"აქაურობა რომ დამეტოვებინა, ნეტავ უკეთესი რა უნდა მენახა" - კვირის პალიტრა

"აქაურობა რომ დამეტოვებინა, ნეტავ უკეთესი რა უნდა მენახა"

"ვინ თქვა, გურია ტრადიციულად ღვინის კუთხე არ არისო, როგორ გეკადრებათ?! ჩემს მშვიდობაურს ვაზის გახარებისთვის ვერაფერი შეედრება"

ერთი ადამიანის მეურნეობა, სამწუხაროდ, ჩვენს სოფლებში იშვიათობა როდია - დაცლილი სახლები და მიტოვებული კარ-მიდამო თვალს ბევრგან მწარედ ხვდება. ამიტომაც შინ დარჩენილი მარტოკაცის შრომა აჩენს იმედს, რომ დაცლილი სოფლები კვლავ ჟრიამულითა და სიცოცხლით აივსება. ასეთი ხალხის კარ-მიდამოს რომ ნახავ, ხვდები, რომ სოფლის სიღატაკე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იხევს უკან და შემოსავლის წყაროები ჩნდება. ოზურგეთის სოფელ მშვიდობაურში ცხოვრობს ერთი ხვალინდელი დღის იმედისმომცემი და მშრომელი კაცი, ნიკოლოზ ბაჯელიძე. მისი მეურნეობაა იმის დასტური, რომ ფეხზე დადგომა სოფელშიც შეიძლება, ოღონდ შრომაც და ქვეყანაც ისე უნდა გიყვარდეს, როგორც ნიკოლოზს, რომელიც წინაპრების სამოთხეს ვერ შელევია.

- ვერ გეტყვით, სოფლიდან ცხვირი არასოდეს გამიყვია-მეთქი, დედაქალაქშიც ვიცხოვრე, მაგრამ ვერ გავუძელი და ისევ სოფელს მოვაშურე. აქაურობა რომ დამეტოვებინა, ნეტავ უკეთესი რა უნდა მენახა. ჩემი მამა-პაპის სულსა და ხელს აქ ვგრძნობ. ხომ ამბობენ, გურია ტრადიციულად ღვინის კუთხე არ არისო, როგორ გეკადრებათ! გურიაში ვაზის 90 ჯიში იყო და დრომ გაანადგურა. ბაბუაჩემის მარანში 12 ქვევრი ახლაც არის ჩადგმული. ბებია ამბობდა, ბაჯელიძეების ოჯახში პატარძლად რომ შემოვედი, იმ წელიწადს 200 ფუთი ღვინო დავწურეთ, 20 ფუთი კიდევ ბადაგისთვის დავიტოვეთო. კიდევ კარგი, ახლა ღვინით დაინტერესება გაჩნდა და ხალხმა ამ ჯიშების აღდგენა დაიწყო. 60-მდე გურული ვაზის ჯიშია აღდგენილი.

- როგორც ვიცი, ძირითადად, ჩხავერი და ცოლიკაური გააშენეს.

- არა მარტო, მე ალადასტურიც მაქვს, საფერავიც და იზაბელა-ადესასაც ვახარებ. გურული ადესა დასაწუნი როდია, თითქმის საუკუნე-ნახევარია შემოტანილია და გურიის მიწამ და კლიმატმა არნახული არომატი შესძინა. იმასაც გააჩნია, სად იკრიფება, ჩემს მშვიდობაურს ვაზის გახარებისთვის ვერაფერი შეედრება - სოფელი შავი ზღვიდან და ბახმაროდან თანაბარ მანძილზეა, 31 კილომეტრზე, ფერდობზეა და ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს კვეთს, რაც სასწაულს ახდენს. აქ კატასტროფული სიცხეების დროსაც კი გრილა. ფერდობებზე დღისით სულ მზეა და ამიტომ ვაზი და სხვა კულტურები საუცხოო მოსავალს იძლევა. საფერავიც კარგად ისხამს, თუმცა გურულები მაინც ჩხავერს ვანიჭებთ უპირატესობას, ეს ჯიში გურული აბორიგენია და საუცხოოდ გრძნობს აქ თავს.

- ფუტკარიც გყოლიათ. - კი, მყავს, თაფლიც იმდენი მაქვს, შემიძლია გავყიდო და მცირე შემოსავალი აქედანაც ავიღო, მაგრამ უფრო ბევრი სკა მჭირდება, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. წლების წინ სწორედ ამიტომ გავსხალი მრავალწლიანი აკაციები, რომ ტყეს ასცილებოდნენ და ყვავილი ჰქონოდათ. ახლა უკვე 30-40 მეტრია და საფუტკრედაც ყვავილობენ მაისში. ჩვენებურ თაფლს გზა გახსნილი აქვს - გამოჩნდა ხალხი, რომელსაც უცხოეთში მსხვილი პარტიის გატანა სურს. რომ ვუყურებ, სოფელმა ამოისუნთქა, მალე უცხოეთში წასული ქართველი ინვესტორები გურიაში ქარსაფარი ზოლის აღდგენას აპირებენ. სანერგეც კეთდება. ჰოდა, ის ხალხი თურქეთში რომ გარბის სამუშაოდ, აქ დასაქმდება და ქვეყნის საქმეს გააკეთებს. სოფელში მეოთხე საუკუნის ტაძარი გვაქვს, რომელიც ჩამონგრეული გუმბათისა და კედლების ნამტვრევებით იყო სავსე. თავი დავადე და მარტომ გავწმინდე. მეუბნებოდნენ, ასეთი სუფთა როგორ გგონია ღვთის წინაშე თავი, არ შეგეშინდა, რომ გუმბათიდან მოწყვეტილი ქვა მოგკლავდაო. სუფთა კი არ მგონია, ნგრევა ვერ ავიტანე და განძი გავასუფთავე...

ჩემი მამული კიდევ უკეთესად უნდა მქონდეს მოვლილი, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, ერთი კაცი ვარ, საქმე კი ბევრი მაქვს. დილის 6 საათზე ამდგარი, შუადღემდე ვერ ვხრი მუხლს. შუადღისას კი ვატყობ, თუ არ დავისვენე, წავიქცევი. ყველაფერ ახლის გაშენების ინტერესი მაქვს. წარმოიდგინეთ, სამკურნალო ბალახებიც გავაშენე. ერთი თურქი ბავშვი ქრისტიანულად მოვნათლე, დედამისმა მითხრა ამ მცენარეზე, წაიღე, დარგე და ადამიანებს დაეხმარეო. მეც დავრგე.

- აკაციების გასასხლავად ამხელა სიმაღლეზე როგორ ახვედით? - 18-მეტრიან ჭას თუ ვწმენდ და ქვესკნელში ჩავდივარ, მაღალ აკაციას რატომ ვერ გავსხლავ? ტყეში 400-წლოვანი წიფელი მიდგას, დაახლოებით 50-მეტრიანი. წლების წინ მე და ჩემი მამიდაშვილი გოგონა მის წვერზე ავძვერით, თან ფოტოაპარატი ავიტანეთ ფოტოებისთვის. ბრწყინვალე ხედებია ჩვენს სოფელში, - ოქროსქედი რომ ადგილს ერქმევა, ულამაზო როგორ უნდა იყოს? ამ ტყეში ჯონჯოლიც დავრგე და თხილიც, ესეც ხომ ფულია? წაბლსაც ვაგროვებ და ვაბარებ. ჩემს სოფელში, თუ მოუვლი, თითოეული გოჯი მიწა შემოსავალს იძლევა. მეუღლე უცხოეთში მყავს სამუშაოდ და ახლა იმას ვეუბნები, კმარა, უკვე გამოვედით სიღარიბიდან, დაბრუნდი და შენს მიწაზე იყავი-მეთქი. მასაც უნდა წამოსვლა. ჩემს გოგონას ორი ლომივით ბიჭი ჰყავს. ახლა ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მათ აღარ მოუნდეთ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა.