"მესხეთ-ჯავახეთში ვაზის 300-ზე მეტი ჯიში ხარობდა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც იშვიათი ვაზის ჯიშების ძებნა მამის შთაგონებით დაიწყო
18-08-2019
"მესხეთ-ჯავახეთში ვაზის 300-ზე მეტი ჯიში ხარობდა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც იშვიათი ვაზის ჯიშების ძებნა მამის შთაგონებით დაიწყო
"მესხეთ-ჯავახეთში ვაზის 300-ზე მეტი ჯიში ხარობდა. ტერასებზე 10 ათასამდე ტონა ყურძენს კრეფდნენ"

იშვიათი ვაზის ჯიშების ძებნა მამის შთაგონებით დაიწყო - მას ყოველთვის სურდა მესხური ვაზის აღდგენა, ახლა კი ამ საქმის გარეშე ვეღარ ძლებს - ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როცა ვაზის ჯიშებს მთელ მესხეთში დაეძებდა, ახლანდელ წარმატებაზე ვერც იფიქრებდა. სარისკო იყო მივიწყებული მესხური ტერასების აღდგენაც, სადაც ამჟამად ათასობით ძირი ვაზი ხარობს. დღეს მესხურ ღვინოზე მსოფლიოს წამყვანი
გამოცემები წერენ და მისი სახელი მეღვინეებს შორის პოპულარულია. ახლახან ნათენაძეების საოჯახო მარანში დაყენებულმა ღვინომ ბრინჯაოს მედალი მიიღო ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე. ჩვენი სტუმარია მეღვინე, იშვიათი ვაზის ჯიშების მკვლევარი გიორგი ნათენაძე, რომელიც მესხეთში აღმოჩენილ ვაზის უნიკალურ ჯიშებზე გვიამბობს.

"სამარიობო"

- ადრე მესხეთ-ჯავახეთში ვაზის 300-ზე მეტი ჯიში
ხარობდა, მე-16 საუკუნემდე ვაზის კულტურა ჩვენს მხარეში ფართოდ იყო გავრცელებული. მაგალითად, ასპინძის მიდამოებში ტერასებზე დაახლოებით 10 ათას ტონა ყურძენს კრეფდნენ, მაგრამ ოსმალების შემოსევების გამო ეს მხარე განადგურდა და გადაიწვა, ვაზი გაჩეხეს და მევენახეობა-მეღვინეობაც აკრძალეს. საბედნიეროდ, 4 საუკუნის შემდეგ მესხური ტერასებიც აღვადგინეთ და უნიკალური ჯიშებიც მოვაშენეთ. მათ შორის არის უძველესი ჯიში - "სამარიობო", რომელსაც 10 წელიწადს ვეძებდი და სრულიად შემთხვევით ვიპოვე. "სამარიობო" ერთადერთი საადრეო ჯიშია, ის ყველა სხვა ყურძენზე ადრე მწიფდება. ჩვენი რეგიონი ცივი კლიმატით გამოირჩევა და აქ ყურძენს ოქტომბრის ბოლოს, ზოგჯერ კი ნოემბრის დასაწყისში ვკრეფთ, "სამარიობო" კი მარიამობის თვეში შემოდის და მისი დაკრეფა აგვისტოს ბოლოს უკვე შეიძლება. ამ ჯიშის ვაზი ახალციხესა და ასპინძაში ვიპოვე, აქა-იქ ხარობდა. ის ტერასებზე დავრგეთ, გავამრავლეთ და მომავალში უკვე ბევრი გვექნება. ბევრმა არ იცის და "სამარიობოს" წითელ ყურძენს ეძახის, რომელიც ჩვენს რეგიონშია გავრცელებული. სინამდვილეში ჰიბრიდია, რომელიც მოლდოვიდან შემოიტანეს. ერთ-ერთმა კომპანიამ მოლდოვური ჯიშისგან წარმოებულ ღვინოს შეცდომით "სამარიობო" დაარქვა და ახლა ღვინოსაც უშვებს. თუმცა, ვინც ვაზის ჯიშებში ერკვევა, კარგად იცის, რომ "სამარიობო" წითელი არ არის, თეთრი ყურძენია და მისი ღვინოც თეთრია. წითელი "სამარიობო" არ არსებობს.
"თამარის ვაზი"

არანაკლებ საინტერესო ჯიშია "თამარის ვაზი", რომელიც თურქეთის საზღვარზე, მტკვრის სათავეებთან, ოლოდის ხეობაში ვიპოვე. ეს თურქეთ-საქართველოს ნეიტრალური ზონაა, სადაც ამჟამად ნასოფლარები და ძველისძველი, მიწური სახლების ნარჩენებია, შემორჩენილია უძველესი ტერასების ნაკვალევიც. ამ ხეობაში გადავაწყდი 2011 წელს "თამარის ვაზს". მას დიდი მტევნები და მსხვილმარცვლიანი ყურძენი აქვს. 15 ოქტომბრამდე მწიფდება და მისი დაკრეფა შეიძლება. "თამარის ვაზს" ძალიან სასიამოვნო გემო აქვს, საუკეთესო სუფრის ყურძენია. მისგან ღვინოც კარგი მზადდება. თუ ჭაჭაზე დავაყენებთ, "თამარის ვაზისგან" მუქ ლალისფერ ღვინოს მივიღებთ, ხოლო ჭაჭის გარეშე ვარდისფერ ღვინოს, რომელიც ძალიან სასიამოვნო დასალევია. მოსახლეობაში არაერთ ვაზს ეძახიან "თამარის ვაზს", "თამარის ცრემლს" და ა.შ., და უმეტესად ეს ჰიბრიდული ჯიშებია.


"ცხენისძუძუ თეთრი"

მესხეთში ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური ჯიშის მარცვლები კონუსურია და თითას წააგავს. "ცხენისძუძუ" საუკეთესო სუფრის ყურძენია. ის ნათენაძეების გვარის ოჯახური მემკვიდრეობაა. ისტორიიდან ვიცით, რომ ეს ვაზი ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა. "ცხენისძუძუ" ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში, სოფელ ჭაჭკარშიც ხარობს. ეს არის 4 საუკუნის ვაზი, რომელიც დღესაც ცოცხალია და მსოფლიოში ყველაზე ძველ მსხმოიარე ვაზად ითვლება. ის უკვე მრავალ ქვეყანაშია ცნობილი, მასზე ფილმებიც გადაიღეს. "ცხენისძუძუ" ზამთრის სიცივისადმი საოცარი გამძლეობით გამოირჩევა. მას ქართული ვაზის ჯიშებს შორის ყველაზე მეტად განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს, ფესვები ძალიან ღრმად ჩადის ნიადაგში. ასეთი ცდა ჩავატარეთ: "ცხენისძუძუ," ქართლური "ჩინური" და "შავკაპიტო" გვერდიგვერდ გავახარეთ, ოღონდ დამყნობის გარეშე. შემოდგომაზე "ცხენისძუძუს" მთავარ ფესვს 58-60 სმ სიგრძე ჰქონდა, "ჩინურის" 30-35 სმ იყო, ხოლო "შავკაპიტოსი" 20-28 სმ. ასე რომ, "ცხენისძუძუს" ფესვი სხვა ჯიშებზე ორჯერ ძლიერია, ნიადაგშიც უფრო ღრმად ჩადის და უფრო სწრაფადაც იზრდება. სხვათა შორის, მესხურ ჯიშებს ასეთი თვისება აქვს: სითხე, რომელიც ვაზის ტანშია დარჩენილი, მთლიანად ნაწილდება ფესვებში. ამიტომ, როდესაც ფესვი დიდი და ღრმაა, ვაზი შესაძლოა გაყინვას გადაურჩეს. "ცხენისძუძუსაც" აქვს ეს თვისება. ამ ჯიშის ყურძნისგან ძალიან კარგი, მაღალალკოჰოლური სუფრის ღვინო გამოდის, საინტერესო, მრავალფეროვანი ხილის არომატით. თუმცა მე ღვინოს მარტო ამ ერთი ჯიშისგან არ ვაყენებ, კუპაჟს ვაკეთებ, სხვა ჯიშებთან ერთად ღვინო უფრო დახვეწილი და გემრიელი ხდება, თანაც ჯერ იმხელა მოსავალი არა გვაქვს, რომ ღვინო მარტო ამ ჯიშისგან დავაყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ "ცხენისძუძუ" ზამთრის სიცივეს კარგად იტანს, მას სხვა ჯიშებთან ერთად ვფუთავთ. მესხეთში ცივი ზამთარი იცის, ამიტომ წლეულს ჩვენს ტერასებზე 30 ათასი ძირი ვაზის შეფუთვა მოგვიწევს, რომ არ გაიყინოს.

"ბეჟანო"

სიტყვა "ბეჟანო" მოზაიკურ ფერებს ნიშნავს. ეს ჯიში სოფელ ხიზაბავრაში ვიპოვე, მდინარის პირას, ხეზე იყო ასული. მხოლოდ ეს ერთადერთი ძირია შემორჩენილი. მის ყურძენზე ვერ ვიტყვით, რომ სასუფრეა, მაგრამ ღვინო ძალიან კარგი გამოდის. "ბეჟანოს" მტევანს რომ დააკვირდეთ, მისი თითოეული მარცვალი სხვადასხვა ფერისაა. ამ ჯიშისგან დაყენებული ღვინო ჟანგისფერია - ვერც ქარვისფერს დავარქმევთ, ვერც თეთრსა და ვერც წითელს. თავიდან ამ ჯიშისგან ძალიან ცოტა ღვინო დავაყენე, დაახლოებით 10 ლიტრი, მინდოდა გამეგო მისი გემო და სხვა თვისებები. "ბეჟანო" ერთ-ერთია იმ 12 ჯიშს შორის, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, თუმცა უკვე შემიძლია გითხრათ, როგორი გამორჩეული გემო აქვს მის ღვინოს და რამდენად საიმედოა მისი პოტენციალი.


"მესხური მწვანე"

იშვიათ ჯიშებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "მესხური მწვანე". ეს ყურძენი მცირე რაოდენობით მთელ რეგიონში ხარობს: გვხვდება როგორც ადიგენში, ასევე ახალციხესა და ასპინძაში. ისიც გამოირჩევა გამძლეობით, მაგრამ შაქრიანობა დაბალი აქვს - 18-19%. ეს ღვინოზეც აისახება - "მესხური მწვანის" ღვინო დაბალალკოჰოლურია, თუმცა ძალიან კარგი, მრავალფეროვანი არომატით. ამ ჯიშის ვაზის უპირატესობაც სწორედ ეს არის. "მესხური მწვანე" და სხვა იშვიათი ჯიშები ხიზაბავრის ტერასებზე გვაქვს გაშენებული და ვაკვირდებით, რა შედეგს მოგვცემს.

შარშან ამ ტერასებზე პირველი რთველი გვქონდა - ისტორიული რთველი ამდენი წლის შემდეგ. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ მესხური ვაზი და ღვინო უკვე ყველამ გაიცნო, რომ ის მსოფლიო ბაზარზეც პოპულარული და ცნობილია.

ხათუნა ჩიგოგიძე
ალექსანდრე თამაზაშვილი
18 აგვისტო 2019 19:19
მისასალმებელ და საშვილიშვილო საქმე აკეთებს გიორგი, წარმატებები მას... მაგრამ რატომ წერთ და აცაკლევებთ და ხალხსაც აბნევთ ტერმინით მესხეთ-ჯავახეთი? რომელიც ბუნებაში კი არ არსებობს? იქნებ ვინმემ ამიხსნას რა განსხვავებაა ცალკე მესხეთში და ჯავახეთს შორის ან/და რატომ უნდა იწერებოდა ტირეთი...???
წარმატებები
ირაკლი
19 ივლისი 2019 01:37
წარმსტებები და წინვლა ამ მაულიშვილურ საქმეში სასიხარულო ამბვია რომ ძველ ქართული ჯიშების აღდგენა მოძიება დაგიწყიათ თუ რამეში დახმარებას შევძლებ მიგულეთ თვენს სამსახურში წარმატებები

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა