"რამდენი ცალიც უნდა გაჭრა, სხვადასხვა გემოს შეიგრძნობ" - ყვითელი საზამთრო ჭუმბურიძეების ბაღჩაში
"რამდენი ცალიც უნდა გაჭრა, სხვადასხვა გემოს შეიგრძნობ" - ყვითელი საზამთრო ჭუმბურიძეების ბაღჩაში
დავით ჭუმბურიძის ყვითელმა საზამთრომ არა მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში გააოცა ხალხი, არამედ დედაქალაქშიც, თუმცა ჭუმბურიძის მანქანა ალყაში დიდხანს არ ყოფილა - პატრონმა ლაგოდეხიდან ჩამოტანილი 500 კილოგრამი ყვითელი საზამთრო 1 დღეში გაყიდა და დანარჩენი კლიენტებისთვის მხოლოდ ხელების გაშლამ მოუწია, მათ შორის - რესტორნების მეპატრონეებისთვის, რომლებიც ყვითელი საზამთროთი დაინტერესდნენ. როგორ მოუვიდა აზრად ყვითელი საზამთროს გაშენება? პასუხს მისი ხასიათი გაგცემთ, რომელიც გამუდმებით სიახლეებს ეძებს.

როგორც კი ყვითელი საზამთროს შესახებ შეიტყო, მაშინვე თესლი
იშოვა და საკუთარ ბაღჩაში დათესა. მისი მოვლა-გახარება არ გასჭირვებია - ჭუმბურიძეების ოჯახს ყოველთვის საუკეთესო ბაღჩეული და არა მხოლოდ ბაღჩეული ჰქონდა.
ეგზოტიკური გემოს ყვითელი საზამთრო სელექციონერებმა დიდი მონდომებით გამოიყვანეს ჩვეულებრივი საზამთროსგან. ტაილანდში, სადაც ამ კულტურას ზამთარში თესავენ, მას თილისმადაც კი მიიჩნევენ - ფიქრობენ, რომ ბაღჩაში ყვითელი
საზამთროს დათესვას კარგი შემოსავალი მოაქვს.


დავით ჭუმბურიძე:
- ყვითელი საზამთროს გაშენება უფრო სიახლის აზარტით დავიწყე, მერე კი შემოსავლის სურვილითაც, რასაკვირველია. საქმე ის არის, რომ შემოდის ბევრნაირი ხილისა და ბაღჩეულის ახალი ჯიშები, საზამთრო კი მუდამ ერთი და იგივეა. ჩემს ოჯახს ყოველთვის კარგი საზამთრო ჰქონდა, მამაჩემი განთქმული მესაზამთროეა და ყვითელი ჯიშის საზამთროს მოვლა-გახარება რატომ უნდა გაგვჭირვებოდა! ვიშოვე ყვითელი საზამთროს 80 მარცვალი და მაისში დავთესე. ისე გავუფრთხილდი, რომ ოთხმოცივე ამოვიდა და გაიხარა. შემდეგ მოვლა და ყურადღება არ დამიკლია, არც კი მომირწყავს, რომ წყალს გემო არ შეეცვალა, სამაგიეროდ, სარეველებს არ ვაჭაჭანებდი ბაღჩაში. არც ქიმიური სასუქი დამიყრია, ბიოსასუქი მოვახმარე, რომ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მომეწია, საზამთროს ხომ სამკურნალო თვისებები აქვს და ყვითელ საზამთროს - მით უფრო. ჰოდა, მივიღე კიდეც ჯანმრთელი მოსავალი.

- საზამთრო ასე გვიან რატომ დათესეთ? კახეთში საზამთრო მაისიდან უკვე შემოდის.
- ასეა, მაგრამ იმაზე გავთვალე, რომ მაშინ შემოსულიყო და გამეყიდა, როცა ბაზარზე საზამთროს პიკია. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ივლის-აგვისტოში ყველაზე მაღალი სიცხეებია და საზამთრო ორგანიზმსაც უფრო რგებს. მოკლედ, ივნისში დაისხა, ძალიან უხვმოსავლიანი გამოდგა. ივლისის 19-ში პირველი პარტია დავკრიფე და `დეზერტირების~ ბაზარზე ჩავიტანე გასაყიდად. კილოგრამს ფასი 3 ლარი დავადე.

- საზამთროსთვის 3 ლარი დიდი ფასია, ამას არ დაუფრთხია მყიდველი?
- გააჩნია. ტურისტები, რომელთაც ყვითელი საზამთროს გემო კარგად იცოდნენ, სიტყვის უთქმელად ყიდულობდნენ. ასევე ის ქართველებიც, ვისაც ყვითელი საზამთრო უკვე გასინჯული ჰქონდათ. დანარჩენები კი გულმოსული მეუბნებოდნენ, საზამთრო წითელი გაგვიგია, ეს რა არისო! მაგრამ მალე, ალბათ, ეს ხალხიც აზრს შეიცვლის - 500 კგ საზამთროს ბევრი გასინჯავდა და ვინც გასინჯავდა, აუცილებლად მოეწონებოდა. მეორე პარტიის გაყიდვისას ეს ხალხი, ალბათ, სიამოვნებით შეიძენს ჩემს ყვითელ საზამთროს. მას ნამდვილად აქვს ეგზოტიკური გემო.

რამდენი ცალიც უნდა გაჭრა, სხვადასხვა გემოს შეიგრძნობ, ზოგი ანანასის გემოსია, ზოგი ფორთოხლის და ზოგიც - ჟოლოსი. მამაჩემმა, რომელსაც ძალიან უყვარს წითელი საზამთრო, ყვითლის გასინჯვისთანავე აღიარა, ეს გემოთი კიდეც სჯობიაო.

- ამ ეგზოტიკის გამო, ალბათ, მყიდველი გაგიმრავლდებათ, თუმცა კონკურენტებიც გამოჩნდებიან. მომგებიან კულტურას ბევრი გააშენებს, რაც ფასს დასწევს.
- მსურველი ახლაც ბევრია. რესტორნებმაც შემომთავაზეს, მთელ პარტიას ვიყიდითო, მაგრამ მე საკმარისი რაოდენობა არ მექნება - საზამთრო არცთუ დიდ ბაღში მაქვს გაშენებული, ამიტომ ბევრს უარი ვუთხარი. მალე მეორე პარტიას დავკრეფ, რომელიც პირველზე უხვი და ძლიერი იქნება, სექტემბრამდე კი მესამე პარტიაც მოასწრებს. მეოთხე პარტიის მოსავალსაც ველი. ამ პირველში ყველაზე დიდი საზამთრო 6,5 კილოგრამი იყო, იმიტომ, რომ ქიმიური სასუქით არ გამიჟღენთია. ან უზომოდ დიდი საზამთრო რა საჭიროა? სჯობს, საზამთრო შედარებით მცირე ზომის, მაგრამ სასარგებლო და გემრიელი იყოს. კონკურენციაც იქნება - ყველას უნდა, რომ მჯობნის მჯობი იყოს, მაგრამ არ მეშინია. რამდენიმე წელიწადს გავუმკლავდები - ყვითელი საზამთრო კარგად შევისწავლე და მომავალ წელიწადს უფრო დიდი ფართობზე დავთესავ, შესაბამისად, მოსავალიც მეტი მექნება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს კი კლიენტიც მეტი ეყოლება. მთავარია, კლიენტი გენდობოდეს. მერე კი, როცა ეს სიახლე სიძველედ იქცევა, უკვე მწვანე კომბოსტოს მოვიყვან, ან სხვა რამეს, ასე რომ, არ გავჩერდები!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?