როგორ აჩუქა ღმერთმა ადამიანებს შოკოლადი
12-08-2019
როგორ აჩუქა ღმერთმა ადამიანებს შოკოლადი
შოკოლადის ხე მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც ფართო, ლამაზი ფოთლები და მსხვილი ნაყოფი ამშვენებს. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გვხვდება, შოკოლადის ხის გახარება ჩვენთანაც შეიძლება" - გვითხრა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძემ, რომელიც დღეს ამ საინტერესო მცენარის შესახებ გვიამბობს.

- შოკოლადის ანუ კაკაოს ხე უძველესი მცენარეა. მისი გავრცელების არეალი სამხრეთი ამერიკაა, კერძოდ, ამაზონის აუზი, თუმცა მას დიდი რაოდენობით აშენებენ აფრიკის ქვეყნებშიც - კენიაში, ნიგერიაში, ასევე - ინდონეზიაში...
კაკაოს ხე 8-10 მეტრი სიმაღლის იზრდება. სწორედ მისი ნაყოფისგან ამზადებენ შოკოლადს, ამიტომ ხალხი მას შოკოლადის ხესაც უწოდებს, თუმცა სპეციალისტებისთვის ეს კაკაოს ხეა. მცენარის ლათინური სახელწოდება თჰეობრომა ცაცაო ქართულად ღმერთების საკვებს ნიშნავს. ცნობილია, რომ მაიას ტომები ამ მცენარეს ღმერთების საჩუქარს უწოდებდნენ.

- როგორ ვითარდება შოკოლადის ხის
ნაყოფი?
- ხე ნაყოფს მცირე რაოდენობით ისხამს, მაგრამ ზომით დიდია და უამრავი თესლი აქვს. ცხადია, ყველა ყვავილი არ გამოინასკვება და ნაყოფად არ იქცევა. ნაყოფი ფერით ყვითელი, მოწითალო ან მოყავისფროა, მისი წონა ნახევარ კილოგრამსაც შეიძლება აღწევდეს. ყველაზე საინტერესო მასში მოქცეული თესლია. მისგან იღებენ მთავარ პროდუქტს - კაკაოს ცხიმსა და კაკაოს ფხვნილს, რომლისგანაც შოკოლადი მზადდება. ნაყოფში 30-დან 50-მდე თესლია. მას იღებენ, როცა კაკაოს ხის ნაყოფი კარგად მომწიფდება და ხუთიოდე დღით აჩერებენ, რათა ფერმენტაცია მოასწროს. მერე ერთი-ორი კვირა მცხუნვარე მზის გულზე აშრობენ. ამ ორ კვირაში მათი მასა ნახევრდება. შემდეგ ამტვრევენ და აქუცმაცებენ, ოღონდ ეს ძველი, ტრადიციული მეთოდია, დღეს კი კაკაოს ცხიმისა და ფხვნილის მისაღებად თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ. ასე მიიღება უგემრიელესი ბლანტი სითხე, რომელსაც ინდიელები დაახლოებით 3500 წლის წინ უკვე მოიხმარდნენ. ევროპელთაგან შოკოლადი პირველად ქრისტეფორე კოლუმბმა გასინჯა, თუმცა ევროპაში მას არ შეუტანია. ეს სასმელი ამერიკიდან ერნან კორტესმა შემოიტანა, ესპანეთიდან კი ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. რაც შეეხება ჩვენთვის საყვარელ შოკოლადის ფილებს, მათი დამზადება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.
- როგორი კლიმატი და ჰავა სჭირდება შოკოლადის ხეს, რომ ჩვენს პირობებში გაიხაროს?
- ეს ტროპიკული მცენარეა, ამიტომ სრულყოფილი განვითარებისთვის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა სჭირდება. ამას გაბნეული მზის შუქიც ემატება - კაკაოს ხეს პირდაპირი სხივები არ უყვარს. პირობები ისეთივე უნდა შევუქმნათ, როგორიც სამშობლოში აქვს, ამიტომ ოთახის პირობებში მისი გახარება ძნელია. ან ორანჟერეაში უნდა გავზარდოთ, ან მინისათბურში. კარგად რომ განვითარდეს, ტემპერატურა 25-26 გრადუსს ზემოთ უნდა შევინარჩუნოთ. 13-15 გრადუსი შოკოლადის ხისთვის უკვე დამღუპველია. მაღალი ტემპერატურა, ნოყიერი ნიადაგი და ზომიერი ტენიანობა ამ მცენარის განვითარებისთვის აუცილებელი პირობებია; მუდმივი წყლის მისხურება და დამატებითი კვებაც სჭირდება, კერძოდ, სასუქების მიშველება გაზაფხულიდან ოქტომბრამდე მაინც. რადგან მცენარე ბუნებაში ჯვარედინად იმტვერება და ოჯახის პირობებში ამას ვერ მოახერხებს, მისი ხელოვნური დამტვერვაც აუცილებელია: მტვერი ერთი ყვავილიდან მეორეზე ფრთხილად უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისგან ნაყოფი გამოინასკვოს. დიდი მონდომებაა საჭირო ამ ყველაფრის შინაურ პირობებში მოსახერხებლად. მისი ეზოში მოყვანა კი, რაოდენ გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში ძნელია. ოთახშიც დიდი მინის ჭურჭელი ან დიდი აკვარიუმი დაგვჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ფანჯარასთან დავდგამთ, ფოთლები დაეწვება, რადგან პირდაპირი მზის სხივები მასზე დამღუპველად მოქმედებს.

- როგორ მრავლდება ეს მცენარე?
- შოკოლადის ხის გამრავლების ორი გზა არსებობს: გენერაციული ანუ თესლით გამრავლება და ვეგეტაციური ანუ ნერგით. შოკოლადის თესლი იმდენად დიდია, რომ თითო ქოთანში თითო ცალი უნდა ჩავრგოთ. მას აღმოცენების კარგი უნარი აქვს, მთავარია, მცხუნვარე მზის სხივები არ მოხვდეს. ბუნებაშიც ის სხვა ხეების ქვემოთ, ჩრდილში იზრდება. თესლმა რომ გაიხაროს, ნაყოფიდან ახალაღებული უნდა იყოს, ოღონდ ერთი დღეღამით თბილ წყალში უნდა ჩავალბოთ და ნიადაგი წინასწარ მოვამზადოთ: მიწა ნეშომპალათი და ქვიშით უნდა იყოს გაჯერებული. სამივე ამ კომპონენტს კარგად შევურევთ და წინადღეს დამბალ თესლს 2 სმ სიღრმეზე მოვათავსებთ. ნიადაგიც წინასწარ კარგად უნდა იყოს დანოტივებული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში თესლი ორ-სამ კვირაში გაღივდება და მცენარე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. არსებობს მეორე გზა - ვეგეტაციური ანუ კალმით გამრავლება. ამ დროს ტოტის ნახევრად გამერქნებულ მონაკვეთზე - 15-20 სმ სიგრძეზე, ფოთლები უნდა გადავჭრათ და მათი მხოლოდ ნაწილი (1/3-ზე) დავტოვოთ. ამის შემდეგ ტოტი მიწაში უნდა მოვათავსოთ დასაფესვიანებლად. ამ შემთხვევაშიც მიწას ნეშომპალა და ქვიშა უნდა ჰქონდეს შერეული და არც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა დაგვავიწყდეს. განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მცენარე ფესვებს განივითარებს და შოკოლადის ხე ზრდას დაიწყებს.
- ნამდვილი შოკოლადის უამრავი სასარგებლო თვისებაა ცნობილი, თუმცა დღეს მთელ მსოფლიოში ფალსიფიცირებული პროდუქცია ჭარბობს...
- დიახ, ნამდვილ შოკოლადში ბევრია მატონიზებელი ნივთიერება, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები. დიდი რაოდენობით შეიცავს ენდორფინებს ანუ ბედნიერების ჰორმონებს. შოკოლადი საუკეთესო საშუალებაა დაკარგული ძალების აღსადგენად... სამწუხაროდ, დღეს ბაზარი ფალსიფიციკაციას მიაქვს და ეს ეხება შოკოლადსაც. ჩვენ რომ გვგონია, ნამდვილი კაკაოს ცხიმი გამოიყენეს, თურმე ქოქოსისა და პალმის ზეთით არის შეცვლილი. რა თქმა უნდა, ასეთ პროდუქტს ისეთივე კვებითი ღირებულება არა აქვს, როგორიც ნამდვილ შოკოლადს ან კაკაოს. სამწუხაროდ, შოკოლადის ხის ნაყოფის მისაღებად დიდი რაოდენობით იყენებენ შხამქიმიკატებს - ეს საჭიროა, რადგან მცენარეს უამრავი მავნე მწერი უჩნდება, პესტიციდები და შხამქიმიკატები კი ნაყოფშიც გადადის და მას ისეთი თვისებები აღარ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. არის შემთხვევები, როცა შოკოლადის ხეებს რადიოაქტიური ნივთიერებებითაც ამუშავებენ. მე, მაგალითად, კაკაოს აღარ ვსვამ. ვინც დაჰკვირვებია, ბავშვობაში კაკაოს სულ სხვა გემო ჰქონდა და დღევანდელი სხვაგვარია. დღეს მსოფლიოში ბუნებიდან აღებული და ხელით დამუშავებული კაკაო უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ტექნოლოგიების წყალობით მიღებული კაკაოს ფხვნილი ან ცხიმი. სწორედ ამიტომ ნატურალური ბელგიური შოკოლადი, შესაძლოა, 100 ლარიც ღირდეს. რა თქმა უნდა, ჩვენს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ორლარიანი და სამლარიანი ფილები მას ხარისხით ვერც კი შეედრება. ნამდვილი შოკოლადის გემო და ხარისხი სულ სხვაა და ქოქოსის, ან პალმის ზეთზე დამზადებულისა - სულ სხვა.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით