"დედაჩემი ვერ წარმოიდგენდა ამას, რასაც ახლა დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - კვირის პალიტრა

"დედაჩემი ვერ წარმოიდგენდა ამას, რასაც ახლა დიდი სიამოვნებით ვაკეთებ"

"გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ბალი, ქლიავი, ალუბალი, მსხალი... ისეთ სიმაღლეზე ისხამს, რომ ნაყოფს ჩემი ორი წლის პატარაც სწვდება, მოსახერხებელია და ადვილად დასაკრეფი. ასეთი უპირატესობით გამოირჩევა ჩვენი ტექნოლოგიით გამოყვანილი ნერგები. იოლად მოსავლელიც არის - სად 5-მეტრიანი ხე და სად 3-იანი"

გასულ კვირას ერთი კარგი მშრომელი, ენერგიული და მიზანდასახული 23 წლის რებეკა ხუგაევი გავიცანი. ლაგოდეხის სოფელ აფენიდან არის, მდიდარი კუთხიდან, სადაც ნიადაგი და ჰავა საუკეთესო მოსავლის მიღების პირობას იძლევა. არც შრომა ეზარება, რომ კარგი შედეგი ჰქონდეს. შრომობს მამასთან ერთად. ამჟამად თავისი მეურნეობის შესახებ გვიყვება, გამოცდილებას გვიზიარებს და თავის ბიზნესისტორიასაც მოგვითხრობს.

- ეროვნებით ნახევრად ოსი ვარ, დედა ქართველი, იმერელი მყავდა. სოფელ აფენში გავიზარდე. მყავს 2 წლის ბიჭი. ლაგოდეხის რაიონი მიწათმოქმედებისთვის ზედგამოჭრილია და ჩვენც ვშრომობთ. ეს საქმე - ხეხილის ნერგების გამოყვანა - დედაჩემისა და მამაჩემის წამოწყებულია 90-იან წლებში. ყვავილებსა და დეკორატიულ მცენარეებზე ოჯახი მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც ჩემი და უცხოეთში წავიდა. იქიდან სახლისთვის ლამაზი ყვავილები ჩამოჰქონდა, უმეტესად, ტიტები. ჩვენთან ნერგების შესაძენად რომ მოდიოდნენ, ეზოში ლამაზ ყვავილებს, უცხო მცენარეებს ხედავდნენ, მოსწონდათ და გვეუბნებოდნენ, გაამრავლეთო. დედამაც მათი გამრავლება დაიწყო. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და სამწუხაროდ, ამ საქმეში არ ვყოფილვარ ჩართული. უფრო სწორად, მშობლები ნებას არ მაძლევდნენ - სწავლას მიხედე, უფრო გამოგადგებაო. მეც ავიაციის შესწავლა გადავწყვიტე. ჩემს დასთან გერმანიაში ხშირად მივფრინავდი და ავიაციით მაშინ დავინტერესდი.

სტუდენტი ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, სწავლას თავი დავანებე და სოფელში დავბრუნდი, რადგან მამაჩემი ვეღარ აუდიოდა საქმეს.

- ესე იგი, მამა ოჯახის მთავარი მეურნეა, თქვენ კი მისი შეგირდი... - მამაჩემი ჩემი წინამძღოლია, ყველაფერს მასწავლის. საქმე მე ავიღე თავზე, გაყიდვებს, მარკეტინგსაც მე წარვმართავ, კომუნიკაციას ვამყარებ მომხმარებელთან. ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ ავიაციაზე აღარც ვფიქრობ, არადა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. დედას ისე უყვარდა ეს ყვავილები, მიხარია, რომ მის საქმეს ვაგრძელებ.

თავიდან ხეხილის გამოყვანა-დამყნობა სპეციალური ტექნოლოგიით მამამ დაიწყო. დაბალი ჯიშის, ჯუჯა ტანის ხეხილი გამოგვყავს. საგანგებოდ ვამყნობთ, ვსხლავთ, ვუვლით. მაგალითად, ზოგიერთი ალუჩა მიწიდან 20 სანტიმეტრზე ისხამს, ზოგი 10-დანაც (ზრდასრული ხეხილი). გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ბალი, ქლიავი, ალუბალი, მსხალი... ისეთ სიმაღლეზე ისხამს, რომ ნაყოფს ჩემი ორი წლის პატარაც სწვდება, მოსახერხებელია და ადვილად დასაკრეფი. ასეთი უპირატესობით გამოირჩევა ჩვენი ტექნოლოგიით გამოყვანილი ნერგები. იოლად მოსავლელიც არის - სად 5-მეტრიანი ხე და სად 3-იანი. ეს მამაჩემის მიღწევაა.

გვაქვს დეკორატიული ხეხილიც, ხეების სიმაღლე მაქსიმუმ მეტრ-ნახევარია. ეს ჯუჯა ხეები ჩემმა დამ გერმანიიდან ჩამოიტანა, შემდეგ ქართულ საძირეებზე გადავამრავლეთ და ჩემი წითელი ჯუჯა ატამი დღეს ძალიან პოპულარულია. შარშან კარგი ალუბალი გვქონდა, ყველას მოეწონა.

- მარტო აუდიხართ საქმეს? - მარტო მე და მამა ვართ, დროდადრო 2-3 კაცი მოგვყავს დასახმარებლად. ისე კი თავად ვმუშაობთ, ზოგჯერ ბავშვთან ერთადაც. მარტოხელა დედა ვარ... მოკლედ, ჩვენი საოჯახო მეურნეობა გაშლილია ეზოში, სადაც სახლიც დგას. მიწა სულ 2500 კვადრატული მეტრია.

- გარდა იმისა, რომ ნერგებს ამრავლებთ, ამყნობთ და ყიდით, ხილსაც ყიდით? - არა, მხოლოდ ხეხილს. ხილი მხოლოდ მომხმარებლისთვის საჩვენებლად გვაქვს, რომ შეარჩიონ. თუ ცოტა მეტი ხილი მოვიდა, სხვებს ვასაჩუქრებთ.

- ხეხილის გასამრავლებლად რა არის მნიშვნელოვანი? - დამყნობა, რა სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას დამყნობილი ნერგი, გასხვლა... ხე ყოველ შემოდგომას უნდა გაისხლას, ფორმის მიხედვით. მამაჩემი ამას თვალის ზომით აკეთებს. უმეტესად სამ ტოტზე მიგვყავს, ბუჩქდება და სიმაღლეში აღარ გარბის, გვერდებზე გადის და დაბალი ტანის ხდება.

შემდეგ მნიშვნელოვანია შეწამვლა. ყველა ხეს თავისი შესაწამლავი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე შაბიამანს ვიყენებთ. ადრეულ გაზაფხულზე ვწამლავთ, სანამ ხე კვირტს გამოიტანს. ასეთ დროს ის ყველა დაავადებისგან დაცულია. ყველაზე შედეგიანი შინ დამზადებული შაბიამანია. არსებობს შაბიამნის ახალი ვერსიები, სხვადასხვა მინარევით, მაგრამ ჩვენ კირსა და შაბს ვიყენებთ.

- ნიადაგში რა სასუქი შეგაქვთ? - წყალს ვუსხამთ, სასუქს იშვიათად ვიყენებთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამომშრალია, როცა ხე ვეღარ უძლებს მაღალ ტემპერატურას. ხილს რომ დავკრეფთ, მაშინაც სჭირდება სასუქი, რომ ძალა ხელახლა მოიკრიბოს. ზრდის პერიოდში წყალი უნდა, რომ მომავალი წლისთვის მეტად გამაგრდეს, განვითარდეს, მეტი მოისხას, არადა, ამ პერიოდში აღარ აქცევენ ხოლმე ყურადღებას, რაც დიდი შეცდომაა. უპირატესობას მხოლოდ ბიოსასუქს ვანიჭებთ. ვიყენებთ ტყის მიწას და ხანდახან გადამწვარ ნაკელსაც, იმიტომ, რომ ამ ხილს უპირველესად ჩემს პატარას ვაჭმევ.

- მცენარეები სეზონების მიხედვით გაქვთ? - დიახ. ყვავილების გაყიდვის ახალ სეზონს ნოემბრიდან ვიწყებ. ნოემბერ-დეკემბერში ზამთრის ყინვაგამძლე ყვავილებს ვყიდი, თან გაზაფხულის ყვავილებზე ვიწყებ მუშაობას. ამ ყველაფრის ცოდნა თავისით მოვიდა. მართალია, ბავშვობაში ბაღში არ ვმუშაობდი, მაგრამ დედაჩემის საქმიანობას ვუყურებდი. ბოლო დროს, თესლითაც, ანუ ჩემით ვახარებ მცენარეებს.

აქაურობა ჩემი პატარა სამყაროა, სადაც ვცხოვრობ. მაქვს გეგმებიც, მინდა ადამიანები დავასაქმო... მცენარეები სიმშვიდის მომნიჭებელია, ნევროზიან ხალხს ურჩევენ, მებაღეობა-მეყვავილეობას მიჰყონ ხელი. ასაკოვანი ქალები რომ მოდიან ჩემთან, ამბობენ, რომ აქაურობა ამშვიდებთ. მეუბნებიან, გარემოზე ზრუნვა ჩვენც გვსიამოვნებს და ცხოვრების აზრს გვძენსო. დედაჩემი ვერ წარმოიდგენდა ამას, რასაც ახლა დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

- რას ურჩევდით სხვებს? - მცენარეებს მეტი დრო უნდა დაუთმონ. ადრე ამ საქმისთვის მეტი ყურადღება რომ მიმექცია და სხვებისთვის მომესმინა, უკეთესი იქნებოდა. რეალურად უნდა ვიფიქროთ, საქმე ვაკეთოთ საქართველოსთვის. არაფერი - არც ქვეყანა, არც სოფელი არ განვითარდება, თუ ჩვენ არ განვავითარებთ. ზოგს 300 ლარად სადღაც კონსულტანტად მუშაობა ურჩევნია, სოფელში კი მიწა მიტოვებული აქვს.

- თქვენ როგორ წარმოიდგენთ თავს 10 წლის შემდეგ? - წალკოტში, რაც ნამდვილი საოცრება იქნება.