ზოლებიანი ღამის დარაჯი
ზოლებიანი ღამის დარაჯი
აფთარზე ხალხში უამრავი ტყუილ-მართალია გავრცელებული. ბევრი ადამიანის წარმოდგენაში ის ბოროტი მტაცებელია, რომელიც არავის ინდობს, სპეციალისტები კი აფთარს უწოდებენ "ბუნების სანიტარს", რომელსაც ეკოსისტემისთვის სიკეთე მოაქვს. ამ იშვიათ ცხოველზე საუბარი თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ვთხოვეთ.

- აფთარი ძალიან საინტერესო ცხოველია. საქართველოში გავრცელებულია მისი იშვიათი სახეობა - ზოლებიანი აფთარი. ის, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, მეტად მცირე რაოდენობით. ამ ცხოველის რიცხოვნობა სულ უფრო იკლებს. მისი საბინადრო ადგილი მშრალი ბუჩქნარებია და ასეთი ადგილები სწორედ
სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშია.

ზოლებიანი აფთარი ღამის ცხოველია, ძირითადად, დაღამებიდან გათენებამდეა აქტიური, ამიტომ ძნელად აღმოსაჩენი და სანახავია. ყველაზე დიდი რაოდენობით აფრიკაში ბინადრობს, აზიაში კი გაცილებით ნაკლები გვხვდება. თუმცა აფთრის ნახვა ყველგან ძალიან რთულია, ამიტომ მისი შესწავლაც ძნელია. საქართველოში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია, რომ აფთარი ნახეს. მე თვითონ გასული
საუკუნის 90-იან წლებში ვნახე, როცა ზოლებიან აფთარზე მორიგი ექსპედიცია მოეწყო. ამის შემდეგ მისი დეტალური შესწავლა აღარ გაუგრძელებიათ და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს. ამ მიზეზით ზოლებიანი აფთრის ზუსტ რაოდენობასაც ვერ დავასახელებ. მიჩნეულია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 10 ათასი ინდივიდი ცხოვრობს. ზოლებიანი აფთარიც წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი ცხოველი.

- საქართველოში როგორია მისი მდგო­მარეობა?
- საქართველოსა და მთელ კავკასიაში­ ის გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად არის მიჩნეული.
ზოლებიანი აფთარი ჭრელი შეფერილობის საკმაოდ ლამაზი ცხოველია სპეციფიკური გარეგნობით. მისი წონა 25-დან 50 კილოგრამამდე მერყეობს, ხოლო სხეულის სიგრძე 1 მეტრამდე აღწევს. წინა ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე უკანა, რის გამოც სხეულს დაქანებული ფორმა აქვს. აფთარს მძლავრი კისერი, თავი და ძლიერი ყბები აქვს და იმდენად ძლიერი კბილები, რომ ძვლებს თავისუფლად ფქვავს. მისი ბეწვი მაღალი ხარისხის არ არის, პირიქით, უხეშია და სარეწად არ გამოდგება. ზოლებიანი აფთარი, ძირითადად, ლეშით იკვებება. ის საკმაოდ მოუქნელი ცხოველია, თავისი სხეულის აგებულების გამო აქტიური ნადირობა არ შეუძლია, განსხვავებით ხალებიანი აფთრისგან, რომელიც ძალიან აქტიური მონადირეა. ზოლებიან აფთარს სწრაფი სირბილიც არ შეუძლია.

- რამდენ ხანს ცოცხლობს?
- უახლესი კვლევებით დადგენილია, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 24 წელია. ზოლებიანი აფთარი ყოველთვის წყლის სიახლოვეს ბინადრობს, რადგან წყალი მისთვის აუცილებელია. თუ მღრღნელებსა და ჩლიქოსნებს შეუძლიათ წყალი საკვებიდანაც მიიღონ, მტაცებლებისთვის ეს გამორიცხულია, ამიტომ აფთარს არ შეუძლია დიდი მანძილით დაშორდეს წყალს.

- რამდენად მართალია ის, რასაც აფთარზე ამბობენ?
- ხალხში ამ ცხოველზე უამრავი მითი და ლეგენდა ვრცელდება. ამბობენ, რომ შეიძლება სახლში შევიდეს და ბავშვები მოიპაროს, მიცვალებულები საფლავიდან ამოთხაროს და შეჭამოს და ა.შ. ეს ყველაფერი სიცრუეა: შეიძლება აფთარი გვამს გადააწყდეს და მართლა შეჭამოს, მაგრამ საფლავზე რომ მივიდეს და სპეციალურად ამოთხაროს, ეს უფრო ფანტასტიკის სფეროა, ვიდრე სინამდვილე. ამ არასწორი ხმების გამო ზოლებიან აფთარს ყოველთვის ებრძოდნენ და ანადგურებდნენ.

- აფთარს "ბუნების სანიტარსაც" ეძახიან, რატომ?
- ზოლებიანი აფთარი ლეშიჭამია ცხოველია, საკმაო რაოდენობით ლეშს ანადგურებს და როგორც ყველა ლეშიჭამიას, ეკოსისტემაში ძალიან დიდი ფუნქცია აქვს.

- ამბობენ, რომ გასულ საუკუნეებში ზოლებიანი აფთარი თბილისამდეც აღწევდა. მას ნახულობდნენ კუკიაზე, მარტყოფში, მახათას მთაზე და ა.შ.
- ასეთი ცნობები მართლაც შემორჩა. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს ის მთელ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ შემდეგ ძალიან შემცირდა. მისი გადაშენების ერთი მიზეზი არ არსებობს, ეს მიზეზების მთელი კომპლექსია. ერთ-ერთი ის იყო, რომ 1960-იანი წლების შუა ხანებამდე მტაცებლებსა და მათ შორის, ზოლებიან აფთარზე, ნადირობა დაშვებული იყო, მათი დახოცვისთვის სპეციალური პრემიაც დააწესეს. ასე განადგურდა ძალიან ბევრი მტაცებელი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ზოლებიანი აფთარი ამჟამად შუა აზიაშია შედარებით დიდი რაოდენობით შემორჩენილი. ჯერ გაანადგურეს, მერე კი წითელ წიგნში შეიტანეს და მისი დაცვა დაიწყეს - ასეთი უცნაური მეთოდების გამო ზოლებიანი აფთრის რაოდენობა დსთ-ის სივრცეში კრიტიკულ ზღვარზეა.



- კიდევ რა არის ზოლებიანი აფთრის გადაშენების მიზეზი?
- საქართველოში მისი შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გარეული ჩლიქოსნების გაქრობაა: გადაშენდა ჯეირანი, უფრო ადრე გაქრა ირემი და ეკოსისტემა დაცარიელდა. მისი საკვებიდან მხოლოდ გარეული ღორია დარჩენილი, რომელიც არც ისე მრავალრიცხოვანია, თანაც აფთარი უფრო მცირე ზომის ცხოველებზე ნადირობს.

- ამბობენ, რომ ზოლებიანი აფთარი ალაზნის ველზეც შემორჩა...
- აღმოსავლეთი საქართველო, ალაზნისა და ივრის ნაპირები - ანუ თბილისის­ აღმოსავლეთი მხარე - მისი გავრცელების არეალია. როგორც ამბობენ, ადრე ის მტკვრის ხეობაშიც უნახავთ. ეს სიმართლ­ესთან ახლოსაა, რადგან მტკვარი თურქეთს ესაზღვრება და იქიდან იოლი იქნებოდა მისი შემოსვლა.

- აფთარი ფრინვე­ლებზე ნადირობს?
- ფრინველის დაჭერა გაუჭირდება, რადგან ძალიან ნელი ცხოველია, თუმცა ბუდეების განადგურებასა და ფრინველების კვერცხის მოპოვებას თავისუფლად ახერხებს.

- რამდენ ლეკვს ზრდის ზოლებიანი აფთარი?
- 2-5 ლეკვს ბადებს და მათ დედა უვლის. საინტერესოა, რომ მდედრისა და მამრის სასქესო ორგანოები ვიზუალურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ამიტომ ბევრს ეგონა, რომ აფთარი სქესს იცვლის, თუმცა ეს ევოლუციური თავისებურებაა, რომელიც აფთარზე გავრცელებულ მორიგ მითად იქცა.

ზოლებიანმა აფთარმა შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, მაგრამ დიდი მიგრაცია არ ახასიათებს. ის ბუნებაში მარტო ან წყვილად ცხოვრობს, დიდ ჯგუფებს არ ქმნის. გარდა მშრალი, ბორცვიანი ადგილებისა, მოსწონს სავანის ტიპის ტყეებიც. ზოლებიან აფთარს კიდევ ერთი თავისებურება აქვს: ზურგზე გრძელი ბეწვი აქვს, რომელიც თავდაცვისას წამოეშლება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ტანით უფრო დიდია.

- ჩვენს ზოოპარკში თუ გყავთ ზოლებიანი აფთარი?
- გვყავდა და ივნისის წყალდიდობის დროს დაიღუპა, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება - ყველანაირად ვეცდებით, ეს ჩანაფიქრი ავისრულოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები