცოცხლდება. სიყვარულსა და ზრუნვას მცენარე უკან აბრუნებს.

- ბევრი მოყვარული მეყვავილე ამბობს, რომ მცენარეებთან საუბარი აუცილებელიც არის, რომ შედეგი მიიღო.
- კი, კონტაქტი აუცილებელია. ნარინჯისფერი ვარდები მოვიტანე ზურა შევარდნაძის ბაღიდან, ძალიან პატარა კვირტები ჰქონდათ, მაგრამ მუდმივად ვესაუბრებოდით, ვეფერებოდით და მალე აყვავდა, გაგვიღიმა და ასე გვიპასუხა, ჩვენი ოჯახის წევრად ჩათვალა თავი. ახლა მკითხველს არ ეგონოს, რომ სულელი ლაპარაკობს, - ასე არ არის, თუ ამ მიმართულებით არ წავალთ, არაფერი გამოვა.



- სოფელში ბებია-ბაბუას თუ მიხმარებიხარ მუშაობისას?
- იშვიათად. ბავშვობაში, როცა რაჭაში მამიდაშვილ-ბიძაშვილები ვისვენებდით, ბიძაჩემი ყანაში გვამუშავებდა. მიმუშავია ლობიოს, ხახვის მოსავლის აღებაზე, ვაზის გაფურჩნაზე. ყველაზე რთული იყო ლობიოს აღება, მისი დაბერტყვა, გარჩევა. ისე, კაკალიც დამიბერტყავს.

მევენახეობა მაინც ყველაზე ჰაიკლასის მეურნეობა მგონია. არიან მაგარი მევენახეები, რომლებსაც საოცარ ჯიშები გამოჰყავთ. ბიძაჩემიც ერთ-ერთი კარგი მევენახე და მეღვინეა. გამორჩეული ღვინო აქვს. ვაზს დიდი სიყვარულით ეპყრობოდა და ამას გვასწავლიდა ჩვენც. მაშინ ამ ყველაფერს გულისყურით არ ვუყურებდი, რადგან სხვა რაღაცებზე გვქონდა ტვინი გადართული, მაგალითად, წავსულიყავით მდინარეზე და გვებანავა...

- მახსოვს, კულინარიაც გიტაცებდა...
- კი, მცენარეებამდე კულინარია იყო. კერძების კეთება დავიწყე, უფრო ახლოს გავიცანი მწვანილეული, ბოსტნეული... მე და სოფო ეკოლოგიურ პროდუქტებზე ვოცნებობდით, რა კარგი იქნებოდა, რომ საშუალება გვქონოდა, ჩვენვე მოგვეყვანა ბოსტნეული, მწვანილი, ხილი...

ვინც თბილისიდან ქალაქგარეთ საცხოვრებლად წავიდა, მიხედა მეურნეობას, კარ-მიდამოს, ყველა ბედნიერი ადამიანი მგონია. გაუსაძლის პირობებში ვართ - ბეტონის შენობები, გამონაბოლქვი, დაბინძურებული გარემო, ჰაერი... ამიტომ ჩვენი ჰარმონია, როგორც შეგვიძლია, ჩვენვე უნდა შევქმნათ. ევროპაში რომ მივდივართ, ხომ მოგვწონს გალამაზებული აივნები, ჰოდა, ჩვენც შეგვიძლია ეს! უბრალოდ, მონდომებაა საჭირო.

Nato natalias
29 მაისი 2019 09:05
masxara tviton gamodixar, roca adamianze amas cer. Komentari gaakete imaze, razec aris statia dacerili. statia ki martlac saintereso da aucilebel temazea, yochag mat.
nato nataliasircxvilitkveni germanelebo
20 მაისი 2019 00:30
რის ვახო სუფტა ჯაკოა, მასხარა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?