ხახვი კოსმეტიკურ ბრენდებს კონკურენციას უწევს - კვირის პალიტრა

ხახვი კოსმეტიკურ ბრენდებს კონკურენციას უწევს

"ხახვის ფურცლების ნახარში თმას ბრწყინვალებას მატებს და სასიამოვნო ელფერს აძლევს, თანაც ძალიან კარგად ღებავს"

ხახვი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მცენარეული კულტურა არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ასე არ არის. "ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ უპრეტენზიო მცენარეს", - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი ნატო კაკაბაძე.

- საქართველოში ხახვი დაახლოებით 4 ათასი წლის წინ დამკვიდრდა. მის გარეშე ქართული კულინარია წარმოუდგენელია - თითქმის არ არსებობს კერძი, რომლის შემადგენლობაში ხახვი არ შედის. ის შეიცავს ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინებსა და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. ხახვის გამოყენება შესაძლებელია როგორც ნედლი, ისე გადამუშავებული სახით. ფერის მიხედვით ხახვის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, თეთრი, მუქი ჩალისფერი, ღია ჩალისფერი, გემოს მიხედვით კი ცხარე, ნახევრად ცხარე და ტკბილი. სხვათა შორის, მწარე ხახვი გარემო პირობებს უფრო უძლებს და უკეთესადაც ინახება.

- ცნობილია, რომ ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. რა განაპირობებს ამას? - რა თქმა უნდა, მისი შემადგენლობა. ხახვი გარედან თხელი, სიფრიფანა ფურცლებით არის დაფარული, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვთ. ხახვის ფურცლებს უხსოვარი დროიდან იყენებენ არაერთი დაავადების სამკურნალოდ. ამ საკითხის ამოწურვა ინტერვიუში შეუძლებელია, თუმცა რამდენიმეს მაინც ჩამოვთვლი: ბრონქიტი, დერმატიტი, კანის, თირკმლის, საშარდე ბუშტის დაავადებები. ხახვის ფურცლის ნაყენს იყენებენ სურდოსა და ვარიკოზის სამკურნალოდ, ის იმუნიტეტს აძლიერებს და ამ მხრივ თითქმის შეუცვლელი საშუალებაა. ისიც ვიცით, რომ ხახვის ფურცლების დახმარებით შეღებილ სააღდგომო კვერცხს საოცრად ნატიფი ფერი აქვს. მეტიც, ხახვის ფურცლების ნაყენი სასარგებლოა ნიადაგისა და მცენარეებისთვის.

- როგორ იყენებენ მას ფერმერები? - ხახვის ფურცლების ნახარში ნიადაგს ანოყიერებს, აჯანსაღებს და საუკეთესოდ კვებავს მცენარეებს. ამ დროს მაღლდება მცენარის იმუნიტეტი, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ეს მოსავლიანობაზეც აისახება.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ხახვის ფურცლების ნახარში? - 3-4 თავი ხახვი გავარჩიოთ და მის ფურცლებს, რომლებიც დაახლოებით 50 გრამს იწონის, 1-1,5 ლიტრი ადუღებული წყალი დავასხათ. გავაჩეროთ, სანამ არ გაცივდება, გადავწუროთ და ნაყენი მცენარეების ფესვებსა და ფოთლებს შევასხუროთ.

ნაყენი განსაკუთრებით კარგად ოთახის მცენარეებსა და ყვავილებზე მოქმედებს. თუ მათ რაიმე დაავადება ან მავნებელი ჰყავთ, ბუგრები იქნება, თრიფსები თუ სხვა რამ, ხახვის ნაყენი ყველას გაანადგურებს, მცენარეს კი გააძლიერებს და გააჯანსაღებს.

ძალიან კარგია ხახვის დაქუცმაცებული ფურცლების ნიადაგზე მოყრა: მორწყვის შედეგად ხახვის ფურცლები ნიადაგში ჩადის და ამით არა მარტო ნიადაგი ნაყოფიერდება, არამედ უმჯობესდება მცენარის ვეგეტაციური ორგანოების განვითარებაც. ხახვის ფოთოლს ხშირად იყენებენ ბოსტნეული კულტურების მოსაყვანადაც.

- განსაკუთრებით რომელ კულტურებს უხდება? - თითქმის ყველას, მაგრამ ძალიან უხდება კიტრსა და პამიდორს. თუ მათ ფოთლებზე მავნებლებს ან დაავადებებს შეამჩნევთ, სასურველია ჩითილის ფაზაში 200-300 მილილიტრამდე ხახვის ფურცლის ნახარში მიაშველოთ. ჩითილის ფაზის შემდეგ, როცა მცენარე უკვე 60-80 სმ სიგრძისაა, სასურველია, 1 ლიტრამდე შეასხუროთ.

- მავნებლები ძალიან ემტერებიან ბოსტნეულს. როგორ მოქმედებს ეს ნახარში მათზე? - დიახ, ბუგრები, თრიფსები, ტკიპები დიდ ზიანს აყენებენ მოსავალს. თამბაქოს თრიფსი საშიშ მავნებლად არის აღიარებული, ხშირად უჩნდება პამიდორს, კიტრს, ხახვს, კომბოსტოს, გოგრას, ყაბაყს და სხვ. ის სათბურებსა და ორანჟერეებშიც ხშირად ჩნდება და მოსავალს ძალიან აზიანებს. სათბურში გავრცელებული ამ მავნებლების წინააღმდეგ ხახვის ფურცლებისგან დამზადებული ამგვარი ნაზავი უნდა გამოვიყენოთ: 1 ვედრო დარჩეულ ფურცელს დავასხათ 2 ვედრო ცხელი წყალი. გავაჩეროთ 24 საათის განმავლობაში, გადავწუროთ და ჩავჭრათ 72%-იანი სარეცხი საპონი. როცა საპონი ბოლომდე გაიხსნება, ხსნარი უკვე მზად არის. შეიძლება მისი ჩასხმა ხელით შესასხურებელ აპარატშიც, რომლითაც ფერმერები ვაზს წამლავენ. ასეთი ხსნარი მცენარეს 4-5-ჯერ მაინც უნდა დავასხათ, ოღონდ 1-1,5 კვირის ინტერვალით. მალე შეამჩნევთ, რომ თქვენს ეზოში ბუგრები და მავნებლები გაქრებიან.

ეს ნაზავი საუკეთესო საშუალებაა თქვენი ბაღჩის ან ბოსტნის დასაცავად და იმდენად სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომ დადებით გავლენას ახდენს ხეხილზე, მწვანილსა და სხვა კულტურებზე.

კიდევ ერთი რეკომენდაცია თქვენს მკითხველებს: ხახვის ფოთლების ნახარშის დიდი ხნით შენახვა რეკომენდებული არ არის, ის დამზადებისთანავე უნდა გამოვიყენოთ.

- ნახარშის გამოყენება ხომ იმითაც არის კარგი, რომ ფერმერები ბიოპროდუქციას მიიღებენ? - ცხადია, ფერმერი ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს მოიწევს, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. სასურველია, მავნებლებს შხამქიმიკატებით კი არა, ბიოლოგიური საშუალებებით შევებრძოლოთ, რადგან ამ გზით ბიოპროდუქტების მიღება შეიძლება. თუმცა დიდ მეურნეობებს ეს მეთოდი არ გამოადგებათ: წარმოიდგინეთ, რამდენი ხახვი უნდა დაარჩიონ, რომ მისი ფურცლების ნახარში დიდ ნაკვეთებს ეყოს. ამიტომ ეს ხერხი გამოიყენება საშინაო პირობებში: ვისაც პატარა ბაღი, ბაღჩა ან ბოსტანი აქვს და დაინტერესებულია, რომ თავისი ოჯახი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მოამარაგოს, ხახვის ფურცელი ძალიან კარგი საშუალებაა.

ის ნიადაგის სტრუქტურასაც აუმჯობესებს და საუკეთესოა მცენარეთა კვებისთვისაც. ხახვის ფურცლების ნახარში თმასაც აჯანსაღებს და ბრწყინვალებას მატებს, თანაც ძალიან კარგად ღებავს. მე თავადაც გამომიყენებია და ვიცი, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და თმასაც ძალიან სასიამოვნო ელფერს აძლევს.

ხათუნა ჩიგოგიძე