"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მავანი სარგებლის მიღებას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მავანი სარგებლის მიღებას ცდილობს"

მათე გარდავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის" დამფუძნებელი: "როცა პატარა საგრანტო კონკურსები ეწყობა, მონაწილეებს განაცხადის გასაკეთებლად ერთთვიანი ვადა ეძლევათ და ეს ერთი კვირა მართლაც ბადებს ეჭვს, რომ ვიღაც მომზადებული შეხვდა ამ პროექტს. ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცამ სერიოზულად იხეირა.

- სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტი საპილოტე იყო და მომავალშიც გაგრძელდება...

- საპილოტე თუ იყო, მით უმეტეს მეტი დრო უნდა მიეცათ მეურნეებისთვის განაცხადის შესატანად, რადგან საპილოტე პროექტის მონაწილეს არა აქვს გამოცდილება და შესაბამისად, მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდება.

ზოგადად, როცა ასეთი პროექტები ხორციელდება, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს, ამ შემთხვევაში ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის შესაძენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მავანი სარგებლის მიღებას ცდილობს.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ამგვარი პროექტებისთვის მოსვლისთანავე დაიწყო დიდი ფინანსური რესურსების ხარჯვა. დაახლოებით 600 მილიონი დაიხარჯა პირველ წელს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოიტანეს და საჩუქრად დაურიგეს ფერმერებს და ა.შ. ამ ფულის ხარჯვას რომ რამე შედეგი ჰქონდეს, ხომ უნდა აისახოს სტატისტიკაში. იქ კი ვკითხულობთ: 2014 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი იყო 9,3%, 2018-ში - 7,7%. 2018 წელს ერთწლიანი კულტურის წარმოება 2014 წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი, მაგრამ 12%-იანი ზრდა 5 წლის განმავლობაში ძალიან მცირე მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტების განხორციელების კუთხით მართლაც არ დაუზოგავს ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია.

ასეთი პროექტები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და ეს საკითხი სადავო აღარ იქნება. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან, ფინანსდება, ანუ ჩემი და თქვენი ფულიდან უნდა იყოს ღია - როგორ, რანაირად გაკეთდა, ვინ რა გადაიხადა, როგორ იყიდა და ა.შ.