სუროშემოსილი ეზო თბილისში
სუროშემოსილი ეზო თბილისში
თბილისში სუროთი არაერთი სახ­ლია შემოსილი. ერთ-ერთი ზაზიაშვილის ქუჩის #8-ში მდებარეობს. ამ იტალიური ეზოს მობინადრენი სახლზე ზრუნავენ, თუმცა განსაკუთრებულად - როზეტა მუმლაძე. მისი წყალობით ეზო არა მარტო სუროში, სხვადასხვა მცენარეშია ჩაფლული. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, იქ 45 წელია ცხოვრობს და სამოყვარულო მებაღეობა მისი დიდი გატაცებაა. მცენარეებს ეზოშიც უვლის და შინაც ბევრი ქოთნის ყვავილი აქვს.

როზეტა მუმლაძე: - ეს სურო 6 წლის წინ დავრგე ავარიული კედლის დასაფარავად, რადგან ძალიან უშნოდ ჩანდა. ეს
სახლიცა და კედელიც მეზობლისაა, მაგრამ იმის გამო, რომ ეზო თითქმის ჩემი გამწვანებულია, მეზობელს არაფერი უთქვამს, აზრი მასაც მოეწონა. თავიდან ერთი პატარა ნაწილი იყო, შემდეგ სურო ქუჩის მხარესაც გადავიდა, მთელ კედელს მოედო. მოგეხსენებათ, ძველი თბილისური ეზოა, სახლები აღდგენას, შეკეთებას საჭიროებს და სანამ ეს მოხერხდებოდა, შელამაზება გადავწყვიტეთ.
სურო დარგვიდან სამ წელიწადში გავრცელდა ქუჩაში გამავალ კედელზე და თითქმის სრულად დაფარა. უკვე დიდი ხანია, ყურადღებას იქცევს და მის სანახავად ხშირად მოდიან.

- რა მიგაჩნიათ მის დადებით მხარედ?
- ჯერ ერთი, ლამაზია, მერე, კედლის ნაკლოვანებას ფარავს. ეს ჯიში იმიტომ ავარჩიე, რომ გაზაფხულზე იფოთლება და ზამთარში ფოთლებს ყრის. სანამ დასცვივდება, ფოთოლი ფერს იცვლის და მერე ერთბაშად ეფინება დაბლა. სულ სამი თვეა ასე, გაზაფხულზე კი ისევ იმოსება. სურო, რომელსაც ზამთარ-ზაფხულს აქვს ფოთლები, მსმენია, რომ ქვეწარმავალს, ხვლიკს იზიდავს, ამას კი ქვეწარმავლები არ ეკარებიან.

- მოვლა სჭირდება?
- განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კვირაში ერთხელ ვრწყავ და საკმარისია. პერიოდულად გადამწვარ ნაკელს ვაყრი ძირში, რომ იკვებოს.
- ისეთი სახლებიც მინახავს, სადაც კედელს ნაკლი არა აქვს, მაგრამ მაინც სუროთია შემოსილი.
- უყვართ, სიამოვნებთ, მოსწონთ... მეც მსიამოვნებს და არა მარტო შენობის მხარეს, ღობეზეც გავუშვი, ოღონდ იქ თუნუქზე არ ადის, რადგან სიცხეში თუნუქი ცხელდება და წვავს. ამიტომ რკინის ბადე გავაკეთე და მასზე გავუშვი. რასაც უყურებთ, სულ ბადეზეა ასული. ისე, ყველაზე მეტად კედელი მოსწონს, რადგან იქიდან სინესტესაც იღებს, მასზე კარგად ხარობს და თავს მშვენივრად გრძნობს. ერთი უარყოფითი ის აქვს, რომ მაისში ყვავილობს და ფუტკარი ესევა.
მეზობელი ეზოს სახლის კედელი ჩვენს ეზოში შემოდის, გასამაგრებელი იყო და მასზეც სურო გავუშვი, თუკი ვინმე შემოდიოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ულამაზესი კედელი იყო, მაგრამ გაამაგრეს და ამას შეეწირა ის ულამაზესი 20 წლის სურო.

- სუროს გარდა, აქ თვალს უამრავი მცენარე, ბუჩქი და ხე ახარებს...
- კი, ბევრი მცენარე მაქვს. ადრე მათი გამოზამთრება პრობლემა იყო, რადგან შინ რომ შემქონდა, დიდი ფართობი არა მაქვს და ვერ ვატევდი. მერე მცენარეების სათბური ინტერნეტით გამოვიწერეთ და ზამთარში აივანზე ვშლით - იქ ქოთნის მცენარეებს ვათავსებ, ოღონდ გათბობაც უნდა იყოს ჩართული. წელს უფრო დიდი კარვის შეძენას ვაპირებ.
მოკლედ, ეს საქმე მიყვარს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მეტი მცენარე მქონდეს და მოვუარო, თუნდაც ზამთარში გაყინვას გადავარჩინო.
- ეზოში მცირე დეკორატიული კუთხეებიც ჩანს...
- კი, დიდი ფანტაზია არა მაქვს, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. ნათესავი მყავს რაჭაში და მან მომცა ურემი, რაზეც ჭური დავდგი. აქაურობა ძალიან გაალამაზა. ზამთარში თოვლსა და ქარს რომ არ გაეფუჭებინა, ცელოფანით ვფუთავდი, მაგრამ წლების განმავლობაში მაინც დალპა, დაიშალა და გადავაგდეთ. სამაგიეროდ, კედელზე ურმის თვალი დავკიდეთ.
ვარდიც მაქვს, მაგრამ მას მზიანი და გაშლილი ადგილი უყვარს, აქ კი უფრო ჩრდილია. თუმცა მაისის ვარდები მაინც კარგად ყვავის. მაქვს ხეხილიც. ჩემი ულამაზესი ალუბალი ამ კედლის გამაგრებას შეეწირა, ასევე მაქვს თეთრი იასამანი. შროშანები ხის კასრში ჩავრგე, იქვეა პატარა სამოთხის ვაშლიც.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
- ჩემი თავი მცენარეების გარეშე ვერ წარმომიდგენია. სამტრედიაში ვარ დაბადებული, სახლის წინ შესანიშნავი ბაღი გვქონდა და ეს ყველაფერი იქიდან მომყვება. ახლაც კარგი ბაღია იქ, რადგან ჩემს ძმისშვილებსაც უყვართ ყვავილები. ჩემმა შვილმაც დაიწყო რაღაცების გაკეთება - აი, ეს ფანჩატური, რკინის თაღი, რაზეც ასევე მცოცავი მცენარე ხარობს. ამიტომ მოიცალონ ამ საქმისთვის, ცხოვრებას გაიხალისებენ.
სურო იაფია, ადვილად მრავლდება და ჩვენს კლიმატს კარგად ეგუება. მრავლდება მწვანე კალმებით, ანუ ღეროებით. მალე ფესვიანდება ჩრდილიან და გრილ ადგილას. ფესვიანდება წყალშიც. სურო ვერ იტანს გამომშრალ ჰაერს და მზის პირდაპირ სხივებს. ამიტომ უნდა მორწყოთ, სანამ ფესვებს კარგად არ გაიდგამს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა