სამტრედიელი "გულივერი"
05-08-2019
სამტრედიელი "გულივერი"
"მომხმარებელი ბევრი გვყავს, წლეულს 1000-მდე კვერცხი გავყიდეთ, წიწილაზე მოთხოვნა კი ულევი­ იყო..."

როცა ოჯახი შექმნეს, მაგდა ბაჯელიძე 18 წლის იყო, გიორგი ირეჩიანი კი 24-ის. სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში უფროსებმა მშვენიერი სახლ-კარი დაახვედრეს და თითქოს ბევრი არც არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ თვითონ ასე როდი ჩაუთვლიათ, აიჩემეს, ბიზნესი უნდა წამოვიწყოთ, შვილები რომ გვეყოლება, მეტი შემოსავალი დაგვჭირდებაო... თავიდან ოჯახში არ დაუჯერეს, რისი წამომწყები­ ხართო, მაგრამ მერე დაჰყაბულდნენ და გვერდშიც დაუდგნენ, ჩვენც დაგეხმარებითო.

მაგდა
ბაჯელიძე:
- ორივეს­ ძალიან გვიყვარს ცხოველები და თავიდან კურდღლის მოშენება გადავწყვიტეთ. ვერ წარმოგვედგინა, მოვლა რატომ უნდა გაგვჭირვებოდა და დიდი ჯიშის ბოცვრები რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ. მაგრამ სუფთა­ სისხლის ცხოველს­ მოვლა-გაფრთხილებაც მეტი სჭირდება, შ
ესაბამისად, ძვირიც ჯდებოდა, კლიენტს კი, ცხადია, იაფის ყიდვა ერჩივნა. 2 წლის წვალების შემდეგ მივხვდით, რომ ეს საქმე შემოსავალს ვერ მოგვცემდა და შევწყვიტეთ.
ამჯერად ქათმების მოშენება გადავწყვიტეთ, კვლავაც გამორჩეული ჯიშების: ჩინური კოხინხინურისა და ინგლისური ორინგტონის კვერცხები შევაგროვეთ და ჩვენს ინკუბატორში გამოვაჩეკინეთ. წიწილებიც მშვენივრად დავზარდეთ და გავყიდეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა
- შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილი ქათამი სუფთა ჯიშის ვერ გამოდგა, შერეული სისხლი ჰქონდა და მისაღებ ფასად ვერ ვყიდდით. ამიტომაც ჩავიფიქრეთ გიგანტური ამერიკული ბრამას მოშენება. მთელი ინტერნეტი გადავატრიალეთ ძებნაში, სად უფრო საიმედო იქნებოდა მისი კვერცხის შოვნა. ახლა ის რუმინეთიდან შემოგვაქვს, რომელიც ევროპის მეფრინველეობის ბრენდად ითვლება.
- გიგანტური ბრამას მოშენება იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ ეგზოტიკური ჯიშია?
- ამერიკულ ბრამას ბევრი პლუსი­ აქვს - 7 კილოგრამამდე იზრდება და ხორციცა და კვერცხიც ძალიან გემრიელი­ აქვს. ეგზოტიკურიც არის, მართლაც იზიდავს თვალს. ამ ჯიშის ქათმები ცალკე გყავს,­ თუმცა ზოგჯერ ეზოში ვუშვებთ და ამ დროს უამრავი მანქანა აჩერებს სანახავად. ბრამა სხვადასხვა ფერისაა - ლიმონისფერ­ და ცისფერ 7-კილოგრამიან ქათამს რომ დაინახავს ადამიანი, გაჩერდება და იკითხავს, ეს რა არისო? ასე გრძელდება უკვე მესამე წელიწადია.

- კვერცხი ძვირი ღირს? ან ამხელა გზაზე ტრანსპორტირება ცუდად არ მოქმედებს?
- თითოეულ კვერცხში 5 ევრომდე ვიხდით. 3 ქვეყანას გამოივლის და გზაში ნაწილი ზიანდება. ყოფილა შემთხვევა, გამოწერილი 500 კვერცხიდან მხოლოდ 300 გამოჩეკილა. თუმცა ესეც შედეგია. ჩვენი მიზანია, გიგანტური ქათმის ჯიშის მწარმოებელი ვიყოთ, რომელიც ჩვენი ფერმიდან გავრცელდება. თუ ადგილობრივი ქათმის ხორცი 2 თვის ასაკიდან გამოიყენება, ამერიკული ბრამა 20 დღეში უტოლდება ჩვენებურ ქათამს და აჭარბებს კიდეც.

- წიწილაც გიგანტურია?
- არა, ზუსტად ჩვენი წიწილასავით პატარა იჩეკება, მაგრამ მალე იმატებს, მით უფრო, რომ მოვლის წესებს ზედმიწევნით ვიცავთ. საგულდაგულოდ ვზრუნავთ, რომ სხვადასხვა ფერის ბრამა ერთმანეთთან არ შეჯვარდეს, ამიტომ მეკვერცხულები ცალ-ცალკე გვყავს მოთავსებული, ფერების მიხედვით. ამერიკული ბრამას ფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ფასიც სწორედ ფერების, ასე ვთქვათ, ეგზოტიკის მიხედვით ედება. ძალიან ფასობს იზაბელა, ანუ ცისფერი ბრამა, ასევე ლიმონისფერი.
ძალიან ფასობს იზაბელა, ანუ ცისფერი ბრამა, ასევე ლიმონისფერი
- კვერცხიც სხვადასხვა ფერია?
- არა, კვერცხი თეთრია და ამიტომაც­ სჭირდება ცალკე მოთავსება, რომ კვერცხები ერთმანეთში არ აირიოს. სხვათა შორის, ამ ჯიშის საუკეთესო ხარისხისა და ფერის შენარჩუნებისთვის მხოლოდ კვებასა და ცალკე მოთავსებას კი არა აქვს მნიშვნელობა, გამრავლებისას ქათმების დაფრთხობა და შეშინებაც კი მოქმედებს მომდევნო თაობის ხარისხზე.
წიწილებსაც ვყიდით და კვერცხებსაც. რადგან ხარჯი დიდი გვაქვს, იაფად არ ვყიდით, 5 ლარად, მაგრამ მომხმარებელი ბევრი გვყავს, წლეულს 1000-მდე კვერცხი გავყიდეთ. წიწილაზე მოთხოვნა კი ულევი­ იყო, აღარ ვიცოდით, კლიენტი როგორ დაგვეკმაყოფილებინა. ფასი 15 ლარიდან იწყება...

2 შვილი გვყავს, ვაჟები, უფროსი 6 წლის ხდება. შეგვეძლო ქალაქში დასახლება ბავშვებზე ზრუნვის საბაბით, მაგრამ ბავშვები კარგად მაშინ იზრდებიან, როცა ნატურალური პროდუქტით საზრდოობენ. ამიტომ სოფელში დარჩენა ვარჩიეთ. მე და ჩემი მეუღლე ვხედავთ, რომ წარმატება ნელ-ნელა მოდის და ეს გვახარებს.
meri
09 აგვისტო 2019 20:30
გაიხარეთ მშრომელო ხალხო!!ვინც ზარმაცი არაა საქართველოშიც მიაღწევს წარმატებებს!! გარბიან საქართველოდან--სხვა
ქვეყნებში--სამუშაოს ვერ შოულობენ და ბაღებში და სკვერებში სძინავთ!უცხოეთში ქუჩაში არ ყრია დოლარები--და ვერც ვერაფერს აღწევენ!!ძალიან მიხარია ქართველი ასე,რომ ააწყობს საქმეს!! გფარავდეთ უფალი- ამინ!!-სულ წარმატებებით გევლოთ--საუკეთესო ქართველები ხართ!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
14-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
14-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა