"ნაღდი კარტოფილი" ხულოს ალპური ზონიდან - კვირის პალიტრა

"ნაღდი კარტოფილი" ხულოს ალპური ზონიდან

მეკარტოფილეობით ჩვენში ხულოც განთქმულია. მაღალმთიანი აჭარის ამ რაიონში კარტოფილს მარჩენალ კულტურად თვლიან. ბოლო დროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებით აქ ჰოლანდიური კარტოფილი დაითესა და ადგილობრივთან შედარებით უხვმოსავლიანიც აღმოჩნდა. ამიტომ მის თესლზე მოთხოვნილება გაიზარდა, თუმცა აქაურებს არც ტრადიციულ კარტოფილზე უთქვამთ უარი. სექტემბრიდან რაიონში ლოგისტიკის ცენტრები ამოქმედდება, სადაც მოსახლეობა მოსავალს სარეალიზაციოდ შეფუთავს და შეინახავს. მოსავალი, სავარაუდოდ, დაახლოებით 20 ათას ტონამდე იქნება.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის მკვიდრი თემურ გობაძე კარტოფილს კურორტ ბეშუმთან ახლოს, ალპურ ზონაში თესავს, იქ, სადაც ადგილობრივებს საძოვრები და სადგომები აქვთ აშენებული, - ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე. მისი თქმით, კლიმატის დათბობის გამო, საუკეთესო კარტოფილი სწორედ ასეთ სიმაღლეზე მოდის.

- ჩვენი მიწა მხოლოდ მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობისთვის ითვლებოდა გამოსადეგად. ახლა კლიმატის ცვლილებამ მოცვისა და მაყვლის მოყვანასაც შეუწყო ხელი, თუმცა კარტოფილს ჩვენი ხალხი ვერ შეელევა, ხულოში მოყვანილ კარტოფილს ვერანაირი კარტოფილი ვერ შეედრება. ჩემს სოფელ ტაბახმელაშიც ოდითგანვე ვთესავდით კარტოფილს და მისი მოვლა-მოყვანის წესები მეც შესისხლხორცებული მაქვს. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი და დათბობის გამო კიდევ უფრო გართულდა, თუმცა, მოსახლეობაც ყველანაირად ცდილობს, ბუნებას აეწყოს.

ხულო მაღალმთიანი კი არის, მაგრამ შედარებით დაბლობებზე მდებარე სოფლებში, სიცხის გამო, კარტოფილის მოყვანა გაჭირდა და ხალხი მეტ შრომას ხარჯავს. ბოლო დროს ზაფხულში თვეების განმავლობაში, წვიმის წვეთი არ ჩამოვარდნილა, მაგრამ კარტოფილი მაინც გვქონდა. სიცხის დროს აუცილებლად მორწყვაა საჭირო და მავნებელიც უფრო ხშირად ჩნდება. რაც შეეხება მაღალ მთას, ალპური ზონის კარტოფილს მორწყვა არ სჭირდება და არც ქიმიური სასუქი, - მიწას ნაკელით ვანოყიერებთ. ალპებში მავნებელიც ნაკლებია, თუმცა ერთხელ მაინც ვწამლავთ. რამდენიმე წელიწადია, მეც კურორტ ბეშუმთან ახლოს საძოვრებზე ვთესავ და საუკეთესო კარტოფილი მოდის. დაახლოებით 2500 კვმ ნაკვეთი მაქვს და მქონია შემთხვევა, რომ ამ პატარა მიწაზე 11 ტონა მომიყვანია.

- 11 ტონა კარტოფილი 1 ჰექტარზეც ვერ მოჰყავთ... - თავიდან მეც სასწაულად მივიჩნიე, როცა ასეთი პატარა მიწიდან ამდენი კარტოფილი ამოვყარე. მაგრამ გასაკვირიც რა არის, - ალპური მიწა ფხვიერი, დასვენებული და საუკეთესოა, ნათესებს ნალექიც ზომიერად მიეწოდება, მთაში სულ არის ნესტი და მოსავლის მოყვანას ხელს რაღა შეუშლის. იმიტომაც ვამბობ, რომ მთა საუკეთესოა კარტოფილის მოსაყვანად. ბეშუმთან საძოვრები ხულოელებს ათადან-ბაბადან გვაქვს. ზაფხულობით პირუტყვი 4 თვით მიგვყავდა საძოვრებზე, იალაღებზე სახლებიც გვაქვს აშენებული. ბოლო დროს ხალხმა პირუტყვი გადააშენა და იალაღებიც მიატოვა. ამჟამად ტურიზმმა ეს ყველაფერი შემოატრიალა, კარტოფილსაც ფასი დაადო და პირუტყვსაც.

კარგ მეკარტოფილეებს ხულოში პოპულარიზაცია არ სჭირდებათ. მათ შორის, ხალხი ჩემთანაც მოდის და მანქანებით მიაქვთ კარტოფილი, ყველამ იცის, რომ ჩემი მოსავალი ეკოლოგიურია. ბათუმის ბაზარში წაღება თუკი დამჭირდა, მოცდა იქაც არ მინდა, - საკუთარი კლიენტები მყავს. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. მოკლედ, უცხოურთან ერთად, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებიც უნდა დარჩეს და გავუფრთხილდეთ, - როცა კარტოფილის მოვლა-მოყვანისას თესლ და ნაკვეთმონაცვლეობას დაიცავ, ქართული ჯიშებიც საკეთესო მოვა.

- მთაში მიწას როგორ ამუშავებთ, როგორც ცნობილია, მთაში მსხვილი ტექნიკა, ტრაქტორი ვერ მუშაობს. - რაც მოტობლოკები გაჩნდა, მთიანი ადგილების დამუშავება სიძნელეს აღარ წარმოადგენს. ის კი არა, კარტოფილს მოტობლოკებითვე ვიღებთ. ამან შრომა დიდად გააადვილა. თუმცა, ჯაფა მაინც დიდია, მოწეული მოსავალი მანქანებით შინ უნდა მივიტანოთ, დავახარისხოთ, თესლი ცალკე შევინახოთ.

რიგითი მყიდველისთვის მთავარი გემოა, ჰოლანდიური კარტოფილი საკმაოდ გემრიელი და უხვმოსავლიანია. ოღონდ ეს არის სახეობა, რომლის თესლი 3-ჯერ დათესვის შემდეგ უნდა გამოცვალო. პირველ წლებში საუკეთესო მოსავალს იძლევა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სახეს იცვლის, "ითიშება" და იმ ჯიშს უბრუნდება, საიდანაც გამოიყვანეს. ქართული ჯიშები შეიძლება ნაკლებმოსავლიანი იყოს, მაგრამ გემრიელია და არ ითიშება, ამიტომ უცხოურთან ერთად, ქართული ჯიშის წახალისება უნდა ხდებოდეს.

კარტოფილის მოყვანისას 3 წელიწადში ნაკვეთის შეცვლაც საჭიროა, მაგრამ ქართულს ეს არ სჭირდება. ამიტომ ჩვენს ჯიშებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ.