სამების სამოთხე - კვირის პალიტრა

სამების სამოთხე

"ამ ბაღში გულსა და სულს ვაყოლებთ, რათა დამთვალიერებლები დატკბნენ და თვითონაც გაუჩნდეთ მებაღეობის სურვილი. ასეთი შრომა ადამიანს აკეთილშობილებს და სტრესის გადატანაშიც ეხმარება"

სამების ბაღის შექმნა-მოწყობა და განაშენიანება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2005 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა... საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებელი და სამების მებაღე მაია ქურდაძე აქ უკვე მეთოთხმეტე წელია მუშაობს და მისთვის ეს საქმიანობა უმთავრესია, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე არცთუ ურიგო სამსახური აქვს. "მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი საქმე, აქ ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. აქაური გარემო კარგ ატმოსფეროს ქმნის სამუშაოდაც და სამეგობროდაც. კოლეჯში 3 წელიწადს ვსწავლობდი, შემდეგ მუშაობაც დავიწყე. მოკლედ, აქაურობა ყველანაირად მავსებს", - გვეუბნება მაია. მისი თქმით, სამების ბაღის მოვლასა და გამწვანებაზე მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ. მათი ხელმძღვანელი კი იღუმენი, დედა თეკლე სიხარულიძეა. სწორედ ის ხელმძღვანელობს ბაღის განაშენიანებას, რეკონსტრუქციას, ახალი მცენარეების გაზრდა-გამრავლებას, ძველი მცენარეების ფორმირებას. ბაღი შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებიც ამ ადამიანებმა დაამშვენეს.

მაია ქურდაძე: - ტერიტორია პატარა პარკის სახით გვაქვს გაშენებული. გვაქვს ჩვენი კოლეჯის სასწავლო ბაზაც, სადაც სტუდენტებთან ერთად ვსაქმიანობთ. აქ ისინი პრაქტიკასაც გადიან - თან სწავლობენ, თან სამების ტერიტორიაზე მუშაობენ. ვთესავთ ახალ მცენარეებს, ვრგავთ, ვამრავლებთ, ვაკალმებთ, ვაფესვიანებთ, შემდეგ მიწაში გამოვზრდით, რათა მოვამზადოთ სამების ბაღისთვის, საპატრიარქოსთვის, და თუ დაგვრჩა, მონასტრებსაც ვუნაწილებთ. გვაქვს სათბურიც, სადაც იგივე პროცესი მიმდინარეობს.

ამჯერად ბაღში სეზონური მცენარე ვიოლა კიდევ ყვავის, მაგრამ თითქმის გადაზრდილია და მოგვიანებით მას ცინიას შევუნაცვლებთ, ასევე გოლარდიას, გაზანიას. ჰიმენოკალისი მრავალწლიანია და მუდმივად გვაქვს, შემოდგომით ბაღს ქრიზანთემებით ვავსებთ, სხვადასხვა ჯიშის გვაქვს სხვადასხვა ადგილის, სიმაღლის, ფორმისა და ფერის მიხედვით. ყოველ წელიწადს საველე ბუჩქებიდან ახალ-ახალი ბუჩქები გამოგვყავს.

- ამ უზარმაზარ საქმეს რამდენი კაცი აუდიხართ? - მუდმივად მომუშავე 15 ვართ, დანარჩენი სტუდენტები არიან, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ.

- ბაღში მოყვავილე და მარადმწვანე საფარს, ალბათ, ყოველდღიურად მოვლა სჭირდება? - ასეა, შაბათ-კვირასაც ვერ მივატოვებთ, განსაკუთრებით ზაფხულში - მორწყვა მათთვის აუცილებელია. სიცხეში უამისოდ არ შეიძლება. ამხელა ბაღს სარეველებისგან ხშირად უნდა გასუფთავება და სხვა ყოველდღიური სამუშაოც არის, მაგალითად, გადაყვავილებული ვარდი უნდა გადაიჭრას, რომ ხელი შევუწყოთ მის კვლავ ყვავილობას. თუ არ მოიჭრა, ყვავილობას შეწყვეტს, ასე კი მთელი ზაფხული კეკლუცობს. ვახდენთ მცენარეების ფორმირებასაც.

გვაქვს ზეთისხილის ხეებიც. ცოტა ხნის წინ ამ პროდუქტის გადამმუშავებელი ქარხანა რომ გაიხსნა, ჩვენი ზეთისხილი მოიწონეს და ითხოვენ, რომ მივაწოდოთ. ამიტომ გამოვყავით ფართობი, სადაც ზეთისხილის ნერგები ჩავრგეთ. ეს ადგილი სამების პარკის ეზოში არ იყო განაშენიანებული და იქაურობა მშვენივრად მოეწყო. იქ დარგული ნერგები ნაწილობრივ ჩვენი გამოყვანილია.

- ზეთისხილსაც ამრავლებთ? - კი, იმდენი არ გვქონდა, რომ მთელ ტერიტორიაზე დაგვერგო, ამიტომ ახლა უფრო აქტიურად დავიწყეთ გამრავლება და დაფესვიანება. რაც დავრგეთ, ნაწილი ჩვენი მცენარეები იყო, ნაწილი - შემოწირულობა. ახალი ნერგები რომ გაიზრდება, მოსავალს ქარხანას ჩავაბარებთ.

- ცნობილია თქვენი ბაღის მარადმწვანე მცენარეები, განსაკუთრებით, ფიჭვები... - დიახ, 5 ძირი ლიბანის მტირალა კედარიც არის. ეს ხე ასეთი ფორმითაა გამოყვანილი.

ასევე მნიშვნელოვანია სამების როზარიუმი, სადაც 100-მდე ჯიშის ვარდი ხარობს. მაისის შუა რიცხვებში რომ იწყება ყვავილობა, შუა ივნისამდე ბუნებრივად ყვავის, შემდეგ კი ისე ვუვლით, ყვავილობას ყინვების დადგომამდეც განაგრძობს. ჩვენი როზარიუმი მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მუდმივად მოყვავილეა.

კოშკის ტერიტორია ცოტა მიტოვებულივით იყო, არადა, მუდამ ბევრი ხალხი ტრიალებს. მოქმედებს წრეები, ფლორისტიკის გაკვეთილები ჩვენს სტუდენტებს კოშკის შენობაში უტარდებათ. მოკლედ, მოხრიოკებული იყო გარემო და შარშან იქ ჩვენი გამოზრდილ-გამოყვანილ-დაფესვიანებული მცენარეები დავრგეთ, ახალი ნაკვეთების ჩვენი მცენარეებით გაშენება გადავწყვიტეთ. გამოგვივიდა პატარა როზარიუმიც. ზეთისხილის ბაღის ქვემოთა ნაწილში, როზარიუმამდე ტერიტორიაზე, ლავანდები დავრგეთ, ძირითადად, ჩვენი მეფუტკრეობისთვის, რომლებიც კარგ ღალას იღებენ. ლავანდის გარდა, ფუტკრებს აქვთ ძველი ცაცხვის ხეებიც. ლავანდას კალმით ვამრავლებთ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით. კალამს ტორფში ან პერლიტში ვაფესვიანებთ. რამდენიმე თვე სჭირდება და შემდეგ პატარა ქოთნებში გადაგვაქვს წამოსაზრდელად. მერე სამუშაო ნაკვეთზე გადაგვაქვს, როცა მოვაღონიერებთ და გავზრდით, პარკის ტერიტორიაზე გადაგვაქვს.

- რას ეტყოდით სამების ბაღის ვიზიტორებს? - მეტი ყურადღება, გულისხმიერება გამოიჩინონ იმ ნაწილის მიმართ, რომელშიც შრომასა და დიდ ენერგიას ვდებთ. ენერგიის გარდა, გულსა და სულს ვაყოლებთ, რათა დამთვალიერებლები დატკბნენ ჩვენი ნამუშევრით და თვითონაც გაუჩნდეთ მებაღეობის სურვილი. დამიჯერეთ, ასეთი შრომა ადამიანს აკეთილშობილებს და სტრესის გადატანაშიც ეხმარება. გარემოს დავუმეგობრდეთ!