გურულებმა კარაქის ხის ხეირი პირველებმა დაინახეს - კვირის პალიტრა

გურულებმა კარაქის ხის ხეირი პირველებმა დაინახეს

აზიმინა, სხვაგვარად მექსიკური ბანანი, ამერიკული პოპო (pawpaw) ქართველებისთვის კარაქის ხედ მაშინ იქცა, როცა მის ნაყოფს გემო გაუსინჯეს და უამრავ შერეულ გემოსთან ერთად, ცხიმის გემოც შერჩათ. ამ კულტურის კურკიდან ცხიმი საგულდაგულოდ გაწმენდის დროსაც ვერ მოაშორეს. აზიმინას კურკა წვეთი წყალივით ჰგავს ხურმისას, თუმცა ეს უკანასკნელი სწრაფად შეიძლება გაასუფთაო, აზიმინას კურკიდან კი ბუნებრივ ცხიმს გარეცხვაც ვერ აშორებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აზიმინას მარცვალი ხურმას მოგაგონებთ, ის ამ ჯიშისგან ძალიან შორს დგას როგორც ნაყოფის გემოთი, ასევე ზომითა და ფერითაც. მოყვითალო გულის აზიმინას ნაყოფი ხანდახან ნახევარ კილოგრამამდეც იზრდება და რაც მთავარია, სპეციფიკურად გემრიელია - მისი მირთმევისას რამდენიმე ხილის, მათ შორის, ბანანის, აგრეთვე ღორის მწვადის გემოც იგრძნობა.

აზიმინა ჩვენში გასული საუკუნის მეორე ნახევარში შემოიტანეს ვირჯინიის შტატიდან სოხუმისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში, იქიდან კი ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ლანჩხუთელმა ფერმერმა გელა ზენაიშვილმა ის ერთი გურული გლეხის ეზოში ნახა, თესლი წამოიღო და ეზოში გაახარა. ახლა გელა ზენაიშვილის აზიმინას ხე ნაყოფის სიდიდით აკვირვებს ხალხს.

- 12 წლის წინ სოფელ სუფსაში გლეხის ეზოში ეს უცნაური ხე რომ ვნახე და მისი ნაყოფიც გავსინჯე, ბევრი არ მიფიქრია, კურკა შინ წამოვიღე დასათესად. შესახედავადაც ძალიან მომეწონა ეს კონუსისებრი ბუჩქი, მშვენიერი შესახედავი იყო. მასპინძელმა გამაფრთხილა, თესლი ძალიან ძნელი გასახარებელია, წინასწარ სილაში გააღივეო. ასეც მოვიქეცი. ნაყოფს დიდხანს ველოდე - თესლით ამოსული აზიმინა მე-6-მე-7 წელიწადს ისხამს, დამყნილმა კი შესაძლოა მე-3 წელიწადსაც მოგცეს ნაყოფი. ბუჩქი 5 მეტრამდე იზრდება, იშვიათად, რომ უფრო მაღალი გაიზარდოს. ახლა აზიმინას ნერგები თესლით გამომყავს, მისი დამყნობა ძალიან ძნელია. საქმე ის არის, რომ აზიმინასთვის საძირე ნათესავი ჩვენში არ მოიპოვება, ამიტომ ისევ აზიმინასავე ბუჩქზე უნდა დაამყნო. მის გამოზრდას დიდი დრო სჭირდება.

ეს ჩვენებური კარაქის ხე ძალიან კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ კლიმატს, მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული მცენარეა. ძლიერ ყინვასაც კარგად უძლებს. რომ ვაკვირდები, ამის მიზეზი ის არის, რომ აზიმინას ზამთარში ფოთლები სცვივა და მცენარეში წყლის მოძრაობა ზამთარში შეჩერებულია. მისი მწვანე ნაყოფი თითქოს ბანანის ფორმის არის და საოცრად რბილია, იმდენად რბილი, რომ მართლაც კარაქივით დნება. როგორც ჩანს, ამიტომაც დაარქვეს საქართველოში კარაქის ხე.

- როდის ისხამს აზიმინა თავის "კარაქებს"? - ეს ზაფხულის მცენარეა. აპრილ-მაისში ყვავილობს და აგვისტოში უკვე მწიფეა. ნაყოფის სიგრძე შეიძლება 20 სანტიმეტრსაც აღწევდეს. მშობლიურ კლიმატურ ზონებში აზიმინას ლამის ნახევარკილოგრამიანი ნაყოფი აქვს, ჩვენთან კი 300 გრამამდე აღწევს და ბანანივით მტევნებად ეკიდება ყუნწზე. ხშირად ყუნწს 6-7 ნაყოფი ასხია და მწიფობისას ცვივა. ასე რომ, დროულად უნდა დაკრიფო, თორემ ჩამოცვენილი აზიმინა მწიფე ხურმასავით ებერტყება მიწას.

თუ ჩვენში აზიმინას ბაღების გაშენებით დაინტერესდნენ, მაშინ მისი მყნობით გამრავლებაც დაიწყება, დღეს კი ჩვენი სანერგიდანაც 2-3 ცალი ნერგი მიაქვთ ხოლმე. ნერგებს აუცილებლად სჭირდებათ სინათლე და ყოველდღიურად მორწყვა, ოღონდ არ უნდა დაიტბოროს. მას ფესვთა სისტემა ძალიან მოკლე აქვს. ასე რომ, შეიძლება დიდი მცენარეც კი გადარგო გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. უწყლოდ აზიმინას ყვავილი დასცვივდება და არაფერს მოისხამს.

- რახან აზიმინას ასეთი მაღალი ცხიმიანობა აქვს, სასარგებლო თვისებებიც ექნება. - თავისთავად. ამას გარდა, იმდენად ტკბილია, რომ ბევრს ბოლომდე მირთმევაც კი უჭირს, თუ ტკბილის მოყვარული არ არის. ნაყოფი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ასევე ადამიანისთვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტითა და ვიტამინით.

ჩვენი მოსახლეობა ამ კულტურას ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს. თუმცა იქ, სადაც ბაზარი გაჩნდა, ანუ ტურისტები დაინტერესდნენ, ეზოებში აზიმინაც მოაშენეს. ლანჩხუთში არის 2-3 სოფელი გზატკეცილთან ახლოს და შეუძლიათ აზიმინა ტურისტებს მიჰყიდონ. სოფელ ქვიანში აზიმინა რამდენიმე ოჯახს უდგას, გადამყიდველები ყიდულობენ და გზატკეცილზე კილოგრამს 10 ლარადაც ყიდიან.

- აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება აზიმინამ ივარგოს?

- საუკეთესოდ გაიხარებს ლაგოდეხში, სადაც დაახლოებით ისეთივე კლიმატია, როგორიც დასავლეთ საქართველოში, ნერგს აკლიმატიზაციაც არ დასჭირდება. მით უფრო, რომ ჩვენი კარაქის ხე გამძლეა მავნებელი დაავადებებისადმი. ოჯახისთვის აზიმინა საუკეთესოა საზამთროდ, ისეთ ჯემს ამზადებენ, რომელიც არომატითა და გემოთი შეუდარებელია.