"მოდი, ვნახოთ ტყე..."
"მოდი, ვნახოთ ტყე..."
ექიმობა უნდოდა, ამისთვის ემზადებოდა კიდეც, მაგრამ ბოლოს აგრარულ ინსტ­იტუტში დაეუფლა მეტყევე ინჟინრის პროფესიას. ამბობს, რომ უკვე 46 წელიწადია, რაც ტყეშია... მეტყევეობა მისთვის საყვარელი საქმეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე­ მარინა­ სუჯაშვილი საქართველოს დამსახურებული მეტყევეა. ქალბატონი მარინა საქართველოს ტყესა და მის პრობლემებზე გვესაუბრება.

- 1973 წლიდან სატყეო საქმეს ვემსახ­ურები, ამან პროფესიის სიყვარული და ჩემი შრომის დაფასება მომიტანა. საქმიანობა რომ დავიწყე, მაშინვე გამოცდილ მეტყევეებთან მომიწია კონტაქტმა, რომლებიც
ჩემი მასწავლებლები გახდნენ.

ძალიან დიდი სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ ტყეს შორის. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ის იყო, როცა 20-25 წელიწადი მეტყევეების სიმცირე გვქონდა და ეს საქმიანობა პრესტიჟულად არ ითვლებოდა. დღეს უკვე პრესტიჟული ხდება, რაც მახ
არებს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა მეტყევეების გადამზადებას... თუ ტყის მართვა სწორად არ წარიმართება, ჩვენი ტყეები ამდენ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს.


1989 წლამდე ტყეზე წნეხი დიდი არ იყო. ჯერ ერთი, დიდი რაოდენობით ხეტყე შემოდიოდა რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, სისტემურად მიმდინარეობდა ტყის სანიტარიული ჭრაც. მერე ცუდი პერიოდი დაიწყო, რასაც უაზრო ჭრა მოჰყვა და ტყეც განადგურდა.

- დაუგეგმავი ჭრის გარდა, კიდევ რა ანადგურებს ტყეს?
- დაბინძურებული ჰაერი ტყეს ნაადრევად აბერებს. ასეთ მდგომარეობაში მავნებლებიც ადვილად ერევა.
გარდა ამისა, ჩვენს ტყეებში გავრცელებულია ქერქიჭამია, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამცხე-ჯავახეთშია. მას 2013 წლიდან ვებრძვით, განთავსებული გვაქვს მწერმჭერები, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც ტყის სანიტარიული ჭრაა.


კიდევ ერთი თავსატეხი გვაქვს - ბზა, რომელზეც ბზის ალურაა მოდებული. ის ინვაზიური მავნებელია და როგორც ამბობენ, სოჭის ოლიმპიადის დროს შემოტანილ მცენარეებს შემოჰყვა. ბზის ალურამ ბზის კორომები ლამის გაანადგურა. ახლა ვცდილობთ თუნდაც საკონსერვაციო მასალა შევინარჩუნოთ, რათა კალმები დავამზადოთ, სანერგეებში გავზარდოთ და ტყეში დავაბრუნოთ.

ზოგიერთ მონაკვეთზე სასიხარულო შედეგი გვაქვს - მოზარდაღმონაცენი წამოვიდა. მონიტორინგს მუდმივად ვატარებდით, სამ წელიწადს ბიოლოგიურად ვწამლავდით იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, მაგრამ სათანადო შედეგს ვერ ვიღებდით. შედგენილია ბზის კორომების გადარჩენის გეგმა და მუშაობს საბჭო, რომელშიც როგორც მეცნიერები,­ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. იმედია, კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ენდემი და რელიქტია, გადარჩება.



- ხანძრებიც ქართული ტყის ერთ-ერთი­ მწვავე პრობლემაა. 2017 წელს ბორჯომის ტყეს დიდი ზიანი მიდგა.
- 2017 წელს 943 ჰექტარი განადგ­ურდა, 2008 წელს დაბის ტერიტორია და ცოტა იქითაც (1000 ჰექტარი)­, რომელიც 2013-2016 წლებში აღვადგ­ინეთ, ხანძარმა ისევ მოსპო. მხოლ­ოდ 16 ჰექტარამდე ფართობი გადარჩა. 2018 წლიდან თავიდან ვაშენებთ.

- როგორ მოვუფრთხილდეთ ტყეს?
- ყველაზე დიდი პრობლემა საქონლის ძოვებაა. მიუხედავად იმისა, რომ შემოვღობეთ ყველა გასაშენებელი ფართობი, მოსახლეობა იქ საქონელს მაინც უშვებს. არ შეიძლება საქონლის შეშვება, რადგან იმ ფართობებზე მოზარდაღმონაცენია, ახლად გაშენებული ტყე! ბორჯომი ამის შესანიშნავი­ მაგალითია. პლატოზე როგ­ორც კი გასრულდა სანიტარიული ჭრა, მაშინვე ნერგები გავაშენეთ. 6 კმ სიგრძეზეა­ იქაურობა შემოღობილი, მაგრამ არ უფრთხილდებიან. არადა, მოსახლეობაც თუ არ დაგვეხმარება, გაჭირდება ტყის გადარჩენა.


ამას დავუმატოთ პიკნიკები. კარგია დასვენება, ტყეში კოცონის დანთება, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს. პრობლემაა დაბინძურებაც - საშინელება ხდება. ტყეს ისევ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა გავუფრთხილდეთ. თუ არ გვექნება ტყე, გარემო გაუდაბურდება, შესაბამისად, არ გვექნება ჰაერი. სადაც ტყე არ არის, აღარც ცხოველი და ფრინველია.
მეტყევეები უნდა შემოგვემატონ. ერთ დროს ბევრნი იყვნენ და თუ დღემდე რამე მოვიდა, მათი წყალობით. ასე რომ, დავფიქრდეთ!

საქართველოს ტყის ფონდში უამრავი წიფელია - 46%, შემდეგი რაოდენობით ნაძვი, სოჭი და ფიჭვია, მერე ფოთლოვანები - მუხების ყველა სახეობა, ქართული მუხის გარდა, წითელ ნუსხაშია შეტანილი, გადაშენების პირას მდგომებში. საქართველოს ტყეებში მერქნიანი მცენარეების (ხეები და ბუჩქები) 300-ზე მეტი სახეობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ბალახოვანი საფარიც, და ეს ყველაფერი ერთი მთლიანი სისტემაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?