ეს ყველა ფერმერმა უნდა წაიკითხოს!
ეს ყველა ფერმერმა უნდა წაიკითხოს!
რატომ გამოცხადდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტში განაცხადების წარსადგენად მხოლოდ ერთკვირიანი ვადა და რა კითხვები გაუჩინა ამ პროექტმა მეურნეებს

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ფერმერმა, მეურნემ, რომელიც ცდილობს რაღაც დაგეგმოს, იმოქმედოს და მომავალში დოვლათი შექმნას. როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს,­ ვინაიდან 2012 წლიდან ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა, ამუშავდა არაერთი პროექტი, რითაც თანამედროვე ფერმერებს სახელმწიფო ყველა მიმართულებით ეხმარება. თუმცა, მეურნეებს მექანიზაციის ხელშეწყობის პროექტმა კითხვები გაუჩინა.
საქმე ის არის, რომ ამ პროექტში განაცხადები 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მიიღებოდა, ანუ 7 კალენდარული დღის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში კი ცხადია, ბევრმა მსურველმა განაცხადის შეტანა ვერ მოასწრო. მეურნეები ეჭვობენ, რომ ეს პროექტი მოარგეს "თავისიანებს", რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რათა შვიდ დღეში განაცხადის შეტანა
მოესწროთ.

"მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ერთ კვირაში 24 მლნ ლარზე მივიღეთ განაცხადი"


ამ საკითხში გასარკვევად "კვირის პალიტრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს­ დირექტორს, პაატა შეყელაძე დაუკავშირდა.

- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი საპილოტე გახლდათ, რისთვისაც გამოყოფილი იყო 4 მლნ ლარი. აქედან 2 მლნ გათვალისწინებული იყო მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენისთვის, მეორე ნახევარი სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დასაფინანსებლად. განაცხადების მიღება მხოლოდ 1 კვირის განმავლ­ობაში მიმდინარეობდა, რადგან ეს დამოკიდებული­ იყო ბიუჯეტის მოცულობაზე. მოთხოვნა კი იმდენად დიდი იყო, რომ ამ ერთ კვირაშიც 24 მლნ თანხის მოცულობაზე მივიღეთ განაცხადი. საპილოტე პროექტით პირველი 4 მლნ რომ დავაკმაყოფილეთ, 3 მლნ კიდევ სხვა პროექტიდან დავამატეთ. ჯამში მექანიზაციის ხელშემწყობის პროექტი 7 მლნ ლარით დაფინანსდა. ამაზე არ გავჩერებულვართ. განაცხადები რიგითობის მიხედვით ფინანსდებოდა. თუ ფერმერი აკმაყოფილებს კრიტერიუმს, რომელიც დაადგინა მთავრობამ და პროექტების მართვის სააგენტოს შემუშავებულია, მომავალში აბსოლუტურად ყველა მიიღებს დაფინანსებას!

- პროექტი წლეულს განახლდება?
- სავარაუდოდ, ან წლის მიწურულს, ან მომდევნო წლის დამდეგს. ვისაც განაცხადი გაკეთებული აქვს და ჯერ ვერ მიიღო დაფინანსება იმის გამო, რომ თანხები აღარ იყო, უპირველესად ისინი დაფინანსდებიან.

- ხალხი იმასაც ამბობდა, თუ 50%-იანი დაფინანსების საშუალება არა აქვთ, იქნებ უფრო ნაკლები იყოს, ოღონდ დაგვიფინანსონო...
- დაფინანსება რამდენიმე მიმართულე­ბით გვაქვს: 1) მექანიზაციის მიმართულებით ვთავაზობთ იაფ აგროკრედიტს. თუ პირს სურვილი აქვს, რომ სასოფლო-სამ­ეურნეო ტექნიკა შეიძინოს, შეღავათიან აგროკრედიტში ჩავსვით სასოფლო-სამეურნეო კრედიტის თანადაფინანსება და პროცენტს ვუფინანსებთ, ანუ შენაძენი 11%-ით უფინანსდება;

2) გვქონდა შპს "მექანიზატორი", რომელმაც მოდერნიზება განიცადა და მისი ტექნიკა აუქციონზე გამოდის შეღავათიანი პირობებით. დღეისთვის 300 ერთეულამდე­ ტრაქტორი მაინც უნდა იყოს გამოტანილი­ და თუ 2 წლის განმავლობაში ბენეფიციარი­ ამ ტექნიკას იყიდის, უპროცენტო ლიზინგი და უპროცენტო განვადება ექნება;

3) იყო უცხოური გრანტი, რომლითაც­ თანადაფინანსებით 40%-ს ვაფინანსებდით­. ბენეფიციარს 60% უნდა გადაეხადა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტში,­ მაგრამ არა უმეტეს 15.000 დოლარისა.

ამ ყველაფერს ემატებოდა მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც უკვე 50% იყო სახელმწიფოს თანადაფინანსება, მაქსიმალურად 150.000 ლარის ოდენობით.

- სულ რამდენი ბენეფიციარი გყავთ დაფინანსებული?
- დაფინანსებულია 110 ბენეფიციარი. შემოვიდა 700-მდე განაცხადი. 300 განაცხადი განვიხილეთ და დანარჩენსაც შევისწავლით და აუცილებლად დავაკმაყოფილებთ.

- არსებობს შანსი, რომ მათ მოთხოვნაზე უარი უთხრან?
- იმ შემთხვევაში, თუ მათი დოკუმე­ნტაცია არ შეესაბამება კრიტერიუმებს, ან შეცდომით აქვთ წარმოდგენილი.

- საზოგადოდ, მეურნეების ხელშეწყობისთვის ამჟამად რა პროექტები მოქმედებს?
- სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარებს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯაჭვის­ ყველა რგოლში: პირველადი წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია, პროდუქციის ბრენდინგი, შეფასება, ექსპორტზე გატანა და სხვ. ჩართული ვართ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე და მოქალაქეებს მეურნეობის განვითარებაში ვეხმარებით. გვაქვს 10-ზე მეტი მიმდინარე პროექტი, რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის საჭირო და მიმზიდველია. ვგეგმავთ ახალ პროექტებსაც, რომლებიც დამუშავების პროცესშია და მეურნეებს­ სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შევთავაზ­ებთ. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შექმნას დოვლათი, შეგვიძლია ყველას დავეხმაროთ.

2012 წლიდან ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახა. დავიწყეთ მუშაობა, რომ იაფი ფულადი რესურსი ხელ­მისაწვდომი გაგვეხადა. ეს შეიძლება იყოს აგროკრედიტი, რომელშიც სახელმწ­იფო ბენეფიციარს 1,5 მლნ ლარის ფარგ­ლებში 5,5 წლის განმავლობაში 11%-ს უფინანსებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ნებისმიერი კრედიტისთვის.

- სანერგეებისა და ბაღების გაშენებით დაინტერესებულ მეურნეებს რა შეღავათების მიღება შეუძლიათ?
- "დანერგე მომავალი" ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტია. მის დაწყება­მდე რეგიონების მიხედვით შევხვდით ფერმერებს,­ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ გამოწვევები, რომელთა წინაშე ჩვენი ფერმერი იდგა. ამას დავამატეთ სპეციალური მიმართულ­ებები, კომპონენტები და ახალი ჯიშები. პროექტში შევიდა კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტი მხოლ­ოდ­­ მაღალმთიანი და დაბალი ეკონომიკური­ აქტიურობის ზონებისთვის (5 ჰა-მდე კენკროვანი კულტურების გაშენებას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს).

- თუ ფერმერი გააშენებს ჟოლოს, მაყვალს ან ლურჯ მოცვს, 100%-ით დაფინანსდება?
- შესაბამისი რეგიონული დაყოფის მიხედვით, სახელმწიფო 100%-ით უფინანს­ებს. ეკონომიკური განვითარების მიზნით ხელი უნდა შევუწყოთ მცირემიწიან ფერმერებს. ამასთან, ეს არის კულტურა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მარჟა და ექსპორტის დიდი პოტენციალიც აქვს. ფერმერს ევალება გაიაროს ტრენინგი, როგორ მოუაროს ბაღს, რომელსაც სახელმწიფო გაუშენებს, რათა სახელმწიფოს გადახდილი თანხა წყალში არ გადაიყაროს. სწავლებასაც ჩვენ ვკისრულობთ და სწავლის შემდეგ ტესტირება უნდა ჩააბარონ.
თუ პირს 50 ჰა-მდე აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შეგვიძლია სრულად გავყვეთ დაფინანსებაში, ნერგებისთვის 70%-იან თანადაფინანსებით, წვეთოვანი სისტემისთვის - 50%-ით. ეს იმისთვის, რომ საქართველოში მაღალმოსავლიანი ინტენსიური, თანამედროვე ბაღები გაშენდეს.

ასევე დაემატა ვაზი, რაც ვაზისა და ვენახის პოპულარიზაციაში დიდ როლს შეასრულებს - 525 ქართული ენდემური ჯიში სხვადასხვა რეგიონში უნდა გაშენდეს. ლაპარაკია ჯიშებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში აღარც იყო. ამ ჩამონათვალში არ შედის რქაწითელი და საფერავი, რადგანაც ეს კულტურები ხელშეწყობას არ საჭიროებს.

ამასთან, თუ მეურნეებს კოოპერაციული­ გაერთიანება ექნებათ, ან თუ ბენეფიციარი­ კონფლიქტის ზონასთან ან ზღვისპირა სოფლებშია, მათ ყველა პროექტში 10%-ით მეტი თანადაფინანსება აქვთ. მაგალითად, თუ მთელ საქართველოში 70%-ს ვაფინანსებთ, ამ ადგილებში 80%-ით დაფინანსდებიან; თუ წვეთოვან სისტემას 50%-ით დავაფინანსებთ, იქ 60% ექნებათ.
პროექტში "დანერგე მომავალი", სანერგეებისთვის ერთი საინტერესო ცვლილებაც გვაქვს: მანამდე 150.000 ლარი *იყო საჭირო სანერგის მოსაწყობად, რომლის თანადაფინანსება 50% იყო, ახლა ის 70%-მდე გაიზარდა, ხოლო სანერგის მოსაწყობად გამიზნული თანხა - 500.000 ლარამდე.

საინტერესოა ისეთი ტიპის კულტურე­ბიც, რომლებიც საჭიროებს ე.წ. შპალერულ გაბმას, ან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს. ეს შეიძლება იყოს ვაზი, ვაშლი, კენკროვანი კულტურა და ა.შ. ამ ყველაფერს, ანუ ბაღის მოწყობას, აფინანსებს პროექტების მართვის სააგენტო 50%-ით, რომელიც აქამდე "დანერგე მომავალში" არ ყოფილა.

- რამდენი პროცენტია სარწყავი სისტემების თანადაფინანსება?
- სარწყავ სისტემებს მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის 50%-ით ვაფინანსებთ. ამას გარდა, ვაფინანსებთ მოწყობას, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს.­ ცალკე პროექტია აგროდაზღვევა - იმისთ­ვის, რომ რისკი შევუმციროთ ფერმერს დაცული უნდა იყოს სტიქიური მოვლენებისგან.

P.S. "კვირის პალიტრამ" სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, იმ ბენეფიციარების სია მოეწოდებინა, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსდნენ. ჩვენ ველოდებით მათგან პასუხს და ამ თემას მომავალ ნომრებში ისევ დავუბრუნდებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა