გონიერი მეურნე კონკურენტებს "უჯოკრავს"
გონიერი მეურნე კონკურენტებს "უჯოკრავს"
ივნისის დამდეგიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხილი, ბალი შემოდის და ფასიც გემოს შესაბამისი აქვს - ივნისის პირველ დღეებში მაღალი ხარისხის ბლის ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა და 1 კილოგრამი 8 ლარი ღირდა. ფერმერსა და აგრონომ ბაჩუკი რუაძეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს, ბალი 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ასე რომ, ზაფხულის დასაწყისში ბლის კულტურა მის ბიუჯეტს საკმაოდ ავსებს. როგორ არჩია მან ყურძნითა და ატმით მდიდარ კახეთში ბლის გრანდიოზული ბაღის გაშენება, ამაზე
თავად მოგვითხრობს.

- პროფესიით აგრონომი ვარ. კარგად ვიცი, საქართველოში რომელ კუთხეში რომელი კულტურა გაიხარებს და შემოსავალს მოგვცემს თუ არა. რომ ვნახე, გორელები ბალს როგორ კარგად ყიდდნენ­, მეც გადავწყვიტე, რომ კახეთში გორიდან ბლის საუკეთესო ჯიში, ხარისგულა წამეღო და გამეშენებინა. რა თქმა უნდა, ქართლი ბლის სამშობლოდ ითვლება,
მაგრამ არც კახეთში მოდის ნაკლები, ერთი ეგ არის, კახეთში პრიორიტეტი უფრო სხვა კულტურებს აქვს. კახეთში ბალი გორის ბალზე­ 2 კვირით ადრე შემოდის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქტი ბაზარზე ერთმანეთს არ ეჯახება. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ნიადაგი, რომელზეც ბლის გაშენებას ვაპირებდი, მისთვის ზედგამოჭრილი იყო. ნიადაგის შესწავლის გარეშე ჭკვიანმა მეურნემ არაფერი არ უნდა დათესოს ან დარგოს­. სასოფლო განათლება მაქვს და კარგად დავიმახსოვრე, როგორ გვასწავლიდნენ, არ არსებობს ცუდი ნიადაგი, არსებობს მხოლოდ ცუდი მეურნე. მოკლედ, გორიდან ხარისგულას კვირტი წამოვიღე და ბალამწარას ძირებზე დავამყნე. ასე გავაშენე ჩუმლაყში ბალი 1 ჰექტარზე.



- ამხელა მიწას ბლისთვის კახეთში ბევრი­ ვერ გაიმეტებდა.
- რაც შემოსავალს მოგცემს, მიწა იმისთვის უნდა გაიმეტეო. მიწის ფასი კარგად ვიცი, შევარდნაძის დროს, როცა ხალხს მიწა დაურიგდა, ბევრს არ უნდოდა - შრომა­ ბევრი სჭირდება, მოსავალი კი არავის უნდაო. მე უარი არ მითქვამს... ახლა ამ მიწაზე ბალი დავრგე. საერთოდ, ბალამწარაზე დამყნილი ბალი 6-7 წელიწადში იძლევა მოსავალს, ინტენსიური ჯიშებისგან განსხვავებით, რომლებიც 2-3 წელიწადში იძლევა, მაგრამ მათ ბევრად ფაქიზი მოვლა სჭირდება, ვიდრე ჩვენებურ ჯიშებს.

ხარისთვალას ძირების დამულჩვისთვის, მიწამ რომ ტენიანობა შეინახოს, ძირებში ველური სამყურა მივუთესე. ეს თესლოვანი მცენარეა და ნიადაგსაც ანოყივრებს. გარდა ამისა, ბლის პლანტაციებს ყოველ წელიწადს დაზიანებულ ტოტებს ვაჭრი, რათა ბალი არ ჩახშირდეს.

- ინტენსიურმა ჯიშებმა ქართული ბალი უკან გადასწია, თქვენ კი დაგირგავთ...
- ქართული ჯიშები ინტენსიურმა კი არა, ბაზარმა გააქრო. რომელი კულტურაც უკეთეს შემოსავალს იძლევა, გლეხს ის მოჰყავს, დანარჩენი კი თავისთავად რჩება მიღმა. ხარისგულა სწორედ ასეთია. მართალია, ბევრ მოსავალს არ იძლევა, სამაგიეროდ, რაც არის, საუკეთესოა. მე, მაგალითად, 1 კილოგრამი ხარისგულა წლეულს 7 ლარად ჩავაბარე. ასეთი მაღალი ფასი იმან განაპირობა, რომ ცივი გაზაფხული იყო, ტემპერატურა ლამის ნულამდე დაეცა და ფუტკარმაც ვეღარ იმუშავა დამტვერვაზე. ამიტომ ბალი შედარებით ცოტა, 7-8 ტონა მომივიდა. იმავე მიზეზით, სხვა ჯიშის­ ბლის მოსავალიც ძალიან ნაკლები იყო. მაგალითად, ბალი, რომელიც 10-12 მაისს შემომივიდა, 1 კილოგრამი 12 ლარად ჩავაბარე.

- შთამბეჭდავი ფასია...
- არც ისე შთამბეჭდავია, მის მოვლასაც დიდი ხარჯი სჭირდება. ამ წუთში ჩემთან 25 მუშა მუშაობს, რომელთაც თითო ვედრო ბლის მოკრეფაში 5 ლარს ვუხდი, ბლის მოსაკრეფად ხეზე ასვლა ძალიან მაღლა სჭირდებათ.

- სხვები თუ გბაძავენ ასეთი გემრიელი კულტურის გაშენებაში?
- როცა ნახეს, ბლით შემოსავლის მიღება შეიძლება, რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ბლის პლანტაციის გაშენება. ეს კონკურენციას გაზრდის და ფასიც დაბლა დაიწევს. ამიტომ სხვა კულტურას გავაშენებ, რომელსაც ბაზარზე ფასი ექნება.

- ბლის მოსავალი რეალიზაციისთვის თავად გაგაქვთ ბაზარზე, თუ მყიდველს ელოდებით­ და მანამდე მაცივარში ინახავთ?
- მაცივარში შენახვას რა აზრი აქვს, როცა სულ მალე ბაზარზე გორის ბალი შემოვა და მაშინ მაცივარში შენახულ ბალს რა ფასი ექნება. რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ, გორში ისეთი საადრეო ჯიშები გაჩნდება, რომ ბაზარზე კახურ ბალს დაასწრებს. აი, ამიტომაც არის საჭირო და პირადად მე უკვე ახალი კულტურის გაშენებაზე ვფიქრობ.

- გონივრული მიდგომაა, რომ ბაზარს წინასწარ ზომავთ და დიდი შრომასაც სწევთ.
- ვინც შრომობს, მას რა გამოსდის ამ წუთისოფელში და ვინც არ იშრომებს, იმას რაღა გამოუვა. ქართველების დამღუპველი სიზარმაცეა და სულ არ ვაპირებ, მეც ამას ხელი შევუწყო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!