"რაშა-ორერა" "მზიური" წეროვანიდან
"რაშა-ორერა" "მზიური" წეროვანიდან
ანსამბლ "მზიურის" პირ­ველი თაობის სოლისტის,­ ტელერეჟისორ ქეთი დეკანოზიშვილის­ წეროვნის­ აგარაკზე­ რომ ავდივართ, პირველად ჭიშკართან უბნის ძაღლები­ გვეგებებიან. ქეთიც ჯერ მათ აპურებს და მერე ვიწყებთ კარ-მიდამოში "მოშ­ინაურებას". ამ ადგილთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაშინ ქეთის მამა გვმასპინძლობდა ხოლმე. ახლა სიჩუმე­ გვხვდება და ჩვენ ვახმაურებთ­ - ხან რთველი გვაქვს, ხან ვთიბავთ, ამას წინათ ჩემი ვერანდის ბაღის სუკულენტებიც დავრგე. ერთხელ ქეთის ვკითხე, მთელი ბავშვობა "კომში-კომში-კომარას" რომ მღეროდი, ეზოში კომში არ უნდა გქონდეს-მეთქი? გულიანად იცინა,
ეტყობა,­ ნაყოფის კრეფის სეზონს ვერ დაემთხვიე და ეზოს განაპირას კომშის ხეც იმიტომ ვერ შენიშნეო...

ქეთი: - მამა, ფაქტობრივად, წეროვანში ცხოვრობდა. 22 წლის წინ, მისი გარდ­აცვალების შემდგომ, მე, დედა და ჩემი და მზია მხოლოდ ნაკვეთის დასახედად ავდიოდ­ით, თანაც, სეზონურად. ხილის მოსავალი თუ იყო, მოვკრეფდით და თბილისში
ჩამოგვქონდა.

მზია: - ნელ-ნელა ვიგრძენით, რომ მცენარეები თითქოს გვთხოვდნენ, მოგვიარეთო. ამის შემდეგ ნაკვეთში ასვლასაც მოვუხშირეთ და მუშაობასაც შევუდექით. თავდაპირველად ხეებზე ზრუნვა დავიწყეთ.



- რომელიმე დას სამეურნეო გამოცდილება გქონდათ?
- არა, ყვავილების მოვლაც არ ვიცოდით,­ მაგრამ... 20-25 წლის წინ ხატვამ გამიტაცა­ - სამსახურში ქოთნით ათასნაირი ყვავ­ილი იდგა და ისეთი ლამაზი­ იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, თავი­სუფალ დროს ვცადე ამ სილამაზის ფურცელზე გადატანა.

მიჩვეული ვიყავით, რომ გვერდში მამაკაცები გვედგნენ - მამა და ძმა. ისინი უვლიდნენ სახლსაც, ნაკვეთსაც და ჩვენ არაფრით ვწუხდებოდით. ჩემი ძმა ტრაგიკულად დაიღუპა, მამაც გარდაიცვალა და ოჯახში მხოლოდ ქალები დავრჩით. ყველაფერთან ერთად, მატერიალურადაც არ გვილხინდა და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდით - არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მერე, რომ დავფიქრდით, მივხვდით, რომ თუკი მოვინდომებდით, შევძლებდით რაღაცის გაკეთებას, თუნდაც სილამაზის შექმნას. ნელ-ნელა დავინტერესდი დიზაინით, ლამაზი ნივთებით. ერთხელაც შევნიშნე, რომ წეროვანში ზამბახებსა და სხვა ყვავილებს ჩვენი ეზოს გარეთ გაეყოთ თავი. ვცადე, იქნებ ეზოში დავაბრუნო და შიგნითაც გავახარო-მეთქი. ეზოში ქვებისგან ავაშენე კალათა და მის ირგვლივ ფესვიანად ამოღებული ზამბახები ჩავრგე. გამიმართლა, მალევე გამოიღეს კვირტები და გაიშალნენ.

ქეთი: - მომდევნო წელს ისე ლამაზად იხარა ზამბახებმა, რომ ტიტებიც შევმატეთ ეზოს, შროშანებიც, იორდასალამებიც, ნარგიზები... მხოლოდ ყვავილებს არ დავჯერდით და იქაურობის უფრო მეტად გალამაზება მოგვინდა. მზია პატარა შადრევნის გაკეთებასაც აპირებს და რაკი ჩაიფიქრა, შეასრულებს კიდეც. ამბობს, წყლის რეზერვუარს მოვაწყობ, მერე ან ქვებით ამოვაშენებ, ან ქვევრს ვიყიდი, მასში წყალს შევიყვან, წყლის ნაკადის სამოძრაოდ ტუმბოს დავაყენებ, მოწყობილობას­ დენზე შევაერთებ და შადრევანი მთელი დღე იჩხრიალ­ებსო. იდეები არ ელევა. ყვავილებმა სახლის გალამაზებაც მოგვანდომა. სახლს ვამბობ, თორემ ქოხია, ოღონდ დიდი გული აქვს - ბევრ სითბოსა და მეგობარს იტევს.



- შენ და მზიამ შეღებეთ და გაარემონტეთ?
- მე და მზიამ შევღებეთ, გამოცდილება­ თბილისის სახლში მივიღეთ - კედლებიც ჩვენ გავლესეთ და შპალერიც თავად გავაკარით. ახლობლების ჯგუფიც გვყავს, რომელიც მძიმე საგნების გადაადგილებაში­ გვეხმარება. დედა და ჩვენი უფროსი მეგობ­არი ცირა მორალურად თუ მატერიალურად გვიდგას გვერდით. იდეებსაც გვაწვდის.

მზია: - მე ინტერნეტში ვეძებ, რა როგორ გავაკეთო. ქვის კალათა ასე ავაშენე. ეზოს ბილიკის ფილებისთვის ფორმა რომ მიმეცა, შაბლონი ვერსად მოვიპოვე. ამიტომ ჩემით შევქმენი ხის ჩარჩო და მასში ჩავასხი ბეტონი, დაგებაში კი ქეთი დამეხმარა - მე ვზელდი და ვაშრობდი, ქეთი აგებდა.


ქეთი: - ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ - შეშას ვჩეხთ, ვხერხავთ, ვთიბავთ. თავდაპირველად რამდენჯერმე მოვიყვანეთ ხელოსნები, მაგრამ ისე უგულოდ და უხარისხოდ მუშაობდნენ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი თავად გაგვეკეთებინა. ნელ-ნელა ყველანაირი ხელსაწყო შევიძინეთ: ელექტ­როხერხი, ელექტრობურღი, ელექტროსათიბი... მზიას მაღაზიაში თუ შევიყოლებ, იქიდან გაკოტრებული გამოვდივარ. იდეა ულევად აქვს, მე შემსრულებელი ვარ, მოხელე, მენეჯერი და "ფინანსთა მინისტრი". საქმე გვღლის, მაგრამ სიამოვნებასაც დიდს გვანიჭებს. საკუთარი ხელით შექმნილს რა სჯობს! ჩვენი ქოხის ინვენტარის რემონტსაც კი შევეჭიდეთ: სკამები ისეთი ძვირი ღირდა, ავდექით და საკუჭნაოში შეყრილ ძველ სკამებს თავად გავუკეთეთ რესტავრირება. საბოლოოდ, ლამაზი გამოვიდა. ფეხგადაჭრილ წითელ სკამზე ხომ, უდიდესი მოთხოვნაა - ჩემი მეგობრები დასწრებაზე არიან. არადა, წესით, ჩვენი პუდელისთვის - პეპესთვის გავაკეთეთ, იოლად რომ შესკუპებულიყო. ძველი კარადებიც განვაახლეთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი?
- რელაქსაციაა. ხშირად ჩემი მზიურელებიც ამომყავს: თამრიკო ხორავა, ლიკა ხორბალაძე, ნუცკა კობიაშვილი, ეკა გოდერძ­იშვილი... მთელ დღეს "მოვდივართ და მოვიმღერით, რაშა-ორერა" გაგვიდის. მსტუმრობენ მსახიობი თამარ დათუაშვილი­, ყოფილი ტელედიქტორი ნანა გვარამია... ყველაფრის თავიდათავი ის არის, რომ მამასა და თამაზს, ჩემს ძმას, ისე უყვარდათ აქაურობა, ასე მგონია, ახლაც აქ ტრიალებს მათი სულები და ჩვენთან ერთად ხარობენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?