"ალისა საოცრებათა კისისხევიდან" - კვირის პალიტრა

"ალისა საოცრებათა კისისხევიდან"

ზაფხულის საუკეთესო ბაღჩეულზე, ტკბილ და არომატულ მარწყვზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ მასთან დაკავშირებით უამრავი ხალხური გამოთქმაც არსებობს. მათ ამ ბოლო დროს ერთი მშვენიერი სახელწოდებაც შეემატა: "ალისა საოცრებათა ქვეყნიდან" - ასე უწოდებენ თეთრ მარწყვს, რომელსაც ჰოლანდიელმა ფერმერებმა სულ შვიდიოდე წლის წინ დაუბრუნეს სიცოცხლე. საქმე ის არის, რომ თეთრი მარწყვი XVIII საუკუნის ჩათვლით, ევროპა-აზიის ბევრ კუთხეში ხარობდა, საიდანაც იგი წითელმა მარწყვმა განდევნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა საბოლოოდ, - ჰოლანდიელმა ფერმერებმა თეთრი მარწყვის გემო გაიხსენეს და პლანტაციებიც გააშენეს. დღეს კი მასზე უკვე ისეთი მოთხოვნაა, რომ შეიძლება წითელი მარწყვის სერიოზულ კონკურენტადაც იქცეს. მათ შორის, ჩვენთანაც. ყოველ შემთხვევაში, თელავის ბაზარზე იგი ორიოდე კვირის წინ გამოჩნდა და თვალის დახამხამებაში გაქრა. აქ კი კისისხეველმა ფერმერმა, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ლაცაბიძემ შეიტანა. დიდხანს სულაც არ უფიქრია, - თეთრი მარწყვის შესახებ გაიგო თუ არა, მაშინვე გამოიწერა: თუ ავარგებდა ხომ კარგი, თუ არადა, ქვეყანა არც ამით დაიქცეოდა, საკუთარ კენკროვანთა ბაღში საშრომი ისედაც მრავლად ჰქონდა. მთავარი სიახლის ძიების სურვილი იყო, რაც ირგვლივ არც ისე ბევრს აქვს.

გიორგი ლაცაბიძე: - კისისხევში კენკროვანებს და მათ შორის, მარწყვს ჩემი ოჯახი იმაზე მეტი ხანია აშენებს, რა ასაკისაც მე ვარ, - ოჯახში უკვე 25 წელიწადია მარწყვის ბაღი გვაქვს. აქ მთელი ჩემი ოჯახი და მათ შორის, მეც ვშრომობ. ასე რომ, მარწყვის მოვლა-მოყვანაც მშვენივრად ვიცი. მარწყვი მთელ კახეთში "შინაური" კულტურაა და შემოსავლის წყაროდაც ითვლება. მაგრამ ერთი რამ არ მომწონს, - კახელებს მარწყვის მართლაც კარგი ჯიშები გვაქვს, ჩვენში ეს ჯიშები უკვე მრავალი წელიწადია არსებობს, მათ გამრავალფეროვნებაზე კი არავინ ფიქრობს. არადა, სიახლეების გარეშე სოფლის მეურნეობა არც მომგებიანი იქნება და არც საინტერესო. ხომ ვხედავთ, უცხოეთში რამდენად სწრაფად იქმნება ახალ-ახალი ჯიშები, რომელთა ჩამოტანა სულაც არ არის ძნელი. ისე კი, ერთიც არის, - როცა სიახლეების გამო ასე დაგწყდება გული, მაშინ შენ თვითონ უნდა შემოიტანო ეს სიახლე და დანერგო. მეც ასე მოვიქეცი თეთრ მარწყვთან დაკავშირებით. ინტერნეტში ხშირად ვეძებ კენკროვანების ახალ ჯიშებს, რომელთა შორის თეთრი მარწყვიც შემხვდა. ის ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე აღმოვაჩინე. მივყევი, მივყევი და მივადექი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მეურნეობას, სადაც ონლაინმარკეტში მარწყვის ეს ჯიში აქვთ გასაყიდად გამოტანილი. მივმართე ფირმას და სულ 12 ნერგი გამოვიწერე. არც ისე იაფი ღირდა, რომ მეტი გამომეწერა. ნერგები ორ კვირაში ჩამოვიდა თვითმფრინავით.

- რა გარანტია გქონდათ, რომ ან გზაში არ დაზიანდებოდა, ან კისისხევში გაიხარებდა? - დაუზიანებლობის გარანტია მქონდა, ეს სერვისი კარგად არის განვითარებული და ყველა მარწყვის ჩითილი ისე ჩამომივიდა, აბსოლუტურად საღი იყო. თანაც ჩითილები ღია ფესვთა სისტემით ჩამოვიდა, ანუ მიწა კი არ ჩამოჰყოლია, პოლიეთილენში იყო ფესვები იმგვარად გახვეული, რომ გამოშრობისაგან დაცული ყოფილიყო. რაც შეეხება დარგვა-გახარებას, ამის ნამდვილად მეშინოდა, მაგრამ ჩვენს ნიადაგს საუკეთესოდ შეეგუა. ყველა ჩითილი გალაღდა და გაიხარა. დასხმითაც ჩვეულებრივად დაისხა. მეტიც, - ბწკალებითაც (ბარდით) მშვენივრად გამრავლდა. გამრავლებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სპეციალურად დავრგე ეზოში, რომ მის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვების შესაძლებლობა მქონოდა. ამდენად, წლეულს უკვე ბწკალებით გამრავლებული მარწყვი დავკრიფე. მართალია, არც ისე ბევრი მომივიდა, მაგრამ თითოეულ ჩითილს საკმაოდ კარგი მსხმოიარობა ჰქონდა და რამდენიმე პატარა 250-გრამიანი კონტეინერი გავიტანე გასაყიდად. მარწყვი იმდენად ცოტა იყო, სხვათა შორის, არც ვაპირებდი ამ თემის საზოგადოებაში გავრცობას, მაგრამ თეთრი მარწყვი მყიდველმა იმდენად კარგად მიიღო, ჩემდა უნებურად, ყველამ გაიგო მის შესახებ.

- ალბათ გემრიელია და იმიტომ. - არა მხოლოდ გემრიელია. საუცხოო არომატი და სინაზე აქვს. ზოგადად ყველა ჯიშის მარწყვს თავისი არომატი აქვს და ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან. თეთრი მარწყვი არომატით მდელოს მარწყვს მოგაგონებთ, მაგრამ გემოთი ბევრად უფრო გემრიელი და ნაზია. თანაც საინტერესოდ გამოიყურება - საშუალო ზომის მარწყვზე მობნეული ოდნავ მოვარდისფრო ბუსუსები ჩემთვისაც კი ლამაზი სანახავი იყო, როცა ვკრეფდი. ამას ისიც ემატება, რომ თეთრი მარწყვი საგვიანოა და ამითაც იგებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ბაზარზე ჩვეულებრივი კახური მარწყვი მაისის დასაწყისიდან შემოდის, თეთრი მარწყვი მაისის ბოლოდან იკრიფება და დახლებზე უკვე შემოლეულ მარწყვს ანაცვლებს. ამდენად, მყიდველი ჰყავს. კიდევ ერთიც, - თეთრი მარწყვი საუკეთესოა კულინარიაში, როგორც კულინარები ამბობენ, ის საკონდიტრო პროდუქტს ძალიან უხდება.

- მარწყვი მალფუჭებადი პროდუქტია. ალბათ თეთრი მარწყვიც მაშინვე უნდა წაიღო გასაყიდად, როგორც კი დაკრეფ. - ასეა. თუმცა, კარგი მაცივრები ამ თემას ხსნის, - მაცივარში მარწყვი 2-3 დღეს ინახება. ასე რომ, ამ მარწყვის შემოტანით მგონი ურიგო საქმე არ გამიკეთებია, მალე იმდენი ჩითილი მექნება, გავყიდო და სხვებმაც რომ იხეირონ. ამ კულტურის განვითარებისთვის ასპარეზი ვრცელია, რადგან მისი გაყიდვა შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც სხვა ნებისმიერი ხილი იყიდება. თეთრი მარწყვის პოტენციური მყიდველები სუპერ და ჰიპერმარკეტები, აგრარული ბაზრები, საკონდიტროები, რესტორნები და სხვა ობიექტებია.