ნიკა წულუკიძის "სოფელი" ქალაქში და ცხოვრება სუფთა-ჭუჭყიანი ხელებით
ნიკა წულუკიძის "სოფელი" ქალაქში და ცხოვრება სუფთა-ჭუჭყიანი ხელებით
"ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ყველანაირ მცენარეს "ვგრძნობ" ფოთლით. ნებისმიერი მცენარის თესლი რომ მაჩვენო, გეტყვი, არ შემეშლება და არ დავფიქრდები, რისია"

თეატრმცოდნეს, ტელეწამყვანს, მსახიობსა და მრავალმხრივ პოპულარულ ნიკა წულუკიძეს კიდევ ერთი გატაცება და საყვარელი საქმიანობა აღმოაჩნდა - სოფლის მეურნეობა. დიღომში 1000 კვმ მიწის ნაკვეთი პატარა სამოთხედ აქცია, შრომა აქ არავის ეზარება. აქვთ მშვენიერი ბოსტანი, ხეხილი და რაც მთავარია, ყველაფერი საკუთარი ხელით მოწეული და ეკოლოგიურად სუფთა. ის ამ თემაზე პირველად "კვირის პალიტრასთან"
საუბრობს და თავისი გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.

- ჩვენს ოჯახს ეს ეზო დიღომში, დიდი დიღმის მხარეს, დაახლოებით 30 წელია გვაქვს. მიწა სულ 1000 კვმ-ია. ამ დასახლების კვალობაზე კარგ ადგილას არის, მაგრამ ადრე აქაურობას ასეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, როგორც ახლა. ამის მიზეზი ჩვენს გადაცემაში ერთი პედიატრის სტუმრობა
გახდა, რომელმაც ასეთი რამ თქვა, ახლა მსოფლიო გზავნილი ბავშვების აღზრდაში ე.წ. სუფთა-ჭუჭყიანი ხელებია - ხელები ბავშვმა ეზოში მებაღეობის დროს უნდა გაიჭუჭყიანოს, რომ ბაქტერიებით, ჩხირებითა და ვიტამინებით იმუნიტეტი გაძლიერდესო. ჩემს შვილს ბებია-ბაბუა სოფელში არ ჰყავს, ისინი თბილისში ცხოვრობენ, ამიტომ სოფლისა და ქალაქის ინტეგრირებისთვის ამ ეზოს მივმართეთ.


ბავშვმა საკუთარი ხელით დათესა მცენარეები. რომ ნახა, როგორ ამოდის და იზრდება, როგორ ასხია ხეს ხეხილი, გაიხარა. მერე ჭუკები მომთხოვა. მოვუყვანე და ახლა უკვე იხვები არიან. მათაც უვლის - აჭმევს და მცენარეებსაც რწყავს. უკვე უამრავი რამ დათესა თავისი ხელით და ეს საქმე ძალიან ახარებს. ჩემს დისშვილთან ერთად ყვავილებსაც უვლის. ქოთნის ყვავილებიც გვაქვს.

ეზოში გვაქვს ჩვენი ბოსტნეული - სტაფილო, ბოლოკი, კიტრი, პამიდორი, მწვანე სალათა, ყველანაირი მწვანილი - ტარხუნა, რეჰანი, ქინძი, ოხრახუში, კამა, ქონდარი...



- ეზოში პატარა სახლიც გაქვთ, ეტყობა, ახალი აშენებულია...
- კი, თავიდან პატარა ქოხი იდგა, რასაც­ ეს პატარა ოთახი მივამატეთ - ბლოკით ავაშენეთ. სახლს იმერული ორნამენტებით აივანი გავუკეთეთ. ღანირში იმერული ოდა-სახლები რომაა, იმის ანალოგიით. ახლახან შევღებეთ, შევალამაზეთ და უკვე მზად არის, რომ სტუმრებს უმასპინძლოს. მშვენიერი მოსასვენებელი ადგილია. ორი ოთახია და ამ ეტაპზე საკმარისია. ჩემი და, დისშვილი, ჩემი შვილი - მთელი დღე იქ არიან. სოფელივით აქვთ იქაურობა. გვინდა მომავალ ზაფხულს უკეთ მომზადებული დავხვდეთ, ამიტომ ახლა ვალაგებთ ყველაფერს.

- დიღომი ქარიანი ადგილია, ეს ხელს არ გიშლით?
- სახლი საგანგებოდ ისე ჩავდგით, სიგრძეზე, რომ ქარისგან დაცული ვიყოთ - ის ქარსაფრის ფუნქციასაც ითავსებს.



- თვალს ახარებს მცენარეების მრავალფეროვნება...
- დიახ, ზოგი ხეხილი ძველია, ახალი ნერგებიც ჩავყარეთ. ყველაფერს ჩვენ თვითონ, ოჯახი ვუვლით. ყველას გვიყვარს იქ შრომა. დედა და მამა შაბათ-კვირას გულმოდგინედ მუშაობენ. დედაჩემს რომ უთხრა, მოდი, დასასვენებლად ლოპოტაზე გაგიშვებო, ბაღს აირჩევს, აქ მირჩევნიაო.

- ქალაქში ხარ დაბადებულ-გაზრდილი, სამეურნეო სამუშაოები გეხერხება და იცი?
- კი მიყვარს ჩემი პლეხანოვი და ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ყველანაირ მცენარეს "ვგრძნობ" ფოთლით. ნებისმიერი მცენარის თესლი რომ მაჩვენო, გეტყვი, არ შემეშლება და არ დავფიქრდები, რისია. ბავშვობიდან მაქვს ასეთი დამოკიდებულება, სულ მაინტერესებდა. ამის დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენს ბოსტანში ხარობს ყაბაყი, გოგრა, ბადრიჯანი. იქ დღეში 15 წუთითაც რომ მივდივარ, ისეთ თერაპიას გავდივარ, სულ მეხსნება ყველანაირი სტრესი და დაღლილობა. გავაკეთეთ ჰერბარიუმიც... მოკლედ, დიდ ამბებში ვართ...


ალუჩისა და ტყემლის მოსავლის ნაწილიდან ზოგი დავწურეთ და ზოგი მოვხარშეთ საზამთროდ... აქ მშვენივრად ხარობს ლეღვი, ყურძენი, ნუში და ბროწეული, ქლიავი. ყველაფერი ჩვენი გვაქვს, ადრე გაზაფხულიდან მწვანილი და ბოსტნეული არ გვიყიდია. რამდენს ნიშნავს, რომ შენს შვილს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით კვებავ.

- მოკლედ, საქმეც იცი და არც კეთება გეზარება...
- არა, ნეტავ მთელი დღე მამყოფა იქ და არაფერი მინდა, მაგრამ მერე ვინ შემინახავს?!

- ნიადაგს რით ანოყიერებთ?
- ნაკელი გამომიგზავნეს, რომელიც დავწვით, გავცერით და კი გვაქვს ყველაფერი მობიბინებული. არც წყალია პრობლემა და სისტემატურად ვრწყავთ.
მოკლედ, მიწა აპატიოსნებს და შრომა აჯანმრთელებს. ამიტომ, მიწასთან სიახლოვე და ბუნებასთან კავშირი ისეთი თერაპიაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. ვისაც აქვს საშუალება, სოფლებში უნდა ჩავიდნენ, იქაურობას მიხედონ.
ერთ-ერთ "ნოყიერ" სოფელში რომ ჩავედი, ქალმა მითხრა, ახლა მწვანილისთვის მოვიკლავ თავს, 10 კაპიკი ღირს კონაო. ასე რომ ფიქრობს ადამიანი, თვითონვე რჩება წაგებული. არ აფასებენ და უფრთხილდებიან მიწას, რომელიც დიდი კაპიტალდაბანდება და დიდი მომავალია...
Mezxvauri
03 აგვისტო 2019 18:12
ხმერთმა ხელი მოგიმართოს ნიკა !!! გადამდები ხოფილიხოს ხველასათვის !!! )))

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები