ქართული ხორბლის ახალი ჯიში და რეკორდული მოსავალი - კვირის პალიტრა

ქართული ხორბლის ახალი ჯიში და რეკორდული მოსავალი

გასული საუკუნის დასასრულიდან, როცა კომპანია "ლომთაგორამ" მარნეულში ქართული ხორბლისა და სიმინდის ჯიშების აღორძინება დაიწყო, შეიძლება, თვითონაც არ ელოდნენ, რომ სოფლის მეურნეობის წამყვან საერთაშორისო ნიშნულს მიაღწევდნენ. სწორად გააზრებულმა ჩანაფიქრმა კი თავისი გააკეთა: კომპანიაში იმხანად უფუნქციოდ დარჩენილი მემარცვლეობის ცნობილი სპეციალისტები მიიწვიეს, მათთან ერთად სიახლეების ძიებაში ჩაერთვნენ და შეუძლებელი შეძლეს. დღეს ეს კომპანია საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული მემარცვლეობის კომპანიაა, რომელიც მარცვლეულის საუკეთესო თესლს აწარმოებს. წელს ივნისში კი, თუ შეიძლება ითქვას, საკუთარი მიღწევით თვითონვე გაოცდნენ - დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებისთვის აქ ჰექტარზე 11 ტონა ახალი ჯიშის ხორბალი აიღეს.

რას წარმოადგენს ეს ჯიში და რა პირობებში მიიღეს მისგან ასეთი მოსავალი, კომპანიის მეხორბლეობის სპეციალისტი ირაკლი რეხვიაშვილი ასე განმარტავს: "ამ ჯიშის გამოყვანისთვის დაახლოებით 9 წელიწადი დაგვჭირდა. მეცნიერი სელექციონერების მიზანი ის არის, რომ ყოველი მომდევნო ჯიში უკეთესი გამოვიდეს იმ "წინაპარ" ჯიშებზე, რომელთა შეჯვარებისაგან მათ ვიღებთ და არა მხოლოდ მოსავლის თვალსაზრისით, - მოსავალი ისე ვერ მოვა, ახალი ჯიში გარემოსა და კლიმატს თუ ვერ შეუთავსდა. ეს ახალი ჯიში "თესლოვანისა" და "ჯაჯერის" შეჯვარებით მივიღეთ.

მარცვლეულს შესაჯვარებლად ვგზავნით უცხოეთის ლაბორატორიებში, სადაც ამ შრომატევად პროცესში ასეულობით შეჯვარებული ხორბლისგან მხოლოდ რამდენიმე წყვილი იძლევა შედეგს. როდესაც ეს ლაბორატორიები "წარმატებული" ჩანასახიდან უკვე მეორედ მიიღებენ მოსავალს, თესლს გვიგზავნიან, საიდანაც წლების განმავლობაში უკვე ადგილზე ვაწარმოებთ სელექციას.

საქმე ის არის, რომ ნათესებიდან ზოგიერთი ძირი ითიშება - თავის "წინაპრებს უბრუნდება", ზოგი კი სწორედ ის არის, რისი მიღებაც გვინდა. ამ საუკეთესოებს ვარჩევთ და ისევ ვთესავთ მომდევნო წელიწადს. მანამდე, სანამ ჯიში გათიშვას არ დაასრულებს და "თავის თავს" არ დაემსგავსება. ასე მივიღეთ "ლომთაგორა 126". მაგრამ ამასთან, ასეთი მოსავალი შრომისა და ახალი მიდგომების შედეგიც არის: ჩვენ ეს რაოდენობა ხორბალი 1.20-მეტრიან ბაზო-კვლებზე (მაღალი კვალი) დავთესეთ, რაც "ლომთაგორას" ხელმძღვანელის, კახა ლაშხის დამსახურებაა.

კახა ლაშხი: - გლობალური დათბობის პირობებში სოფლის მეურნეობის ყველა სფეროში გართულდა მოსავლის მიღება. ამ სიტუაციაში ბაზო-კვლები მართლაც ძალიან ეფექტურია. ჯერ ერთი, კვლების გასწვრივი სარწყავი სისტემიდან წყალი ხორბლის ნათესებში ზომიერად და თანაბრად მიედინება. გვერდითი მორწყვა ხდება, რა დროსაც ნათესებს წყალი პირდაპირ კი არ ეხება, არამედ ზომიერად ატენიანებს. შედეგად მოსავალიც ერთნაირად უხვი და მაღალხარისხოვანია ბაზო-კვლის მთელ სიგრძეზე. პარალელურად, ბაზო-კვლები უხვი წვიმის პირობებში წყალს ყანიდან შესანიშნავად "გაისრუტავს", დატბორვა არ ხდება. ამავე დროს კვლების ჩაღრმავებებში სარეველა ითრგუნება და მზის სხივი ხორბლის ნათესს თანაბრად ხვდება. თუმცა მხოლოდ ესეც არ არის - ნათესებს მუდამ თავზე დგომა და კონტროლი სჭირდება, რომ რაიმე დაავადება არ გამოგვეპაროს. ისე კი, საბედნიეროდ, ამ მხრივ ქართულ ხორბალს საქმე უკეთესად აქვს, დღეს უკვე ყველგან შეიმჩნევა ხორბლის იმუნიტეტის დეფიციტი - ბევრგან ებრძვის ხორბლის ყანები ვირუსებსა და დაავადებებს. ქართული ხორბალი გენეტიკურად მყარი იმუნიტეტისაა.

ამას წინათ სტუმრად კორეელები გვყავდა და გაკვირვებულებმა არაერთხელ გვკითხეს, ასეთს რას აკეთებთ, რომ ამდენი მოსავალი მოგყავთო!.

დღეს უკვე საერთაშორისო კომპანიები ინტერესდებიან ჩვენით. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელს მიაქვს ჩვენი სათესლე მასალა იმის საკვლევად, თუ რა ხდება ქართულ ხორბალში, რომელსაც ყველანაირ გარემოსთან შეგუება შეუძლია.

- ე.ი. არ არის გამორიცხული, ამ ლაბორატორიებიდან გატანილი მარცვლით ჩვენი ხორბლის ყანა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდეს. - ოფიციალურად ხორბლის თესლს ჩვენ არავის ვაძლევთ, ისე კი, ეს პრობლემა არ არის, - დედამიწაზე ხორბალი უნდა არსებობდეს და თუ ჩვენი ხორბალი შეასრულებს ამ ფუნქციას, მით უკეთესი. რაც შეეხება ჩვენს ახალ ჯიშს და რეკორდულ მოსავალს, ეს მართლაც საუკეთესო ჯიშია, უპირველესად იმიტომაც, რომ ნაადრევია, ზაფხულის სიცხეებს ასწრებს და ფაქტობრივად, ივნისის შუა რიცხვებში იძლევა მოსავალს, ანუ მაშინ, როცა სხვა ყანები ჯერ კიდევ აუღებელია. ერთსაც ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის გამოყვანისა და მოსავლის მიღებისათვის დიდი შრომა გავწიეთ, ასეთ რეკორდს მართლაც არ ველოდით!