4 ინდაურითა და 6 ჭუჭულით დაწყებული ბიზნესი - კვირის პალიტრა

4 ინდაურითა და 6 ჭუჭულით დაწყებული ბიზნესი

"იმედი გვაქვს, უახლოეს ხანში ფერმას თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანთ"

შესაძლოა, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზღაპარივით ამბები სოფლის მეურნეობაშიც ხდება და ღარიბი კაცის ოცნება, რომ ქილა ერბოთი გამდიდრდეს, მართლაც არ არის არარეალური, თუკი ოცნებას შრომისმოყვარეობასა და აზროვნებას შეუთავსებ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ხუთი წლის წინ სწორედ ასე - 4 ინდაურითა და 6 იხვით ფერმა შექმნა 25 წლის თეო სეხნიაშვილმა და მეუღლე დავით ალხანიშვილიც აიყოლია, დღეს კი თეოს ფერმა გულსაც ახარებს და თვალსაც.

დავით ალხანიშვილი: - დედოფლისწყაროს ცხელი ჰავისა და გვალვიანი ზაფხულების შესახებ, ალბათ, ყველამ იცის. შეიძლება ერთ წელიწადს ისეთი გვალვიანი ზაფხული დადგეს, ხალხი უმოსავლოდ დატოვოს. ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი - გვალვას დიდ ფართობზე არაერთხელ გაუფუჭებია ჩემი მარცვლეული.

2012 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა სოფელ ხორნაბუჯში, დაახლოებით 1 ჰექტარზე, მიტოვებული და განადგურებული ფერმა შევიძინეთ. ვიყიდეთ ხბოები და ცხვრები, რომელთა დაზრდა და გაყიდვა გადავწყვიტეთ, მაგრამ სწორედ იმ წელიწადს ისეთი გვალვა დაემთხვა, როგორიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გარშემო მწვანე ბალახიც კი აღარ დარჩა პირუტყვის გამოსაკვებად. მარცვლეული ხომ საერთოდ არ მოვიდა. ამიტომ პირუტყვი ძალიან იაფად გავყიდეთ და მეურნეობაზე ოცნებასაც მოვეშვით, მე კი ისევ განადგურებული ფერმა დამრჩა.

ამ პერიოდში დავქორწინდი და მერე საოჯახო სასტუმროს აშენება გადავწყვიტე - დედოფლისწყაროში ულამაზესი ადგილებია და ტურისტების რიცხვიც ნელ-ნელა იმატებს. ფერმის მახლობლად მქონდა ადგილი, რომელიც დედოფლისწყაროს ოაზისია - ივლისის პაპანაქებაშიც კი, როცა ყველაფერი ვარვარებს, ამ ადგილზე ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაბალია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლესაც თავისი გეგმები ჰქონია. მითხრა, შინაური ფრინველის ფერმის გაკეთება მინდაო. ჩემმა მამიდაშვილმა იხვის 6 ჭუჭული აჩუქა, თეომ ამას 4 დედალ-მამალი ინდაური მიუმატა და მეც ჩვენს ფერმას ძველი მასალებით ხელი შევავლე. კაცმა რომ თქვას, არ მჯეროდა, რომ 4 ინდაურითა და 6 ჭუჭულით ბიზნესის დაწყება შეიძლებოდა, თანაც იხვებისგან განსხვავებით, ინდაური მოსავლელად უფრო რთულია. ის მონადირე ფრინველია, სულ უნდა ატარო და აბალახო, თორემ ვერ გაიზრდება, მაგრამ როგორც ჩანს, ქალის ბუნება ვერ გავითვალისწინე - მხოლოდ ქალებს შეუძლიათ, წლების განმავლობაში შედეგს მოთმინებით და მშვიდად ელოდონ.

ჩემს მეუღლეს ინდაურების ყოველდღე საბალახოდ ტარება არ დაზარებია, მერე იმდენი ქნა, ინდაურების კვერცხები შეაგროვა, ჭუკებიც დააჩეკინა და მომდევნო წელიწადს 70 ინდაურიც გაყიდა, რამდენიმე ცალი კი ისევ გასამრავლებლად დაიტოვა.

ინდაური ძვირია და ჩვენც 1 კილოგრამი დაახლოებით 20 ლარად გავყიდეთ. ამ დროს ჩემმა მამიდაშვილმა 30 კვერცხისმდებელი იხვი გვათხოვა - მოუარეთ და კვერცხი გამოიყენეთო.

ჩვენც ასე მოვიქეცით - იხვების კვერცხი ინკუბატორში მიგვქონდა დასაჩეკად, ჭუკებს კი ვყიდდით. მაგრამ დავინახეთ, რომ სხვისი ინკუბატორის გამოყენება დიდ ხარჯს მოითხოვს და თეომ ახლა ინკუბატორის ყიდვა გადაწყვიტა! ასე შევიძინეთ ინკუბატორიც და ახლა უკვე წიწილებსაც ვაჩეკინებთ. ამის შემდეგ თითო-ოროლა ცხვარი და ღორიც გავზარდეთ ამ ერთ ფერმაში.

- და მხოლოდ თქვენ ორნი უვლით... - მშობლები გვეხმარებიან, თუმცა, ძირითადად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ სახლში. ახლა

ფერმის მახლობლად ფრინველების გამოსაკვებად მარცვლეულიც დავთესეთ. და კიდევ ერთი: რომ დაგვინახეს, შრომა შეგვიძლია, აგროტურიზმის ასაწყობად საოჯახო სასტუმროს აშენება დაგვიფინანსეს. ასე რომ, ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ჩავდგი ხის 4 კოტეჯი, რომლებშიც სტუმრებს ველით.

უცხოელები გვწერენ, გვინდა მეურნეობაში მოგეხმაროთ, თქვენთან ერთად შრომაში მივიღოთ მონაწილეობაო. სწორედ აგროტურიზმის გამო შევიძინეთ ფერმაში გასამრავლებლად კურდღელი, კოლხური ხოხობი და მწყერი. რაც მეტი არჩევანია, მით უფრო სასიამოვნოა ტურისტისა და მასპინძლისთვის.

- თქვენი შრომისმოყვარეობით ხალხსაც მაგალითს აძლევთ... - ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, სიზარმაცე რომ არ გვჯობნიდეს. ჯერჯერობით ბოლომდე არაფერი გვაქვს აწყობილი და რეალიზაციაზეც ვწვალობთ, მაგრამ საკუთარი შრომით ტკბობა რომ შეიძლება, ამაში დარწმუნებული ვარ.

- პროდუქტს როგორ ყიდით? - ჯერჯერობით არცთუ ადვილად: დაკლულ-გასუფთავებულ ფრინველს დედოფლისწყაროდან ხან "მარშრუტკით" ვგზავნით სხვადასხვა მიმართულებით, ხანაც - ტაქსით, რაშიც ნათესავები გვეხმარებიან. ვერ წარმოიდგენთ, პროდუქტის გაყიდვაში როგორ შეგვიწყო ხელი სოციალურმა ქსელმა. ეს საქმეც თეომ ითავა და ფერმის გვერდი გააკეთა. აქ ხალხი ხედავს, როგორ პირობებში ვზრდით ფრინველს და შეკვეთასაც სიამოვნებით გვაძლევს. მომავალში, ალბათ, მეტი შრომა მოგვიწევს - უახლოეს ხანში ფერმას თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანთ, რითაც ჩვენს შრომას ნაყოფიერება მოემატება.