"კახეთი რომ შემოიაროთ, ასეთ ვენახს ბევრგან ვერ ნახავთ"
"კახეთი რომ შემოიაროთ, ასეთ ვენახს ბევრგან ვერ ნახავთ"
მეურნეების გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, მთვარის ფაზებს მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. დღესაც არიან ადამიანები, ვინც მოსავლის მოვლისას სწორედ მთვარის კალენდარს იყენებს. ასეთი გახლავთ წარმატებული ფერმერი გიორგი ალადაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდან. ყურძნის გარდა, მას მოჰყავს უძველესი ქართული ჯიშის ხორბალი, ჰყავს ფუტკარი, კახური ღორი. გვეუბნება, ჩვენთვის რაღაცას ვწვალობთო. ის გარემოზეც გამორჩეულად ზრუნავს.

- ეს არის მამაპაპისეული მეთოდები, რომლებიც კვლავ საჭირო გახდა, რადგან დღეს ეკოლოგიას ძალიან დიდი პრობლემა დაუდგა. ეს მოხდა
მაშინ, როცა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ყოვლისშემძლეა... როცა შვეიცარიიდან ჩამოვედი, სადაც ასევე სოფლის მეურნეობაში ვსაქმიანობდი, მივხვდი, რომ ჩვენთან მევენახეობაში არც ისეთი სახარბიელო ვითარება იყო, ამიტომ ნელ-ნელა ვენახების გაშენება დავიწყეთ.
საქმეს უახლესი, ამავე დროს კი ძველთაგან ცნობილი ეკოლოგიური­ მეთოდებით შევუდექით. ეს
არის დაკვირვება მთვარის კალენდარზე - როდის არის უკეთესი ყურძნის დაკრეფა, ვაზის გასხვლა და ა.შ. და დღემდე არცთუ ურიგო შედეგებით მოვედით.

- რამდენი ხანია, რაც მთვარის კალენდრის მიხედვით უძღვებით თქვენს მეურნეობას?
- ოთხი წელია, ვენახი გვაქვს და ამ მეთოდით ვსაქმიანობთ. შვეიცარიაშიც ამ პრინციპით ვმუშაობდით. იქ ვისწავლე ეს ყველაფერი... ჩემს მეზობლებს მოსწონთ. ერთმა მითხრა, ბებიაჩემი ჭინჭრის წუნწუხს (სასუქი) რომ დააყენებდა, ისეთი გემრიელი პამიდორი მოჰყავდა, მისი გემო ახლაც მახსოვსო. ვიმეორებ, ჩვენს საქმიანობაში ახალი არაფერია. ეს ყველაფერი ოდესღაც ყოფილა.

- ისე, მეც მსმენია, რომ ახალ მთვარეზე ესა და ეს სამუშაოა ჩასატარებელი და სავსე მთვარეზე - სხვა.
- კალენდარში დათვლილია მთვარის ფაზები. აღწერილია, აღმავალ მთვარეზე რა სამუშაოა გასაკეთებელი და დაღმავალზე - რა.

- რით განსხვავდება ასე მოვლილი ვენახი სხვა ვენახებისგან?
- კახეთი რომ შემოიაროთ, ასეთ ვენახს ბევრგან ვერ ნახავთ. ახალგაზრდებსაც დიდი ინტერესი გაუჩინა. ბევრმა გაიხსენა ეს ძველი, მივიწყებული მეთოდები და ცდილობენ, ასე იმუშაონ.

- და მთვარის კალენდრის მიხედვით, როდის არის ხელსაყრელი ვენახის გაშენება?
- მთვარის დაღმავალ ფაზებში არის ფესვთა მიმართულებისთვის სასარგებლო პერიოდები, როცა უნდა დაირგოს, გაისხლას, შეიწამლოს...… აღმავალი ფაზების დროს კი იკრიფება.

- აღმავალ-დაღმავალ ფაზებში რა იგულისხმება?
- როდესაც მთვარე დედამიწას უახლოვდება, ეს არის დაღმავალი ფაზა, როცა დედამიწას შორდება - აღმავალი. მთავარია, ადამიანმა იცოდე, დაავადება როდის ჩნდება და როდის უნდა შეწამლო. თუ ეს არ იცი, ვერაფერს იზამ.

- მარტო მუშაობთ თუ გეხმარებათ ვინმე?
- თავიდან მარტომ დავიწყე საქმიანობა, ახლა კი ეს ყველაფერი მასშტაბური გახდა. ამასთან, კონსულტაციებმაც მოიმატა, ბევრი მოსწავლე და სტაჟიორი გვყავს. ახალი მეურნეობა სულ 3 ჰექტარზეა. მაქვს ძველი ვენახებიც. სულ 5 ჰექტარია. გვაქვს ძირითადად თეთრი ჯიშები - რქაწითელი, მწვანე, ქისი და ხიხვი. ახალგაშენებულებში არის საფერავი და ძველი ქართული ჯიშები. ამასთან, ძველი ქართული ჯიშის ხორბალიც გვაქვს.

- სასუქს სულ არ იყენებთ?
- ნიადაგში საკმარისი რაოდენობის სასუქი ისედაც არის, რომელიც ვაზმა ნიადაგიდან უნდა გამოათავისუფლოს. ამიტომ ნიადაგი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ სასუქი არ დასჭირდეს.

- მაგრამ ხომ შეიძლება სადღაც ზედმეტად მარილიანი იყოს ნიადაგი?
- არაფერი არსად არ არის ზედმეტი. მცენარეს რაც სჭირდება, იმასაც ათავისუფლებს ნიადაგიდან. ამიტომ, მთავარია, მიწა ისე მოიხნას, რომ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი იყოს, აერაცია ჰქონდეს და მიკრობიოლოგიური სიცოცხლე შეიმატოს.

- ქიმიური პრეპარატები ან ბუნებრივი სასუქი, თუნდაც ნაკელიც არ სჭირდება?
- კომპოსტები შეიძლება, მაგრამ ყოველთვის საჭირო არ არის.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- ყველაფერი, რაც დღეს აქტიურად გამოიყენება, არის ქიმიური სასუქები, პესტიციდები, სისტემური პრეპარატები. გამოყენებისას ისინი ნიადაგში რჩება. ნაგვის გადაყრაც კი არ შეიძლება ასე ხელაღებით. ეს ყველაფერი კლავს ნიადაგს, ამიტომ, ყველას ვურჩევდი, ბევრი იფიქრონ იმაზე, რომ მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ, შთამომავლობას ჯანსაღად გადასცენ. რასაც ნიადაგს ვუკეთებთ, ის შემდგომ ყველაფერს ბუმერანგივით გვიბრუნებს უკან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა