"მიწა ბევრ რამეს გვიყვება, მთავარია, მოვუსმინოთ" - ტაძრის ბაღების საიდუმლო - კვირის პალიტრა

"მიწა ბევრ რამეს გვიყვება, მთავარია, მოვუსმინოთ" - ტაძრის ბაღების საიდუმლო

ეკლესია-მონასტრების ეზოებს ჩვენში ზოგან დიდად უვლიან, ზოგან ნაკლებად, შემხვედრია ისეთი ტაძრებიც, სადაც ეზოში ერთი მცენარეც არ ხარობს. როგორც ამბობენ, ეს წინამძღვარზეა დამოკიდებული, ის ქმნის იქ განწყობას და თავადვე აძლევს მაგალითს მრევლს თუ ეკლესიაში მომსახურე ადამიანებს.

მღვდელი დავით ოქრუაშვილი (წარსულში ჩვენი კოლეგა) დღეს არაგვის ხეობის ორი ტაძრის - არაგვისპირის წმინდა ნინოსა და ლაშარისჯვრის წმინდა გიორგის ტაძრების წინამძღვარია და იქაურ ეზოებს მღვდლად დადგენის პირველივე დღეებიდან დიდ ყურადღებას აქცევს. მან მრევლთან ერთად ეზოების მოვლა-გაბაღნარება გადაწყვიტა.

- ძველი აღთქმის ეკლესიაში ტაძრის ეზო მნიშვნელოვანი ადგილი იყო და მას სულიერ ცხოვრებაში დიდი როლი ენიჭებოდა. როგორც მოუვლელი და მოუწესრიგებელი ტაძარია მიუღებელი, რადგან ღვთის სახლია, ასევეა ეზოც. ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება, აქ ადამიანი მარადიულად ხვდება უფალს და შეუძლებელია ასეთ დიდ, საკრალურ შეხვედრას უსუფთაობა ახლდეს. ამიტომ ტაძარი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს და შესაბამისად, მისი ეზოც. თუმცა, როცა ეკლესიის ეზოს ვაგეგმარებთ, ყველაფერი იქაურობისთვის შესაფერისი უნდა იყოს.

- ესე იგი, სიფრთხილეა გამოსაჩენი. - დიახ, ზღვარი არ უნდა დაირღვეს. ტაძრის ეზოს, სილამაზესთან ერთად, სიმშვიდეც სჭირდება, ერთმა გაუთვალისწინებელმა დეტალმაც კი შეიძლება დაარღვიოს გარემო, ეზო პარკს ან დასასვენებელ ადგილს დაამსგავსოს. აქ ზომიერება ცოტა რთულად დასაცავია, ისეთი ტაძრებიც მინახავს, ისეთი დეკორაციებით, რომლებიც ეკლესიურ ხასიათს სცდება. არადა, ქრისტიანობა ზომიერების რელიგიაა და ეს გარეგნულ შტრიხებშიც უნდა ჩანდეს.

- მოგვიყევით თქვენ მიერ გაშენებულ ორი ტაძრის ბაღებზე... - 2013 წლიდან ვარ მღვდელმოქმედებაში და ლაშარისჯვრის წმინდა გიორგისა (მონასტრის სახეს იძენს) და არაგვისპირის წმინდა ნინოს ტაძრების წინამძღვარი. არაგვისპირში ტაძარი ახალი ნაკურთხი იყო და იქ პირველი მღვდელმსახური აღმოვჩნდი. ლაშარისჯვარი ტყეშია და შესაბამისად, ყველაფერი რაღაც ველურ სილამაზეშია. ასეთ გარემოს ადამიანის ხელი ზედმეტად რომ შეეხოს, ნაკლებად მოუხდება. ტაძარი და არქიტექტურა ძველია, არც ის მოიხდენს გადამეტებას, თან დიდი ხეების, საუკუნოვანი მუხების, აკაკის ხეების (წმინდა ხედ ითვლება) სავანეა. ამიტომ ვცდილობთ თანამედროვე დეკორაციები თითქმის არ შევიტანოთ. იქაური ეზოს გალამაზების პირველი ეტაპი ვარდების დარგვა იყო. შემდგომ ბზები, ნაძვები, კვიპაროსები, ზეთისხილი დავრგეთ. ჩვენკენ მკაცრი ზაფხული იცის, წყლის პრობლემაც არის და ამის გამო ადრე ბევრი მცენარე გვიფუჭდებოდა. იყო ზაფხულიც, როცა წყალი არ მოდიოდა და ვწვალობდით. ჩემთვის დასალევად რომ მიმქონდა, ცოტას მცენარეებს ვუნაწილებდი. ახლა ასეთი გაჭირვება აღარ არის. წლეულს, მაგალითად, ლაშარისჯვარში 50 ძირი ვარდი მაინც დავრგეთ.

- თავიდან ეს საქმიანობა თქვენ დაიწყეთ და მრევლიც გვერდით დაგიდგათ? - კი, მრევლი მეხმარებოდა. ლაშარისჯვარში დედა ანასტასია დიდ ყურადღებას აქცევს, თან იქ ცხოვრობს, თუმცა ყველაფერი ჩემთან შეთანხმებით კეთდება. 2012 წელს ეკურთხა ლაშარისჯვრის ტაძარი, რომელიც მანამდე აღადგინეს, თუმცა ცხადია, სიძველეც მოსდევს.

არაგვისპირის ტაძრის ეზოში ადგილმდებარეობის მიხედვით და იმის გამოც, რომ ახალი აშენებულია, თავს უფლებას ვაძლევთ პატარა ექსპერიმენტები ჩავატაროთ - გვაქვს მცირე დეკორაციები. ხალხს ვთხოვე, თუ ვინმეს ძველი ქვევრი, ქოთანი, თიხის ჭურჭელი ჰქონდა, ტაძრისთვის შემოეწირა. მართლაც მოგვიტანეს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ვაზის კულტურის სამშობლოა, ამასთან, ვაზი ახლოს დგას სულიერ ცხოვრებასთან. წმინდა ნინო საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ამ თემასთანაც გვინდოდა დაგვეკავშირებინა. ქვევრებმა ბაღს სიძველე და ეზოს სხვაგვარი პეწი შესძინა. არაგვისპირში თითქმის 200 ძირი ვარდი გვაქვს და სხვადასხვა წვრილ-წვრილი ყვავილი, რომლებიც ეტაპობრივად ყვავის, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. თუმცა შარშან ჩვენი ვარდები მთელ ზამთარს ყვავილობდნენ.

- მგონი, ამ ამბავს სოციალური ქსელში სტატუსიც მიუძღვენით...

- ჩვენმა დათოვლილმა ვარდებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ მშვენიერებაში კი უფრო საინტერესო ისტორია იმალება... რამდენიმე წლის წინ მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, იქ გარდაცვლილი პაციენტის ოქროს ჯვარი მომიტანა. როგორც აღმოჩნდა, განსვენებულს არავინ ებადა, არც ცოცხალი მოიკითხა ვინმემ და გარდაცვლილიც არავის გახსენებია, მადლობა ადამიანურ სიკეთეს, დასამარხი არავინ რჩება და კაცი საავადმყოფომ გააცილა ბოლო გზაზე, მისი ჯვარი კი მედპერსონალის გადაწყვეტილებით ტაძარში მოაბრძანეს. იმ ჯვრით 8 ძირი ვარდი ვიყიდეთ და ტაძრის ეზოში დავრგეთ. ყველამ იხარა, მესამე წელია, ყვავილობენ. რთული კლიმატის მიუხედავად, სილამაზესა და კეთილსურნელებას უხვად გასცემენ. როცა თოვლმა და ყინვამ ამათ მხრებზე გადაიარა, იმ ადამიანზე ფიქრი ამეკვიატა, რომელსაც ამ სამყაროში არავინ დარჩა, ვარდების გარდა, რომლებიც უხმოდ ქადაგებენ, რომ სიკვდილი ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაწყისია. მთავარი ის არის, რას ვტოვებთ ან რას გავიყოლებთ სამარადჟამოდ. 8 ხომ მარადისობის სიმბოლოა, ამაზე მაშინ არ მიფიქრია, როცა ვყიდულობდი, უბრალოდ, მეტი არ მომივიდა... ახლა მისი ხსოვნა ამ ყინვაშევერცხლილ ვარდებში განაგრძობს სიცოცხლეს და ეს გამარჯვებაა! თავიდან არც ერთი ვარდი არ იყო ტაძრის ეზოში და სწორედ ეს 8 ძირი ვარდი აღმოჩნდა იქ პირველად დარგული.

ასე რომ, ჩვენთან ყველაფერი ერთმანეთის ხელშეწყობით კეთდება, თუმცა ერთი მგალობელი, გულკა ინიაშვილი, თავდაუზოგავად მეხმარება. საერთოდ, ვისაც ბუნება უყვარს, შეუძლებელია გულისხმიერი ადამიანი არ იყოს.

ერთი ამბავიც მინდა გითხრათ: ჩვენთან წყალტუბოდან მომლოცველები მოვიდნენ და ჩვენს ეზოში ნაძვები დარგეს. აქეთ რომ მოვხვდებით, ჩვენი სახელობის ბაღი გვექნება და მოვუვლით კიდეცო. იმ ნაძვებიდან რამდენიმე გახმა, მაგრამ 10 ძირი გადარჩა. ასე რომ, ნაძვის პირველი ძირები უცხო ადამიანებმა დარგეს მათთვის უცხო მხარეში. ჩვენთან ყველა ნაძვს თუ სხვა მცენარეს ჰყავს თავისი პატრონი, რადგანაც ადამიანები მათ ტაძრებს სწირავენ.

ჩვენი პატრიარქი წლებია ქადაგებს, რომ ჩვენ მიწათმოქმედი ქვეყანა ვართ, ამიტომ ქართველმა კაცმა მიწასთან ურთიერთობა, შრომა არ უნდა გაწყვიტოს. ამაში დევს ჩვენი გენეტიკური კოდი. მიწა ბევრ რამეს გვიყვება, მთავარია, მოვუსმინოთ. ვიყოთ მეტად გულისხმიერი როგორც ბუნების, ასევე ერთმანეთის მიმართ.