რუსეთი ოკუპანტია !
"ხულოში ჟოლო ძალიან გაგვილაღდა"
27-05-2019
"ხულოში ჟოლო ძალიან გაგვილაღდა"
საქართველოში ამერიკული ლურჯი მოცვის წარმატებით გაშენებისა და რეალი­ზაციის შემდეგ (ქართული პროდუქცია უკვე რამდენიმე ­წელიწადია ევროპაში გადის­. წლეულს ივნისში ექსპორტით 60 ტონა მოცვი გავა), კენკროვანი კულტურების მოყვანაზე ფიქრი ინტენსიურად დაიწყო - 2011 წლიდან მოცვი სამეგრელოში, ჟოლო კი ქართლსა და კახეთში გაშენდა. სამეცნიერო კვლევებით გაირკვა, რომ ჟოლოს საუკეთესო მოსავლის მიღება შეიძლება საქართველოს მთიანეთშიც. ხულოსა­ ­და თიანეთის მუნიციპალიტეტებში­ ჯერ საცდელი ნაკვეთები მოეწყო, მოგვიანებით კი ფერმერებს პროექტების თანადაფინანსება შესთავაზეს. პროგრამის მიზანი ქართული ჟოლოს ევროკავშირში
გატანაა, ამიტომ ამ ეტაპზე ჟოლოს გაშენება მთიანეთში უკვე 100%-იანი დაფინანსებით მიმდინარეობს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტის, რესან ჩოგაძის თქმით, ხულოში ჟოლოს გაშენების ბუმია. ამას მარტივი მიზეზი აქვს, - აჭარის ტურისტულ ბაზარზე ხულოს ჟოლოზე დიდი მოთხოვნაა.

- ხულოს მუნიციპალიტეტი ტრადიც­იულად კარტოფილის მწარმოებელი გახლავთ. როცა მოცვისა
და ჟოლოს გაშენება­ დაიწყო, ვერავინ იფიქრებდა, თუ კარტოფილს გაეჯიბრებოდა მოთხოვნითა და გარემოსთან შეგუებით. მაგრამ სულ ორმა წელიწადმა დაამტკიცა, რომ ჟოლო ამ კუთხისთვის საუკეთესო კულტურაა. რაც შეეხება მოცვს, ხულოში ისიც ხარობს, თუმცა მას მჟავე ნიადაგი და პირობების შექმნა­ სჭირდება, ჟოლო კი ძალიან გაგვილაღდა. ჩვენს სოფლებში ახლა იშვიათად ნახავთ­ ბაღ-ბოსტანს, ჟოლოს კარტოფილის ნათესების შემოყოლებით რომ არ აშენებდნენ. მით უფრო, რომ ის საუკეთესოდ­ მრავლდება, - წინა წელიწადს დარგული, მომდევნო წელიწადს უკვე ნაყოფს­ იძლევა. და თუ კარგად მოუარე, ივნისიდან ოქტომბრის­ ჩათვლით, მისი ნაყოფი მუდმივად გექნება, მაგალითად, დიოკნისელმა ფერმერმა მურაზ ძირკვაძემ საკუთარ ბაღში ჟოლოს ბუჩქების ნახევარი ამონაყარი ძირშივე გადასხლა, ნახევარი კი დატოვა. ეს ნიშნავს, რომ გადაუჭრელი ნახევარი ნაყოფს აგვისტოს ბოლომდე მისცემს, ამასობაში კი გადაჭრილი ნახევარი ამოიყრის და ნაყოფს სექტემბერ-ოქტომბრის ჩათვლით დაისხამს.



- გონივრული ხერხი სცოდნიათ ხულოელ ფერმერებს... რამ განაპირობა ჟოლოს ბუმი?
- ჯერ ერთი, ხულოს ყომრალი ნიადაგები ჟოლოსთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ჟოლოს არა მხოლოდ შედარებით დაბალ სოფლებში, ზღვის დონიდან 900-1000 მეტრზე, არამედ 2200 მეტრზე - ბეშუმის კურორტზეც კი ნახავთ. რაც მთავარია, ჟოლოს ფასი მაღალია საკურორტო სეზონზე - ფერმერები 1 კგ-ს 9-10 ლარად აბარებენ. ეს უსათუოდ შეცვლის ბალანსს ადგ­ილობრივ ბაზარზე, იქ იქნება არა შემოტანილი, არამედ ადგილობრივი, ხულოს ჟოლო. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ხულოს მშრალ ნიადაგსა და ნაკლებად ტენიან­ ჰავაში მოყვანილი ჟოლო, რომელსაც გამუდმებით მზე აქვს, ძალიან გემრიელი­ და გამორჩეულია სხვაგან მოყვანილი ჟოლ­ოს­გან. ამასთან, ტრანსპორტირების მანძილიც მოკლეა და ნაყოფი იშვიათად ზიანდება.­ 2-3 წელიწადში, სავარაუდოდ, ხულოს მუნიციპალიტეტი მთელ აჭარას მოამარაგებს. ჟოლო უხვმოსავლიანია, ბუჩქი საშუალოდ 3-5 კილოგრამამდე მოსავალს იძლევა.

- ანუ მოსახლეობა მას უკვე საკუთარი ინიციატივითაც აშენებს?
- დიახ. რაც შემოსავლიანია, მის გაშენებას მშრომელ ადამიანს ვერავინ ასწავლის. ხალხმა ნერგებიც იმისგან იყიდა, ვისაც ჟოლო წინა წელს ჰქონდა გაშენებული - თითო 50 თეთრად და ეს ნერგები ორ წელიწადში უკვე თავად მისცემენ პატრონს ახალ სანერგე მასალას, რომ ჟოლო უფრო დიდ ფართობზე გააშენოს. თუმცა, წლეულს უკვე სახელმწიფოც სთავაზობს ჟოლოს გაშენებას 100%-იანი დაფინანსებით.

- რისი მიზანიც კენკროვანების ექსპორტზე­ გატანაა...
- თუ მართლაც ასე მოხდება, სამაცივრე მეურნეობების მოწყობა გახდება აუცილებელი. ჯერჯერობით კი ხულოში მოსავლის გაყიდვა მაცივარს არ საჭიროებს, - დაკრეფისთანავე იყიდება ყოველდღიურად, და არა მხოლოდ ზაფხულში.­ მაგალითად, გოდერძის უღელტეხილის საზამთრო კურორტზე ადგილობრივი მოსავლიდან 3-ლიტრიან ჟოლოს კომპოტში 10 ლარს იხდიან და ქილასაც უბრუნებენ უკან. ამდენად, ჟოლოს მოყვანა ხელსაყრელია და ამ თვალსაზრისით სხვა კულტურების გაშენებაც აუცილებელი გახდება. ჩვენში მაგალითად, ეკოლოგიური ქლიავის ჩირი 1კგ 7 ლარი ღირს. მოკლედ, სოფელს უნდა ეშველოს და ამას აუცილებლად სჭირდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. დამეთანხმებით, შინ მოსული მშრომელი კაცი ვარცლს არ უნდა დაეძებდეს ხელების დასაბანად, კომფორტული პირობები უნდა ჰქონდეს და თუკი სურვილი ექნება, სასოფლო კულტურის ცენტრშიც უნდა გაერთოს...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?