"საქართველო - ღვინის სამშობლო" - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო შეაყვარა - კვირის პალიტრა

"საქართველო - ღვინის სამშობლო" - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო შეაყვარა

"მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა", - წერდა ილია ჭავჭავაძე. მართლაც, საკუთარი ვინაობის დაცვა ეროვნული კულტურის, ისტორიული ძეგლებისა თუ ენის შენარჩუნებაშია. ამ ჩამონათვალში შეუძლებელია მოწინავე ადგილზე არ მოხვდეს უნიკალური ქართული ღვინო თავისი 8000-წლიანი ისტორიით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე თვის წინ Forbes-ის, National Geography-ის, BBC-სა და სხვა ავტორიტეტული გამოცემების მეშვეობით მსოფლიოს გააცნო.

დღეს უკვე უხერხულია, თუ ავტორიტეტულმა სომელიემ თუ რესტორატორმა ქართული ღვინის შესახებ არაფერი იცის, ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც ველური ვაზის მოშინაურება დაიწყეს, საიდანაც ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ეს ტრადიცია კი პოპულარიზაციას საჭიროებს, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წელს ბორდოში გამოფენების სერიით შეუდგა. წლეულსაც სააგენტომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" განახორციელა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინოსთან ერთად, ქართული კულტურისა და სუფრის პრეზენტაციაც გამართა.

სახელმწიფო პროექტი იაპონიაში ორ თვეს გაგრძელდა, რომლის დროსაც სარეკლამო ბანერები ტოკიოს მეტროშიც განთავსდა - მეტროსადგურიდან მგზავრებს იმ საგამოფენო დარბაზში შეეძლოთ მოხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ ყველაფერს შეიტყობდნენ.

პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" იაპონიაში ქართული სუფრის პრეზენტაციით დასრულდა, რომელსაც პოპულარული სუმოისტები, ტოჩინოშინი და გაგამარუ უძღვებოდნენ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ გვიამბო, დასკვნითი ღონისძიება "გაკუში კაიკანის" სივრცეში გაიმართა. მისივე თქმით, როცა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამის სივრცეს ეძებდნენ,""გაკუში კაიკანი""განსაკუთრებული მიზეზის გამო შეარჩიეს:

"ეს გახლავთ წამყვანი საუნივერსიტეტო ბაზა ტოკიოში, რომელიც 90 წლის წინ დაარსდა. საინტერესოა, რომ ჩვენი კავშირი მასთან 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველად ჩავედით და ვეძებდით პოტენციურ ფართობს, თუ სად შეიძლებოდა გამართულიყო სახელმწიფო პროექტი. მაშინ ის არ გამოგვადგა, რადგან ექსპონატებისა და არქეოლოგიური მასალისთვის სპეციალური დაცვა იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, ისე თბილად შეგვხვდნენ იქაური თანამშრომლები, რომ გადავწყვიტეთ, როდესაც ეს პროექტი ტოკიოში განხორციელდებოდა, ზოგიერთი ღონისძიება იქაც მოგვეწყო და ორი სწორედ აქ გავმართეთ.

ახლა იქაურ პროფესორ-მასწავლებლებსა და ამ სივრცის დირექტორს საქართველოში ველოდებით, ამის სურვილი მათ თავად გამოთქვეს, თავდაპირველად კი ჩვენ ერთმანეთს საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ დაგვაკავშირა. მან მითხრა, რომ არის ხალხი, რომელთაც სურთ, ამ სივრცის დაარსებიდან 100 წლის საზეიმო ღონისძიებაზე ქვევრში დაყენებული ღვინო გახსნან", - აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც "გაკუში კაიკანის" საიუბილეო ღონისძიებაზე ქართული ღვინის დაგემოვნება გადაწყდა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, მათ სახელზე ღვინო დააყენოს.

რა შედეგები მოიტანა იაპონიაში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს და პროექტის მენეჯერს, დავით ტყემალაძეს ვესაუბრეთ:

- რა იყო პროექტ "საქართველო - ღვინის სამშობლოს" მიზანი და რა აქტივობები მოეწყო წლეულს მის ფარგლებში? - პროექტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ასევე, სამეცნიერო აღიარების გავრცელება მსოფლიოში და ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრება. ეს არის სარეკლამო და პიარღონისძიება, რომელსაც თან ახლავს ღვინო და ღვინის რეკლამირება, რომ ვართ მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლო, ვაწარმოებთ ღვინოს და შესაბამისად, რამდენიმე პირდაპირ სარგებელს ველოდებით, მათ შორის, ექსპორტის გაზრდას და ამიტომაც შევარჩიეთ ერთ-ერთ სამიზნე ბაზრად იაპონია.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი გაეცნო არტეფაქტებსა და უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა მოპოვებული, მათ შორის იმ თიხის ნიმუშს, რომელზეც ღვინისეული წარმოშობის მჟავას მიაკვლიეს. ეს ექსპონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობით ერთობლივად იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება: სემინარები, მასტერკლასები, ქართული სუფრის პრეზენტაცია, რომელშიც ტოჩინოშინი მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოაწყო პრეზენტაცია და წარადგინა ძალიან საინტერესო პროექტი - "საქართველო - ღვინის გზა".

ჩვენს ყველა ღონისძიებას აქვს უკუგება - იწერება სტატიები, დაინტერესებული პირები მოდიან ან გვიკავშირდებიან. გვწერენ ბლოგერებიც, ჟურნალისტები ან ტურიზმითა და ღვინით დაინტერესებული ხალხი და ჩვენთვის ეს სასიამოვნოა.

- საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ კონკრეტულად იაპონიის ბაზარზე როგორი განწყობა შეინიშნება?

- უკვე გვაქვს ციფრები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონიის ბაზარზე ბოლო წლებში ძალიან მოიმატა რეალიზაციამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ღვინის მოხმარებით ტრადიციული არ არის, მაგრამ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და სურს სიახლეები დანერგოს, მათ შორის ღვინისა და ღვინის პროდუქტების მხრივ.

სახელმწიფო პროექტის გახსნის დრო - 10 მარტი დავამთხვიეთ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმს და ეს შანსიც გამოვიყენეთ - საზეიმო მიღებაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერი და მინისტრები ესწრებოდნენ, მაღალი რანგის ბიზნესწრეებიდანაც მოვიწვიეთ სტუმრები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან მალე მოიტანს შედეგს.

- ძირითადად, ვინ ინტერესდებოდა ქართული ღვინით, ბიზნესწრეები თუ რიგითი მოქალაქეები? - ჩვენს ღონისძიებებს უმეტესად ესწრებოდნენ ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები, დარგის ექსპერტები, ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები და რიგითი მოქალაქეები.

საქართველო რომ დადასტურებულად ღვინის სამშობლოა, ღვინის ინდუსტრიაში სიახლეა. რამდენიმე წლის წინ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი კოზირი გახდა ამ დიდ ინდუსტრიაში. საქართველოს უკვე"აღიქვამენ ღვინის არა როგორც რიგით კარგ მწარმოებლად, არამედ ექსკლუზიური და ძალიან უნიკალური პროდუქციის შემქმნელად.

იაპონიაში ბევრი მეგობარი გავიჩინეთ: ჟურნალისტები, გამომცემლები, ღვინის სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

- როგორ ფიქრობთ, თქვენმა ღონისძიებებმა რამდენად უბიძგა დამთვალიერებლებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გაეცნონ მის კულტურას? - ვფიქრობ, დიდწილად უბიძგა. საქართველოში უკვე ორი ჯგუფი მივიღეთ: იაპონელი ჟურნალისტებისა და იაპონიის წამყვანი ტელეარხ NHK-ს გადამღები ჯგუფი. ისინი საქართველოში უკვე მუშაობენ. სწორედ ჩვენი გამოფენით გაიცნეს მათ საქართველო და გადაცემის მომზადებაც დაიწყეს.

- როგორია თქვენი გეგმები? - საფრანგეთისგან განსხვავებით, ღონისძიებების ფორმატი იაპონიაში ცოტა შეიცვალა. Sony Musical Communications-თან პარტნიორობით შევძელით და სახელმწიფო პროექტზე ახალი სიტყვა ვთქვით. ეს იყო ჩანახატები საქართველოზე, ღვინის ისტორიაზე. ვიდეოპროექციის მსვლელობისას, დამთვალიერებლებს შეეძლოთ ინტერაქციული (warp square) ტექნოლოგიის მეშვეობით ეკრანზე სასურველი ინფორმაცია გამოეტანათ. ალბათ, მომავალში ამ პროექტსაც გამოვიყენებთ, კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკას მოვარგებთ.

ახლა ჩვენი საელჩოების დახმარებით ამერიკის, ჩინეთისა და კორეის ბაზრებზე გასასვლელად ვმუშაობთ. ბუნებრივია, ჩინეთის ბაზარზე უკვე ვართ და გვინდა ეს პროექტი იქაც ჩავიტანოთ. ასევე, რამდენიმე წელიწადია, აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზრისთვისაც და ვგეგმავთ, რომ პროექტი იქაც განვახორციელოთ. ერთი სიტყვით, 2020-2021 წლებისთვის როგორც ქვეყნის დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სანაპიროზე გვინდა წარვადგინოთ ჩვენი სამშობლო.

მარიამ მენაბდიშვილი