მწვანე მუზეუმის ხელმარჯვე ოსტატი - კვირის პალიტრა

მწვანე მუზეუმის ხელმარჯვე ოსტატი

გელა ცენტერაძე: "ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ - ამის ნახვა ინტერნეტში შეიძლება, თუმცა საქართველოში ჯერ ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი"

ბევრი ხელმარჯვე ადამიანი და ოსტატი ჩაგვიწერია, მაგრამ ჩვენი ახლანდელი რესპონდენტი მართლაც გამორჩეულია. მისი ნამუშევრები გარემოს აცოცხლებს და ალამაზებს. გელა ცენტერაძე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებიდან, საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს ამზადებს და ხელოვნური ბალახით ფარავს. ასეთი ნამუშევრები უცხოეთში არაერთია შექმნილი, მათი ნახვა ინტერნეტითაც შეიძლება. თუმცა საქართველოში გელა პირველია. ანიმაციური ფილმების, ზღაპრების გმირების, ცხოველების, ფეხბურთელების - მესისა და რონალდუს ფიგურები, მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ.

პირველად ქოხი და ცხენი გააკეთა, მოგვიანებით ქოხის თავზე კარლსონიც შემოსვა, როგორც გვეუბნება, ყველაფერი - შვილიშვილის თხოვნით. პატარას უნდოდა შინ დიდი სათამაშოები ჰქონოდა. მერე აზარტში შევიდა და ახლა ეზო ნამდვილი მუზეუმია, სადაც ნამუშევრებია გამოფენილი.

ბატონი გელა პროფესიით სამთო ინჟინერია. არასდროს უცდია რამის დახატვა და არც მხატვრობის სწავლის სურვილი გასჩენია. ადრეულ წლებში თავისი პროფესიით მუშაობდა, ასკანურ თიხას მოიპოვებდა. ახლა ფიგურებს ქმნის და თავის საოჯახო მეურნეობას უვლის.

- რის საშუალებასაც ჩემი ეზო იძლევა და რაც ჩვენს მხარეში მოდის, მომყავს - ციტრუსი, თხილი, კივი... ამ ფიგურების გაკეთება კი შემთხვევით, შვილიშვილის თხოვნით დავიწყე. ეზოში ხელოვნური ბალახი მეყარა და რატომღაც ცხოველის ბეწვს მივამსგავსე. შევქმენი კარკასი, ზემოდან გადავაკარი ხელოვნური ბალახი - ასე მივიღე პირველი ნამუშევარი, ცხენი. მანამდე ქოხი მქონდა გაკეთებული და ბავშვმა მთხოვა, ქოხთან რაღაც ცხოველი იყოსო...

ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, ამას ტოპიარს უწოდებენ. მისი ნახვა ინტერნეტში შეიძლება, თუმცა საქართველოში ჯერ ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი.

- ორი წლის წინ დაიწყეთ და უკვე მუზეუმს ჰგავს თქვენი ეზო, სადაც არცთუ ცოტა ნამუშევარია. მოგვიყევით, როგორ აკეთებთ თქვენს ფიგურებს. - ჯერ ვამზადებ რკინის კონსტრუქციებს, მერე - კარკასს მავთულით, ფორმა რომ მივცე. სულ ბოლოს ზემოდან ხელოვნურ ბალახს ვაკრავ. ჭრა-კერვაც მიწევს. ცოტა თარგის გამოჭრა და კერვა კი მიჭირს, მაგრამ ამასაც ვერევი. მაგალითად, ფეხბურთელები რომ გავაკეთე, იგივე პრინციპი გამოვიყენე, ოღონდ მათ ხელოვნური ბალახი არ გადავაკარი, წებო-ცემენტით გავაკეთე და მერე საღებავები ვიხმარე. იდეები ბავშვებს მოსდით - უნდათ ანიმაციური გმირები, ეგზოტიკური ცხოველები.

- შრომატევადი საქმეა და დროც სჭირდება. - საშუალოდ 10-15 დღეს ვუნდები სპილოს კი ერთი თვე დასჭირდა. დილიდან საღამომდე გაუჩერებლად ვმუშაობ. თან ისეთი საქმეა, ყველა ოპერაცია ერთიმეორეზეა მიბმული.

- ნამუშევრებს არ ყიდით? - თავიდან გაყიდვაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ რკინისა და მავთულის მარაგი, შინ რაც მქონდა, ამოვწურე და რამდენიმეს გაყიდვა მომიხდა. ხელობასა და დახარჯულ დროს რომ თავი დავანებოთ, მასალა ძალიან ძვირი ღირს, განსაკუთრებით - ხელოვნური ბალახი.

ახლა მინდა, პროექტში "აწარმოე საქართველოში" მივიღო მონაწილეობა. ეზოში ისე განვალაგე ნამუშევრები, რომ აქაურობა მართლაც პატარა მუზეუმს დაემსგავსა. მინდა, ბევრმა ნახოს. სანახავად სკოლიდანაც ორგანიზებულად მოდიან. ჩემი ნამუშევრები უკვე არაერთმა ადამიანმა მოინახულა.

სამომავლოდ საინტერესო გეგმები მაქვს, თუმცა ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული. მინდა, ბევრმა იყიდოს კიდეც, მაგრამ როგორც ვთქვი, მასალების ფასის გათვალისწინებით, ცოტა ძვირია.

- ოჯახის წევრები თუ არიან ჩართული ამ საქმეში? - ორი შვილიშვილი მყავს - ბიჭი 15 წლის არის, გოგონა - 12-ის. ბავშვები სხვანაირად ხედავენ. დეტალები უკეთ იციან და ამ საქმეში მეხმარებიან.

- რა მოგიტანათ ამ საქმიანობამ? - ასეთ შედეგს არ ველოდი, თუმცა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ნებისმიერ ადამიანში არის რაღაც ჩაბუდებულ-ჩასახლებული, ამიტომ უნდა ეძებონ საკუთარი თავი და აღმოაჩინონ. ადრე რომ მცოდნოდა, ეს უნარი მქონდა, ცხადია, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მინდა, დადგეს დრო, რომ ვინც ნახავს და მოეწონება, ყიდვა ყველამ შეძლოს. ადამიანი ვერ ვიპოვე, პროფესიულად რაიმე დეტალზე ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ. ალბათ, უკეთესად კეთებაც შეიძლება, მაგრამ ჯერ მართლა ვერავინ ვნახე.