რუსეთი ოკუპანტია !
სიმინდის ყანა ნუცუბიძეზე
03-06-2019
სიმინდის ყანა ნუცუბიძეზე
სიმინდი, მოგეხსენებათ, ამერიკული კულტურაა და საქართველოში მხოლოდ XVII საუკუნეში შემოვიდა. თუმცა "უცხოობას" მისთვის ხელი არ შეუშლია ქართულ ნიადაგსა და გარემოსთან შესისხლხორცებაში - დღეს უკვე არსებობს ქართული სიმინდის უნიკალური ჯიშები, რომელიც მეცნიერებამდე გლეხებს გამოჰყავდათ. დღეს საქართველოში პირუტყვისთვის სიმინდის ჩალა, ხოლო სუფრისთვის მჭადი, ყოფის განუყოფელი ნაწილია. ამ თვალსაზრისით სიმინდის კულტურას, ალბათ, ვერაფერი შეგვიცვლის, ამიტომაც ძირძველი ქართული ჯიშების შენარჩუნება მეტ აქტუალურობას იძენს. მაგალითად, უფრო და უფრო ნაკლებად ითესება ქართული ყვითელი სიმინდი, არადა, ის
ცნობილია თავისი საუკეთესო თვისებებით. მის მოყვანასაც არაფერი უშლის ხელს, თითქმის ყველანაირ ნიადაგს ეგუება.

თბილისელ სერგო თვალავაძეს ქართული ყვითელი სიმინდი ისეთ ქვაღორღიან ნიადაგზეც კი მოჰყავს, როგორიც ნუცუბიძის პლატოს ფერდობია. მან ყვითელი სიმინდის ტაროები თეთრი სიმინდის ტაროებს ჩვენ თვალწინ იმის დასადასტურებლად შეადარა, რომ ის თეთრს არაფრით ჩამოუვარდება.
90 წლის მესიმინდის ისტორია დედაქალაქში მაშინ დაიწყო, როდესაც შვილებმა ის და მისი მეუღლე სამტრედიიდან თბილისში წამოიყვანეს - არადა, ბატონი სერგო დღეს ებრძვის ასაკს და მაშინ მით უფრო არაფრად თვლიდა. დღესაც ნამდვილად გაგაოცებთ მისი გარჯა ნუცუბიძის ფერდობზე სიმინდის მოყვანისთვის.

- პროფესიით მასწავლებელი გახლავართ, ქიმია-ბიოლოგიას ვასწავლიდი; ისე კი წარმოშობით სამტრედიელი კაცი ვარ, სოფელ ბაშიდან, და ჩემი მესიმინდეობა რა გასაკვირია.
ბაშელებს სიმინდისთვის ისეთი მიწები გვაქვს, მთელ საქართველოში არ მოიპოვება - რაიონის ლამით დატბორილი ნიადაგი საუკეთესოა სიმინდის მოსაყვანად. მშვენივრად მახსოვს, როდესაც მამები ომში იყვნენ, ბავშვები სოფელს ყვითელი სიმინდის მოყვანაში როგორ ვეხმარებოდით. პური არ იყო და ეს იყო ჩვენი საკვები. ხალხი ჩვილებსაც ყვითელი სიმინდის ფაფით ზრდიდა. პირუტყვის სამკურნალოდაც იყენებდნენ - დასუსტებულებს მხოლოდ ყვითელ სიმინდს აჭმევდნენ. თეთრი სიმინდი მოგვიანებით შემოვიდა, ცუდი არ არის, მაგრამ ყვითელს ნამდვილად ვერ შეედრება. გასაოცარია, რატომ არჩიეს ყვითელი სიმინდი თეთრს, მით უფრო, რომ ნაკლებ მოსავალს არც ის იძლევა.

- სიმინდზე ისე კარგად ჰყვებით, გასაგებია, რომ სიმინდს თბილისშიც ვერ შეელეოდით.
- შევარდნაძის პერიოდი იყო და ჩემდა ბედად, დამშეულ ქვეყანაში შევარდნაძემ გამოაცხადა, ბევრი მიწაა მიტოვებული და უფლებას გაძლევთ, დაამუშაოთ და თავი ირჩინოთო. ჩემი ფანჯრის წინ, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის ფერდობზე, დაუმუშავებელი ხრიოკების მეტი რაღა იყო! მოკლედ, მეორე დღესვე მოვკიდე ბარსა და თოხს ხელი და ერთი ქვაღორღიანი ადგილის დასამუშავებლად გავედი. ლოდებთან ვერაფერს გავხდი და ტრაქტორი მოვიყვანე. მერე მის მოხნულს ქვებისგან თვეობით ვასუფთავებდი. სხვათა შორის, ხალხი ჩემს დანახვაზე ხელს აიქნევდა, რა ტყუილად შრომობო, ახლა კი, როცა ჩემს ნაკვეთში მობიბინე სიმინდსა თუ სხვა ნარგაობას უყურებენ, უკვირთ, ამდენი რამ როგორ გააკეთეო. აბა, რა უნდა მექნა? ამ ძვირფასი კულტურის მოყვანა შემეძლო და როგორ არ მომეყვანა! სხვათა შორის, ყვითელი სიმინდის თესლი ვერ ვიშოვე თბილისში და თეთრი დავთესე. ახლა უკვე ყვითელიც მაქვს დათესილი, ჩემი მშობლიური სამტრედიიდან ჩამოვიტანე თესლი.



- ქვაღორღიან ნიადაგზე სიმინდის გაშენებას, ალბათ, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, თქვენ კი თურმე მრავალი წელია სიმინდის ყანა გაგიშენებიათ. მაინც რამდენი მოსავალი მოგყავთ?
- დაახლოებით 500 კილოგრამი. ეს სრულიად ჰყოფნის ჩემს ოჯახს და თანაც ვიცი, რომ პესტიციდებით გაჟღენთილი არ არის.
სიმინდს გაზაფხულზე საგულდაგულოდ ვთესავ მწკრივებში ერთმანეთისგან ზომიერი მოშორებით, რათა ყანამ ისუნთქოს. მიწას ნაკელსაც ვაყრი, - ლისს გაღმა სოფლებიდან ჩამომაქვს. მერე ორჯერ ვთოხნი და შემოდგომაზე მადლიან მოსავალს ვიღებ.

შვილებიც მეხმარებიან, რაც შეუძლიათ, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ვიშრომო, ჩემს ასაკში უშრომლად გაჩერებას ორგანიზმი არ გაპატიებს.

- შესანიშნავია. მიკვირს, დღემდე როგორ შეინარჩუნეთ ეს ყველაფერი და თანაც, ნუცუბიძეზე.
- თუ საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგები, შეუნარჩუნებელი არაფერია. ნაკვეთი მე არავისთვის წამირთმევია, მაშინდელმა სახელმწიფო მეთაურმა დართო ხალხს ცარიელ მიწებზე მუშაობის ნება, რაც არც ისე ბევრმა მოისურვა. მე კი ეს მიწა არასოდეს მიმიტოვებია, მომდევნო ხელისუფლების დროს ელექტრონულადაც დავარეგისტრირე. სხვათა შორის, წინააღმდეგობა არ შემხვედრია.

სიმინდის სამკურნალო თვისებები


ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ანტიოქსიდანტი სიმინდი შეიცავს: A, D, E, K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმსა და სელენიუმს, კობალტს, იოდსა და ბრომს. სელენიუმი და E ვიტამინი ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს. იცავს უჯრედის მემბრანასა და სისხლის წითელ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი ეფექტისგან; ხელს უშლის სიმსივნურ ცვლილებებს ქსოვილებსა და ორგანოებში; მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. კალიუმის შემცველი სიმინდი აუმჯობესებს გულის მდგომარეობას. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომელთა საკვები დიდი ოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას, გაცილებით დაბალი სისხლის წნევა და უკეთესი გულისცემის რიტმი აქვთ. სიმინდის მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის დონესაც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?