კამა-ცერეცო - "ნაწლავების ჯაგრისი"
კამა-ცერეცო - "ნაწლავების ჯაგრისი"
სურნელოვანი და არომატული მცენარის - კამის გარეშე ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია. ის არაერთ კერძს ანიჭებს განუმეორებელ გემოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კამას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სმმ აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი ნატო კაკაბაძე დღეს სწორედ ამ მცენარეზე გვესაუბრება.

- კამა ნიახურისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზი ითვლება. ამ მცენარეს აღმოსავლეთ საქართველოში კამას, ხოლო დასავლეთში ცერეცოს უწოდებენ. შეიძლება ითქვას, ცერეცო კამის კუთხური სინონიმია. მებოსტნეობის დარგის სპეციალისტები
კი ცერეცოს უწოდებენ ერთწლოვან, კამასთან შედარებით მცირე ზომის უფრო არომატულ მცენარეს. კამა კარგად უძლებს სიცივეს და ვეგეტაციის მცირე პერიოდი აქვს, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს ეს მცენარე ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე მოიყვანონ.

- რას გვეტყვით კამის ჯიშებზე?
- არსებობს კამის რამდენიმე ფორმა­ და ჯიში, რომელიც შეიძლება ორ
ჯგუფად გაერთიანდეს: ჩვეულებრივი და იტალიური, ანუ ტკბილი საბოსტნე კამა. ჩვეულებრივი კამა გავრცელებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ასევე შუა აზიაში, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და ჩინეთში... ტკბილი,­ საბოსტნე ანუ იტალიური კამა გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში, ის უხვად მოჰყავთ აშშ-სა და კანადაშიც. საქართველოში ეს კულტურა ჯერჯერობით პოპულარული არ არის.

- როგორი შემადგენლობა აქვს კამას?
- კამის ფოთლები შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინსა და ეთერზეთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ლიქიორის წარმოებასა და მედიცინაში. ეთერზეთების შემცველობა მცენარის განვითარების ფაზაზეა დამოკიდებული. თავდაპირველად ის კამის ფოთლებში მცირე რაოდენობით არის, ხოლო მაქსიმუმს ყვავილობის დროს აღწევს. კამის ყვავილობა ივნისში იწყება და 30-40 დღეს გრძელდება. კამის ნაყოფი ოვალურია, თითქმის მრგვალი. ჩვენს პირობებში თესლს იძლევა დათესვიდან პირველ ან მეორე წელს. კამის თესლი 8-10ºგრადუს სითბოზე ღივდება, ამიტომ მკაცრი ზამთრის მქონე ქვეყნებში ეს მცენარე ადვილად იყინება. საქართველოს ბარში ყოვე­ლთვის ვერ იზამთრებს, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის პირზე მისი დათესვა სარ­ისკოა. კამა სინათლის მოყვარული მცენარეა, ხასხასა მწვანე ფერის, მაგრამ ზედმეტად ტენიან ნიადაგებზე ყვითლდება ან წითლდება. ის კარგად იტანს გვალვას, მაგრამ ტენიანობის უკმარისობაც აყვითლებს. ამიტომ კამის მორწყვა აუცილებელია კვირაში 1-2-ჯერ, წყლის რაოდენობა­ 1 კვმ-ზე 6 ლიტრი უნდა იყოს. კამის ფოთლებში დიდი რაოდენობით გროვდება ნიტრატები, ამიტომ არ შეიძლება აზოტოვანი სასუქებით მისი განებივრება, ჩრდილში გაზრდა ან ახლო-ახლო დათესვა. ამ მცენარისთვის კარგი წინამორბედი კულტურებია კომბოსტო, პამიდორი, კიტრი, ხოლო ცუდი - სტაფილო, ოხრახუში და ნიახური.
'კამის გარეშე ჩვენი სამზარეულო წარმოუდგენელია'
- როდისაა უმჯობესი ამ მცენარის დათესვა და გახარება?
- კამა ყველაზე კარგად +2-დან +5 გრადუს­ ტემპერატურაზე ხარობს, ამიტომ მის დათესვას აპრილის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იწყებენ. მოსავლის თანამიმდევრულად ასაღებად კამას ზაფხულის განმავლობაში 3-4-ჯერ თესავენ - დაახლოებით 20 დღის ინტერვალით. კამის დათესვა შეიძლება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში, რომ მოსავალი გაზაფხულზე მივიღოთ. კამის დათესვის სქემა ასეთია: დაშორება მცენარეთა კვლებს შორის 20 სმ უნდა იყოს. თესლის მოფანტვის ნორმაა 1-2 გრამი 1 კვმ-ზე, ხოლო დათესვის სიღრმე - 2 სანტიმეტრი. კამის ნათესებს რეგულარული მორწყვა სჭირდება, რაც გვალვის დროს უნდა გახშირდეს. თუ კამის მწვანილად გამოყენება გსურთ, იმ დროს უნდა მოკრიფოთ, როცა მცენარე 15-20 სმ სიგრძეს მიაღწევს.

- როგორია კამის ვეგეტაციის პერიოდი?
- დათესვიდან ამოსვლ­ამდე პერიოდის ხანგრძლ­ივობა ტემპერატურასა და ნიადაგის ტენიანობაზეა­ დამოკიდებული. კამის ზრდა-განვითარებისთვის­ საუკეთესო ხელშემწყობია ღრმად დამუშავებული, ტენითა­ და საკვები ნივთიერებებით მომარაგებული ნიადაგი. კარგად ვითარდება ორგანული სასუქით განოყიერებულ ნაკვეთზეც. პლანტაცია 3-4 წლის შემდეგ უნდა განახლდეს. მწვანე ფოთლებს აღების შემდეგ ჩრდილში ახმობენ.
იტალიური, ანუ ტკბილი საბოსტნე კამა
- იტალიური კამა რით განსხვავდება ჩვეულებრივისგან?
- იტალიური ანუ ტკბილი კამა ბოლონიურის და ფლორენციულის სახელწოდებითაც არის ცნობილი. მას აქვს უფრო მსხვილი და ხორციანი ფოთლის ყუნწები, რომლებიც ამ კულტურის ძირითადი პროდუქტიული ნაწილია. მათ "თავა­კებს" უწოდებენ, რომელთა ზომა შეიძლება იყოს სიგრძით 10 სმ, სიგანით კი 5-6 სმ. კამის თავაკებს კულინარიაში იყენებენ, როგორც სალათებში, ისე თერმულად დამუშავებულს. იტალიური კამის გარემო პირობებთან შეგუება და მოვლა ჩვეულებრივი კამის ანალოგიურია, მაგრამ მის გამსხვილებულ ძირებზე მიწის შემოყრა აუცილებელია - ამის შედეგად კამის ნაზი და ხორციანი თავაკები მიიღება. მოვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეთა დროულად გამოხშირვას. თავაკების დიდხანს შესანახავად მოსავლის აღებისას მცენარე ფესვიანად უნდა ამოითხაროს, ღერო 10 სმ სიმაღლეზე გადაიჭრას, ფოთლები შეეცალოს და გრილ სარდაფში, ქვიშაში ჩაიმარხოს.

დასასრულ, აუცილებლად უნდა გიამბოთ კამის თესლის სასარგებლო თვისებებზეც: ისევე როგორც თვით მცენარე, კამის თესლი სურნელოვან ეთერზეთებს შეიცავს. კამა ყველაზე მადის აღმძვრელი მცენარეა, უწყობს ხელს საკვების სწრაფსა და სრულფასოვან მონელებას. კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროც არის, დიდი რაოდენობით ვიტამინების­ გარდა, შეიცავს კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ მას "ნაწლავების ჯაგრისსაც" უწოდებენ. მათ, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, ვურჩევთ დღეში ერთი კონა კამა მიირთვან - ეს მათ ჯანმრთელობას ძალიან წაადგება.

ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა