ერთი ყვავილით დაწყებული ბიზნესი - კვირის პალიტრა

ერთი ყვავილით დაწყებული ბიზნესი

პროფესიით ჟურნალისტი, პირველი არხის აჭარის კორესპონდენტი მერაბ წულუკიძე უკვე რამდენიმე წელია პერუს ლილიების მოვლით არის გატაცებული. მებაღეობა მისი ჰობიც გახდა და დამატებითი შემოსავლის წყაროც, ყველაფერი კი მეუღლის დაჟინებული თხოვნითა და ინიციატივით დაიწყო.

მერაბ წულუკიძე: - 10 წლის წინ მეუღლის დაჟინებული თხოვნით მიწის ნაკვეთი შევიძინეთ ბათუმში. მე ბინა მინდოდა, მას კი მიწის ნაკვეთი და მეუღლის სურვილს დავყევი. სახლის მოწყობის შემდეგ ცოტა მიწის ფართობი დაგვრჩა. კომერციულად ამ ადგილს ვერ გამოვიყენებდით, ამიტომ სოფლის მეურნეობაზე უნდა გვეფიქრა. იმ პერიოდში პროგრამით "აწარმოე საქართველოში" პირველი კონკურსი გამოცხადდა. ისევ მეუღლის ყოჩაღობით დავწერეთ ბიზნესგეგმა მწვანე ხახვზე და შევიტანეთ - ვიცოდი, რომ პატარა ტერიტორიაზე დიდ მოსავალს იძლევა. 10.000 ლარით დაგვაფინანსეს და სათბური გავაკეთეთ. პირველ წელს ძალიან გაგვიმართლა, საახალწლოდ 1 კილოგრამი მწვანე ხახვის ფასი 18-20 ლარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფასი მუდმივად იცვლება. თუ კარგი ამინდია, ზომიერად ცივი ზამთარი, მაშინ 1 კილოგრამი მწვანე ხახვის ფასი 50 თეთრია. არასტაბილურმა ფასმა დამაფიქრა და გადავწყვიტე, სათბურში სხვა რამეც მოგვეყვანა.

ერთხელ მეუღლეს უცნაური ყვავილებით გაფორმებული თაიგული მივართვი, შემდეგ ინტერნეტში მოვიძიეთ და ვნახეთ, რომ ალსტრომერია, იგივე პერუს შროშანა ყოფილა. აქედან დაგვებადა იდეა, ეს ყვავილი ჩვენს სათბურში გაგვემრავლებინა. საქართველოში ბევრს მოჰყავს ალსტრომერია. ქართველ ფერმერებს კონკურენციის შიში აქვთ და ვისაც მივმართე, ყველამ თავი შეიკავა, ჩემთვის მისი გამრავლებისა და მოვლის წესები ესწავლებინა. ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან საქართველოს ბაზრის 80% თურქეთიდან, სომხეთიდან და ევროპიდან იმპორტირებულ ყვავილებს უჭირავს. არ ჯობს თავად გავამრავლოთ ყვავილები და იმპორტი შემცირდეს? ქართველი ფერმერებისგან იმედგაცრუებულმა, ინტერნეტში დავიწყე ძებნა, როგორ და სად შემეძინა შროშანები. ერთ-ერთ რუსულ საიტზე აღმოვაჩინე, რომ ალსტრომერიას ფესურები იყიდებოდა. ალსტრომერია აუცილებლად ჰიბრიდი უნდა იყოს, რომ კარგი ფესურები, ძლიერი ღერო მოგცეს და დიდხანს გაძლოს.

მივწერე საიტს და პასუხი მომივიდა სომეხი ბიჭისგან, რომელსაც "ფეისბუკზე" დავუმეგობრდი. თურმე უზარმაზარი სათბურები ჰქონია რუსეთში. თავიდან უნდობლად ვეკიდებოდი უცხო ადამიანს, ამიტომ ცოტა შევუკვეთე, 60 ცალი. ორ თვეს ველოდე, თურმე საზღვარზე შეაფერხეს, საბუთები მოსთხოვეს და ვერ გამომიგზავნა. მოგვიანებით ერევანში ჩავიდა და დამირეკა, აქ თუ გყავს ვინმე, მითხარი და გამოვატანო. მართლაც, მეგობარი ბრუნდებოდა ერევნიდან და მას გამოატანა 60 ფესურას ნაცვლად 150, რადგან 2 თვეს მალოდინა - საჩუქრად მომცა დანარჩენი. მე და ჩემმა მეუღლემ 150 ნერგი დავრგეთ 20 კვადრატზე და ამან 1.800 ლარის მოგება მოგვიტანა. მოგვიანებით უფრო გავაფართოვეთ სათბური და იმ ბიჭს კიდევ შევუკვეთე ალსტრომერია.

ალსტრომერია, იგივე პერუს შროშანა, ახალაღმოჩენილი ყვავილია, მსოფლიო მას 30 წლის წინ არ იცნობდა, ერთ-ერთმა მეცნიერმა აღმოაჩინა პერუს მთებში. 1 ძირი ალსტრომერია წელიწადში დაახლოებით 40 ღერო ყვავილს გაძლევს. ღეროს ზაფხულში 1 ლარად, ზამთარში კი 2 ლარად ვაბარებთ. 1 კვმ-ზე 6 ძირი ირგვება. არც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ იძლევა ამხელა შემოსავალს. ამაზე უფრო ძვირი ღირს დიდი შროშანები, ღერო 4 ლარზე იაფად არ არის. ტელევიზიაში ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ შინ რომ მოვდივარ, შროშანების მოვლა კარგი განტვირთვაა. დიდი შრომა არ სჭირდება, მთავარია, წყალი და მინერალები დროულად მიაწოდო, უყვართ ნესტი, სინათლე, არ უყვართ ბევრი მზე. ჩემს სომეხ პარტნიორს შედეგი რომ ვაჩვენე, გაოცდა, ამდენი ყვავილი არასდროს მოუსხამს ჩემთან, თქვენს ჰავას, ალბათ, განსაკუთრებულად მოერგოო. ყვავილობის პერიოდი მარტიდან აგვისტომდე აქვს, შემდეგ 2 თვეს ისვენებს. ჩვენი სათბური სულ 120 კვმ-ია, აქ 7 ფერის ალსტრომერია გვაქვს. სულ არსებობს 30-35 ფერის, ამიტომ ვაპირებ სხვა ფერებიც დავამატო, ასევე შროშანების სხვა სახეობებიც.

ბებიაჩემი იტყოდა, მცენარის გახარება იმაზეა დამოკიდებული, ვინც დარგავსო. ჩვენ, ალბათ, კარგი ხელი გვაქვს. მცენარესთან ურთიერთობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა უყურებ როგორც სულიერ არსებას, ამას გრძნობს და ხარობს. ჩემმა მეუღლემ კი ამას წინათ იხუმრა, რაც ეს ბაღი გავაკეთეთ, ჩემს ქმარს ყვავილები აღარ უჩუქებია, ჩათვალა, რომ ეს ბაღი მე მაჩუქაო.