ჩვენი მუგუზალივით შავი და თეთრგულა ვინდი - კვირის პალიტრა

ჩვენი მუგუზალივით შავი და თეთრგულა ვინდი

ასეც ხდება - ოცნებობ რაღაცაზე და არაფერს აკეთებ ამ ოცნების ასახდენად, თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად სასწაული ხდება. ასე ოცნებობდა ჩვენი მეგობარი დაკოტა, "პალიტრავიდეოს" რედაქტორი, ჰყოლოდა ძაღლი, ოღონდ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, ერთ დღეს კი ოცნება კარზე თავისი ფეხით მიადგა...

"ზუსტად არ ვიცი, რა ჯიშისაა. როგორც ვეტერინარმა გვითხრა, ტერიერის ნაჯვარია, თუმცა, მგონია, ჯიშს მნიშვნელობა არა აქვს. უზომოდ მიყვარს ჩვენი ვინდი", - გვეუბნება დაკოტა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ გახდა ძაღლი მათი ოჯახის წევრი.

- 4 დეკემბერი იყო, ქარიანი და ცივი დღე. შინ მხოლოდ ჩემი ძმა იყო. კარი რომ გააღო, პატარა, შავი არსება დახვდა. არ ვიცით, როგორ გაჩნდა იქ, თანაც - მეთექვსმეტე სართულზე.

ჩემმა ძმამ სამსახურში დამირეკა - პატარა ცუგა წევს ჩვენი კარის წინ და რა ვქნაო. შეიყვანე სახლში, დავბანოთ და ვაჭამოთ-მეთქი... თავიდან ვიფიქრეთ, რომ მოვუვლიდით და მერე გავაჩუქებდით, მაგრამ როგორც კი სახლში ფეხი შემოდგა, მაშინვე ყველას შეგვაყვარა თავი და აღარ გვიფიქრია, ვინმესთვის მიგვეცა.

მეხუთე წელიწადია, ჩვენთან არის. როგორც ვეტერინარმა გვითხრა, 5-6 თვის იყო, როცა ჩვენთან მოვიდა (კბილების მიხედვით მიხვდა). ჰქონდა საჭდე, რაც ნიშნავს, რომ ცოფზე აცრილი იყო.

ასეთია ჩვენი მუგუზალივით შავი და თეთრგულა ცუგას ამბავი.

- შენგან ხშირად მსმენია, ადამიანივით არისო... - თავიდან საერთოდ არ ყეფდა და ვიფიქრეთ, რაღაც უჭირდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მდუმარე იმიტომ გახლდათ, რომ ძალიან შეშინებული იყო. ახლა ყეფს, ძირითადად, მაშინ, როცა საჭმელს ითხოვს. ისე, მშვიდობისმოყვარეა. სხვა ძაღლებთან ურთიერთობას არ ცდილობს. მოფერება უყვარს ძალიან. ჯოხსაც რომ ვუგდებ, ბოლომდე მისვლა ეზარება და უკან ბრუნდება. ისე ვექცევი, როგორც თანასწორს, ოჯახის წევრს, რომელსაც იგივე უფლებები აქვს, უბრალოდ, ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ გარეშე ვერ იარსებებს.

- ვინდი რატომ დაარქვით? - იმიტომ, რომ ქარიან დღეს ვიპოვეთ, თუმცა იმდენ სახელს ვეძახით, მგონი, არც იცის, ვინდი რომ ჰქვია.

- არც მისი მოვლა უნდა იყოს რთული. - ყველას ჩვენი მოვალეობა გვაქვს. მე დღის განმავლობაში ორჯერ ჩამყავს ეზოში გასასეირნებლად. მამაჩემი საჭმელს აჭმევს, დედა დილას ასეირნებს, ჩემს ძმას კი ექიმთან დაჰყავს. რაც შეეხება ბანაობას, თუ წვიმიანი დღეა, შეიძლება სამჯერაც დავბანოთ. პატარა რომ იყო, რაღაცებს ღრღნიდა. მერე მივხვდით, როგორ უნდა გამოგვესწორებინა ვითარება და სათამაშოები ვუყიდეთ. ძაღლი როცა გყავს, უნდა შეეგუო, რომ შეიძლება, რაღაცები გააფუჭოს. თან ისეთი თვალებით გიყურებს, შეუძლებელია, გაუბრაზდე.

ხშირად, მასთან ერთად რომ ვსეირნობ, ბავშვით თუ მოდის ვინმე, პატარას ეუბნებიან, გამოიწიე, არ გიკბინოსო. ეს არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ბავშვებს ძაღლის შიში არ უნდა ჩავუნერგოთ. ძაღლს თუ არ გააღიზიანებ, ან თუ ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს, არავის უკბენს.

- ძირითადად რას ჭამს? - ფუფუნებაში გვყავს - თავის საკვებს ხომ მიირთმევს და მოხარშულ ქათმის ფილესაც ვუმატებთ. ძალიან უყვარს თევზი და ერთადერთი საკვებია, რის გამოც შეიძლება აყეფდეს. მნიშვნელოვანია ხილი და ბოსტნეულიც, მაგრამ სტაფილოს გარდა არაფერს ეკარება.

ძაღლის ყოლისას სახლში ვითარებაც იცვლება. ყველანი მასზე ვზრუნავთ, თვითონაც, მადლიერების ნიშნად, ჩვენ მიმართ სითბოს გამოხატავს..

- მეთექვსმეტე სართულზე სანამ აიყვან, ალბათ, ბევრ მეზობელს ხვდები. როგორ ხვდებიან ვინდის? - უყვართ, ეფერებიან, მოიკითხავენ... აინტერესებთ, წონა მოიმატა თუ დაიკლო... როგორ ჭამს, როგორ თამაშობს...

ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ სხვა ძაღლებთან არ მეგობრობს. როცა სხვა ძაღლებს უყეფს (უმეტესად - თავისზე დიდებს), ვამშვიდებ. რატომღაც ჰგონია, რომ სამყაროს ცენტრია და ქუჩაში თითქოს საკუთარი ღირსების შეგრძნება ემატება.

- ძაღლის აყვანისას მის ჯიშს მნიშვნელობა აქვს?

- არა. ძაღლი მეგობარია და მეგობრებს წარმომავლობის მიხედვით არ ირჩევენ. მთელი ცხოვრება ლაბრადორი მინდოდა მყოლოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს ცუგას ვერც ერთი ძაღლი ვერ შეედრება. ვისაც ძაღლის აყვანა უნდა, უნდა ახსოვდეს, რომ ქუჩაშიც და თავშესაფარშიც უამრავი ძაღლია, რომლებიც მოსიყვარულე ოჯახებს ელოდებიან. ოჯახისთვის კი ძაღლი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

შოტლანდიაში გამოცდებით დაღლილ სტუდენტებს განტვირთვისთვის ძაღლები მიჰყავთ. იმ ოჯახებსაც, სადაც აუტისტური სპექტრის ბავშვები ჰყავთ, ძაღლის აყვანას ურჩევენ. უამრავი დოკუმენტური ფილმი მინახავს, თუ როგორ ეხმარებიან გაწვრთნილი ძაღლები ბავშვებს...