როდის დაედება ქართულ ჭარხალს ფასი?
როდის დაედება ქართულ ჭარხალს ფასი?
ჭარხალი სუფრის აუცილებელი ატრიბუტი და ორგანიზმში ვიტამინებისა და სისხლის აღდგენის წყაროა. ჭარხლის ამ სიკეთეს ადამიანები ჯერ კიდევ მაშინ მიხვდნენ, როდესაც მისი ველური ძირხვენები საკუთარ ბაღში გაახარეს და გააკულტურეს. სხვათა შორის, რომაელები ჭარხალს ღვინითა და წიწაკით ანელებდნენ და ისე მიირთმევდნენ. ჭარხლის ველური ძირხვენები ყველგან ხარობდა, მათ შორის ამიერკავკასიაშიც, შესაბამისად, ჩვენშიც დიდი ხანია გავრცელდა. წინა საუკუნეში ჭარხლისგან შაქრის დამზადების საუკეთესო ტექნოლოგია არსებობდა, მათ შორის შაქრის ქარხანა ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაშიც მუშაობდა. სწორედ
ამ ქარხნის მიმდებარე ზონაში (ცხინვალისა და ქარელის სოფლებში) მოდის ჭარხლის საუკეთესო მოსავალი. ქარხანაც ამ ზონაში მოყვანილი შაქრით აკმაყოფილებდა არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს, არამედ იმპორტსაც აწარმოებდა. დღეს იმავე ქარხანაში შაქარს იმპორტირებული ლერწმისგან ამზადებენ. ადგილობრივების აზრით, აუცილებლად დადგება დრო, როცა ეკოშაქრის წარმოება აღდგება და ქარელის ჭარხალს მეტი
ფასი დაედება. სუფრის ჭარხალი აგარაში დღესაც მოჰყავთ - დაახლოებით 500 ტონა, რაც, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე საღდება, თუმცა გააქვთ საზღვრებს გარეთაც.

ნიკოლოზ ბაქრაძე: - შიდა ქართლში, ქარელისა (ხვედურეთი, ბრეთი, რუისი) და ცხინვალის ზოგიერთ სოფელში, ჭარხალი დიდ ფართობებზე ითესებოდა, ის საუკეთესოდ უძლებს გვალვასაც და სიცივესაც. მართალია, გადაჭარბებული გვალვა და სიცივე კი აფერხებს, თუმცა მაინც მოდის. ამიტომაც ჩვენს ზონაში 1 ჰექტარზე დაახლოებით 100 ტონა პირუტყვის საკვები ჭარხალიც მოჰყავდათY. ჭარხლის მთესავის პროფესიაც გაჩნდა - ქალები ჭარხალს იმდენად სწრაფად და ეკონომიურად თესავდნენ, ტექნიკასაც გაეჯიბრებოდნენ.

დღეს უკვე აგარის ქარხანა შაქარს იმპორტირებული ნედლეულისგან აწარმოებს და ისიც დროდადრო. ესეც გასაგები მიზეზით ხდება - როდესაც ჭარხლის მეურნეობა დაიშალა, ადგილობრივებმა საკმარისი შაქრის ჭარხლის მოყვანა ვეღარ შეძლეს. ვისაც მოჰყავდა, მათაც და ქარხანასაც იმდენი ხარჯი ჰქონდათ, რომ ქარხანამ იზარალა და გაჩერდა.­ გარდა ამისა, მოიშალა ფერმები, რომელთაც ქარხნიდან შაქრის ჭარხლის ნარჩენები პირუტყვის საკვებად გაჰქონდათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ჭარხალს ვერ შეველიეთ. ბაზარიც ჩვენი ტრადიციული ადგილებიდან იღებს ჭარხლის მოსავალს, თანაც არცთუ ცოტას - ქარელის სოფლებში 400-500 ტონა ჭარხალი მოდის.

- რაღა თქმა უნდა, შაქრისა თუ პირუტყვის ჭარხალს, ალბათ, აღარავინ მოიყვანს.
- ახლა სუფრის ჭარხალი მოგვყავს, საადრეოც და საგვიანოც. საადრეო ჭარხალი აპრილის დამდეგს ითესება და დაახლოებით ივნისში შემოდის, საგვიანოს თესვას კი ივლისის მიწურულიდან ვიწყებთ და ნოემბრის ბოლოს ვკრეფთ - ჭარხალს ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს, ხანდახან მის დავარგებას 4 თვეც სჭირდება. ჭარხალს უკვე ტექნიკით ვთესავთ და თანაც ევროპულ ჯიშებს. მე პირადად ჰოლანდიური ჭარხალი მომყავს. ქართული მცირე რაოდენობით არის დარჩენილი ოჯახებში, რადგან ევროპულ ჭარხალზე ბაზარზე მეტი მოთხოვნაა. ქართული ჭარხალი ღია ფერის არის, ევროპული მუქია. დასანანია ადგილობრივი ჯიშის შემცირება, მაგრამ არც ევროპულ ჯიშს აქვს ნაკლები გემური თვისებები. მოსავალს მეტს იძლევა და ასაღებადაც იოლია, ქართული ჭარხალი კი, რომელსაც გრძელი ფესვები აქვს, ძნელია ასაღებად - კარტოფილისგან განსხვავებით, ტექნიკით ვერ აიღებ. ერთი ეგ არის, რომ იმპორტირებული ჭარხლის თესლი ძვირია. გასულ წლებში ამას ემატებოდა ისიც, რომ უხარისხო ან ძველი თესლი შემოჰქონდათ. ერთხელ ძველი თესლი მეც შემომაპარეს, არ ამოვიდა და იმხელა მიწა ტყუილად გამიცდა.

ახლა 2000 კვმ-ზე, სულ მცირე, 10 ტონა ჭარხალი მომყავს. 600 გრამი ჭარხლის თესლი, რომელიც 120 ლარი ღირს, 1000-1200 კვმ-ზე ითესება და საშუალოდ, 5 ტონა მოსავალს იძლევა, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 50 ტონას. ასეთმა მოსავალმა უნდა მოგცეს მოგება.

თუმცა ისეც არის, რომ იშრომებ, იწვალებ და მოგებას ვერ იღებ. შარშან ჭარხლის ფერმერებმა მოგების ნაცვლად ზარალი ნახეს. ეს იმან განაპირობა, რომ დიდი მოსავალი მოვიდა და ვეღარ გაიყიდა. ამას ისიც დაერთო, რომ ჭარხლის დიდი მოსავალი იყო აზერბაიჯანსა და უკრაინაში, სადაც წინა წლებში­ ჩვენი ჭარხალი გაჰქონდათ. ხშირად ბაზარზე თურქული ჭარხალიც გვიწევს კონკურენციას. თესვას მაინც ვაგრძელებთ. მე საადრეო ჭარხალი უკვე დათესილი მაქვს და საგვიანოსაც დავთესავ, თუმცა ცოტას.

ჩვენ ბაზრის გაუთვლელობა გვღუპავს, ამ სფეროს სპეციალისტები არა გვყავს და სხვა გზა არ არის, ფერმერმა საკუთარ გონებას უნდა დაატანოს ძალა - როცა დაინახავს­, ერთი და იგივე კულტურა ბევრი დაითესა, უნდა შეამციროს და სხვა კულტურით ჩაანაცვლოს.
პირადად მე შარშან ჭარხლის დიდი ზარალი არ მქონია, რადგან მის ნაცვლად ზოგიერთ ნაკვეთზე პამიდორი მოვიყვანე და კარგადაც გაიყიდა.

- ჭარხლის ფოთოლს, რომელიც ასევე ძვირფასი საკვები კულტურაა, თუ ყიდით?
- ჭარხლის ფოთოლი მალე ფუჭდება და მისი რეალიზაცია გვიჭირს, თუმცა ზოგიერთი მეჭარხლე მაინც ყიდის. მე ნაცნობებს ვჩუქნი. რაც დარჩება, ლპება და ნიადაგის სასუქად იქცევა.

- რას ურჩევდით მას, ვისაც ჭარხლის დათესვა მხოლოდ საკუთარ ბოსტანში უნდა.
- ჭარხალი ბოსტანში ყველას უნდა ჰქონდეს, ამიტომაც დათესონ მოყვანილი კარტოფილის, კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრის ადგილას და არავითარ შემთხვევაში­ სტაფილოსი - ამ ადგილს ვერ შეეგუება.­ მისი მოვლა ადვილია. ვეგეტაციისას ჭარხლის საუკეთესო სასუქად ითვლება ნაცარწყალი (200 გ ნაცარი 10 ლ წყალი 1მ2-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?