"ცხვრის გადასარეკ ტრასებს საშველი არ დაადგა"
"ცხვრის გადასარეკ ტრასებს საშველი არ დაადგა"
მთაზე შეფენილი ქათქათა ცხვრის ფარის დანახვისას შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეცხვარეები ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ხალხია - ისინი მთელ ცხოვრებას ბუნებაში ატარებენ და ყველაზე უწყინარ და ლამაზ არსებებს უვლიან... "სინამდვილეში კი მეცხვარის პროფესიას უამრავი დაბრკოლება და სირთულე ახლავს, არც ცხვრის მოვლაა ისე ადვილი, როგორც შორიდან ჩანს", - გვეუბნება საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- მეცხვარეობა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა. ეს ხალხი ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და
სიცივეში გარეთ ცხოვრობს და ოჯახს არის მოწყვეტილი. მხოლოდ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მეცხვარეები მიდიან საძოვრებზე ოჯახით და მთელი წლით იქ რჩებიან, მაგრამ მათ სხვა პრობლემა აქვთ: შვილები სკოლაში ვერ დაჰყავთ და სრულყოფილ განათლებას ვერ აძლევენ. ცხვრის მოვლა ერთი შეხედვით ჩანს ადვილი, მაგრამ საკმაოდ რთული და შრომატევადია.

- როგორ უნდა მიხედოს ფერმერმა ცხვარს ცხელ ზაფხულში, როცა დაავადების რისკი მატულობს?

- მეცხვარემ ჯერ ვეტერინარული საკითხები უნდა მოაგვაროს, რასაც თანხა სჭირდება. ზაფხულობით ცხვარს სახიფათო პარაზიტები უჩნდება და სათანადო მკურნალობის გარეშე სხვადასხვა დაავადებისგან დაცული ვერ იქნება. შიდა პარაზიტებზე არანაკლებ საშიშია გარე პარაზიტები, კერძოდ, ტკიპები, რომლებსაც ორგანიზმში მრავალი დაავადების შეტანა შეუძლიათ. ჩვენთან ძალიან არის გავრცელებული დაავადება პიროპლაზმოზი ანუ ნაბარევი. ეს დაავადება პირუტყვს სისხლს უწამლავს და ციებ-ცხელებას იწვევს. ნაბარევი საშიში დაავადებაა და თუ პარაზიტების პრობლემას სპეციალისტი არ მიხედავს, ცხვარს ზაფხულის სეზონის გადატანა ძალიან გაუჭირდება.



- როდის და რატომ უჩნდებათ ცხვრებს ნაბარევი?
- თუ მეცხვარე თავის ფარას ზაფხულობით ბარში დატოვებს, მეტია ალბათობა, რომ მის ცხვრებს ნაბარევი დაემართოს. ამიტომ ზაფხულობით საჭირო და სასურველია, ფერმერმა ცხვარი ალპურ ზონაში გადარეკოს. ამ დაავადების გაჩენის რისკი მთაში გაცილებით ნაკლებია. ვისაც ცხვარი ალპურ ზონაში მიჰყავს, დანახარჯიც ნაკლები აქვს, რაკი იქ პირუტყვი დაავადებებისგან უფრო დაცულია. აუცილებელია ვაქცინაცია თურქულზეც - ამას სახელმწიფო აკეთებს, მაგრამ საჭიროებისას შესაძლოა აცრის ხარჯები ფერმერმაც გაიღოს. თუ ცხვარს თურქული დაემართება, მისმა პატრონმა ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს მის გადასარჩენად. თურქულისა და მსგავსი დაავადებების ყველაზე კარგი პრევენცია სწორედ ტკიპებზე მკურნალობაა... თუ წვიმიანი ამინდები დაიჭირა, შეიძლება ცხვარს ჩლიქის სიდამპლეც განუვითარდეს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ასეთი რამ არ მომხდარა. ეს დაავადება ამინდზეა დამოკიდებული და თუ გაჩნდება, ფერმერმა დახმარებისთვის ისევ ვეტერინარს უნდა მიმართოს.

- როდის არის სასურველი ცხვრის მთაში გადარეკვა?
- მთაში გადარეკვა სხვადასხვა დროს შეიძლება - გააჩნია, მეცხვარე სად იმყოფება. ძირითადად, ეს პროცესი მაის-ივნისზე მოდის. სექტემბერ-ოქტომბერში ფერმერებს ცხვარი უკან მოჰყავთ, თუმცა ვინმე შესაძლოა უფრო ადრე წამოვიდეს, სხვა - უფრო გვიან. არ არის რაღაც დადგენილი ნორმა ან სტანდარტი.

- ჩვენს მეცხვარეებს გადასარეკი ტრასების პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ, ახლა რა მდგომარეობაა?
- თითქმის არაფერი შეცვლილა: ტრასები დარეგისტრირებული არ არის და ფარის გადარეკვას ბევრი პრობლემა ახლავს. როცა ფერმერს ცხვარი მიჰყავს, შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და გამოუცხადოს, ეს ადგილი ჩემი საკუთრებაა და გავლის უფლებას არ მოგცემო. გადასარეკი ტრასების პრობლემა დღემდე არ არის მოგვარებული და საშველი არ დაადგა.

- ქართული ცხვარი წარმატებით სარგებლობდა უცხოეთის ბაზრებზე. ახლა რა დაბრკოლებები გაქვთ ცხვრის ექსპორტში?
- ამჟამად ქართული ცხვარი ყველაზე კარგად ირანში გადის. ეს ქვეყანა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა, ირანელებს მოსწონთ ჩვენებური ცხვრის ხორცი, ცოცხლად კი ქართული ცხვარი დუბაიში იყიდება. რამდენიმე წლის წინ კატარი აქტიურობდა, მაგრამ ახლა ქართული ცხვარი ნაკლებად გაჰყავთ. ადრე ეს ქვეყანა ერთგვარი ჰაბი იყო, ახლა კი, რაც სხვა არაბულმა ქვეყნებმა ბლოკადა გამოუცხადეს, ჩვენებური ცხვარი იმდენი აღარ გადის.
დიდ პრობლემას გვიქმნის მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარი, რომელიც ექსპორტზე გაჰყავთ როგორც ქართული. მაგალითად, შარშან რუსეთიდან საქართველოში 200 ათასი სული ცხვარი შემოიყვანეს, გასულ წლებში კი სომხეთიდან შემოდიოდა ცხვარი, რომლის სიჯანსაღეც საეჭვო იყო. როცა ასეთი საქონელი ჩვენი სახელით ექსპორტზე გადის, ჩვენი მეცხვარეებიც ზარალდებიან და ქართული ცხვრის იმიჯიც ილახება.



- ამბობენ, რომ ქართული ცხვრის ხორცს განსაკუთრებული გემო აქვს.
- გემო მართლაც კარგი აქვს, მაგრამ რით არის ჩვენებური ცხვარი ყველაზე კარგი? ბევრი ფიქრობს, რადგან ჩვენია, ესე იგი, კარგიაო, მაგრამ მოდი, გამოვტყდეთ, ყოველთვის ასე არ არის. რატომ? - შესაძლოა, ვინმეს უკეთესი პროდუქცია ჰქონდეს, ჩვენ კი ვერასოდეს მივაღწიოთ მის შედეგს და თვითკმაყოფილი დავრჩეთ. ქართული ცხვარი ბალახზეა გაზრდილი და შესაძლოა საგემოვნო თვისებები სხვაზე უკეთესი აქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებულია. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენი გუდის ყველი ყველაზე გემრიელია, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენთან ცხვარს ხელით წველიან და ჰიგიენურ ნორმებს ვერ იცავენ, აზრი უეცრად შეგვეცვლება.
დღეს ძნელად ნახავთ ადამიანს, რომელსაც გუდის ყველი ჰიგიენური ნორმების ზუსტი დაცვით ამოჰყავს. იმ ქვეყნებში კი, სადაც მეცხვარეობაა განვითარებული, ამ საქმეს ტექნოლოგიების დახმარებით აკეთებენ. ჩვენ იქამდე შორს ვართ: ახალი ტექნოლოგიები მეცხვარეობის დარგში ჯერ კიდევ უცხო ხილია.

- გამოდის, დარგში სიახლეებია შემოსატანი.
- დიახ, ასეა. სიმართლეს თვალს თუ არ გავუსწორებთ, არაფერი გამოგვივა. ჩვენ კი გვგონია, რომ ქართული ცხვარი ყველაზე უკეთესია, მაგრამ რატომ ვფიქრობთ ასე? ხშირად ჩავდივარ ქვეყნებში, სადაც ეს დარგი მაღალ დონეზეა განვითარებული და კარგად ვიცი: ბულგარეთში ცხვარი სულ საძოვარზე ჰყავთ გაშვებული, რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ბალახით კვებავენ. მაშ, რატომ გვგონია, რომ ჩვენი ცხვარი უფრო გემრიელია? - ესეც ბალახს ჭამს და ისიც. მარკეტინგულად რას როგორ შევფუთავთ, სულ სხვა საქმეა, მაგრამ უპირველესად საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი. ჩვენთან შობადობა წელიწადში 1 ბატკანია, სხვა ქვეყნებში კი მეცხვარე ხშირად 2 და 3 ბატკანს იღებს. თუ ცხვრის პროდუქტიულობის გაზრდა გვინდა, მაშინ სხვა ჯიშებიც უნდა შემოვიყვანოთ და კომბინირებული საკვებით ვკვებოთ, თუმცა, ეს უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ცხვრის საძოვარზე შენახვა.

- შეუძლიათ თუ არა ქართველ მეცხვარეებს ეს დარგი წამყვან საექსპორტო დარგად აქციონ?
- საძოვრები არა გვაქვს და როგორ გახდება მეცხვარეობა წამყვანი დარგი? რუმინეთში, მაგალითად, 10 მილიონი ცხვარი ჰყავთ, ჩვენთან კი 1 მილიონიც არ არის. როგორ შევძლებთ ასეთი ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევას? საქართველო პატარა ქვეყანაა და უფრო მეტი ცხვარი ვერც ეყოლება. ერთადერთი სწორი გზა ის არის, რომ ჩვენს აგრარულ სექტორში გავხადოთ ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი, მსოფლიო ბაზარზე კი ამის მიღწევა რთული იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები