გრძელიშვილების მიკროსოფლები ღულელებში - კვირის პალიტრა

გრძელიშვილების მიკროსოფლები ღულელებში

ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს ეხება. ექვსშვილიანი ოჯახი აქტიურად არის ჩართული გარემოს გალამაზებაში, მუდმივად ზრუნავენ და შედეგსაც აღწევენ. ეს ყველაფერი აგარაკზე, სოფელ ღულელებში ხდება. სახლიც საკუთარი ძალებით ააგეს, ბაღზეც თვითონ იზრუნეს. მათი ბოლოდროინდელი გატაცება ეზოში მიკროსოფლების გაშენებაა. რა არის ეს, როგორი ხელმარჯვეა ოჯახის თითოეული წევრი, დიდი თუ პატარა, ამას დაჩი გვიამბობს.

- თიანეთის რაიონში, საბადურის ტყის მახლობლად, სოფელ ღულელებში გვაქვს ეზო-კარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ და დღემდე საკუთარი ხელით ვაკეთებთ და ვაშენებთ. სოფელიც ძალიან გვიწყობს ხელს, ბუნებაც და იქაური ვითარებაც. წყლის გაყვანით დაწყებული, კედლების ამოშენება-შეღებვით დამთავრებული, ბევრი რამ ჩვენი გაკეთებულია. როგორც იქნა, იქაურობა რაღაცას დაემსგავსა, თუმცა დასრულებული ჯერ არ არის. თანდათან მეტი რამის გაკეთება გვინდება და ყოველ ზაფხულს რაღაცას ვამატებთ. როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის.

- ბუნება ხელს გიწყობთ და იდეები გაქვთ - ქმნით პატარ-პატარა კუნძულებს, რასაც მიკროსოფლები დაარქვით...

- მთავარი ის არის, რომ ჩვენთან ბევრი ბავშვია და ვცდილობთ, ყველას მონაწილეობით რაღაც შევქმნათ, თან გავერთოთ კიდეც. სადაც ასეთი საქმეა, იქ არც ჩხუბია და არც ცუდი ფიქრებისთვის რჩება დრო. რაც მთავარია, ერთად ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. წლეულს, მაგალითად, ასეთი ჰობი - მიკროსოფლების შექმნა აღმოვაჩინეთ. შარშან მებაღეობა იყო ჩვენი ჰობი - ის წელიწადი მეყვავილეობის წლად გამოვაცხადეთ და დიდ-პატარა აქტიურად ვიყავით საქმეში ჩართული. ხშირად მიწევს მივლინება სხვადასხვა კუთხეში და ყვავილი ან საინტერესო მცენარის თესლი მომაქვს ხოლმე. ჩვენებიც ინტერესით ელოდებიან ახალ მცენარეს, რაც მთავარია, გამზადებულ ადგილს მახვედრებენ, სადაც შეიძლება, ესა თუ ის მცენარე დაირგოს.

- რა ფართობია თქვენი კარ-მიდამო? - 600 კვმ იქნება. ჩვეულებრივი სოფლის სახლი და ეზოა. წინა ნაწილში, ღობის გასწვრივ, ადგილი მოვასუფთავეთ და მრავალწლოვანი მცენარეები დავრგეთ. ოღონდ ჩვენთან ცოტა რთული კლიმატია, ახლაც ცივა, ქურთუკებით დავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ახლოს, სულ 40 კილომეტრშია, მაგრამ, სამაგიეროდ, ზღვის დონიდან 2-ჯერ უფრო მაღლაა, 1200 მეტრზე ვართ. ამიტომ ვცდილობთ, მცენარეც ისეთი დავრგოთ, ამ ტემპერატურასა და კლიმატს გაუძლოს. სხვათა შორის, ბევრმა ისეთმა მცენარემ დასძლია ღულელების ჰავა, რომ არ ველოდი, მაგალითად, გლიცინიამ, ასევე სხვა პატარ-პატარა მარადმწვანე მცენარეებმა, მათ შორის - ხვიარებმა.

სუკულენტების პატარა გორაკი გვქონდა და წლეულს რომ ვასუფთავებდით, იდეა გაგვიჩნდა, პატარა სოფლის მოდელი შეგვექმნა. ჩავდგით პატარა ქოხი, გავიყვანეთ გზა და კენჭებით მოვკირწყლეთ, ხიდიც გავდეთ... მერე შევიტყვეთ, რომ საქმისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და მასალის (შეღებილი კენჭები) შეძენა შეიძლება. ბევრი რამ ინტერნეტშიც მოვძებნე, ველოსიპედი რომ არ გამოგვეგონებინა... მოკლედ, ახლა რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი კონვეიერულად მიდის, შრომა განაწილებული გვაქვს.

- რა კარგია, რომ საქმეში ბავშვებიც არიან ჩართული.

- მაგალითად, კრავაი ძალიან კარგად ხატავს, ასევე მისი ბიძაშვილი, რომელიც ჩვენთან სტუმრად არის თავის მშობლებთან, კოტესა და თამუნასთან ერთად. კოტეც შემოგვეშველა *იდეოგრაფიის ნაწილში, აღმოჩნდა, რომ წვრილი ჩხირებისგან უზუსტესად ამზადებს ღობეებს. როდესაც სხვები კენჭებს მოხატავენ, წყალმა რომ არ გადარეცხოს, ანდრია მათ ლაქით ფარავს. ხარებას ელექტრობა ესმის და განათებაზე ზრუნავს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას ვცდილობთ და განათებაც მზის ენერგიაზეა აწყობილი - ღამით ანათებს, რადგან დღისით ელემენტები მზის ენერგიით იტენება. ხარება ხის შესაფერის ტოტებს ეძებს, რაც ბილიკებისთვის, ხიდებისთვის, კიბეებისთვის გამოდგება... მოკლედ, ყველა აქტიურად ერთვება. ვბჭობთ, სად რა აჯობებს და როგორ. ერთმანეთში ტალანტებს ვეძებთ. თამუნა, კოტეს მეუღლეც, ჩვენთან ერთად შრომობს. იცით, როგორი საინტერესო პროცესია? აქამდე აზრადაც რომ არ მოგვივიდოდა! მაგალითად, თამუნას ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ახლა კენჭებს ხატავს და თანაც ბავშვებს ტოლს არ უდებს. - გარემოს ალამაზებთ და დროს შინაარსიანად ხარჯავთ... კიდევ რა არის ეს საქმე თქვენთვის?

- ყველაფერთან ერთად, განტვირთვაა, ერთგვარი თერაპია. და კარგი საშუალებაა საკუთარი ძალების მოსასინჯად. რაც მთავარია, ეს საქმე არც ისე რთულია.

- რადგან შრომა განაწილებული გაქვთ, ალბათ, ყველა თავის წილ პასუხისმგებლობასაც იღებს... - ასეა. ტყე ახლოს გვაქვს და სოკოზე წასვლა ჩემს მეუღლეს, ირმას აბარია, ასევე კვებასა და კულინარიასთან დაკავშირებული საკითხებიც. ტყეში რომ მივდივართ, უკვე სხვა თვალით ვაკვირდები ყველაფერს - ვარჩევ ხავსს, გირჩს, ტოტს... ამ საქმიანობის წამოწყებამ ეზოს დალაგებასაც შეუწყო ხელი - ზედმეტი არაფერი დავტოვეთ იქ, მიკროსოფლებისთვის ყველაფერს ვიყენებთ.

- მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გარემოზე ფიქრობთ... - კარგი კიდევ ის არის, რომ სოფელს როცა დავასრულებთ, იქ უმალ ჩნდებიან მობინადრეები - მწერები, ლოკოკინები, ჭიანჭველები... ბავშვები ეჩვევიან ბუნებასთან თანაცხოვრებას, ხედავენ და რწმუნდებიან, რომ ამ არსებებსაც აქვთ ადგილი დედამიწაზე და არ უნდა მოკლა და გააწვალო; რომ არაფერს გიშლის, შენ თუ არ შეუშალე.

როგორც წესი, აგვისტოს ბოლოს, როცა თბილისში უნდა წავიდეთ, ჩიტებს სახლებს ვუკეთებთ და ვუტოვებთ. მიხარია, შემოდგომა-ზამთარში შიგადაშიგ რომ ჩამოვდივარ და ამ ჩვენს გაკეთებულ სახლებში ბუდეებს ვპოულობ. ეს კარგია, რადგან ჩვენს ბაღში გაცხოველებული ჭიკჭიკია - როგორც ჩანს, მათთვის პოპულარული ადგილია და ბევრი ჩიტი იყრის თავს.

თანაც ამ ყველაფერს არც ისე დიდი დრო მიაქვს. სოფელს რომ ავაშენებთ, მერე კვლავ ვუბრუნდებით სრულყოფისთვის. გააჩნია სოფლის მასშტაბს. თითოს ორ-სამ დღეს ვანდომებთ.

- მასალად ყველაფერი გამოსადეგია? - კენჭები, ხავსი, ხე, ჯოხები... ეზოში რაც ძველი ბლოკი თუ აგური მეყარა, ყველაფერი გამოვიყენეთ - გორაკს ხომ შევსება უნდა. ჰოდა, მოსუფთავდა ეზოც. მოკლედ, ყველაფრის გამოყენება შეიძლება...

- მებაღეობასაც განაგრძობთ. ალბათ. - რა თქმა უნდა... ახლა მეოთხე მიკროსოფელს ვაგებთ, სადაც უკვე სუკულენტების განაშენიანება ხდება. ხავსისა და სუკულენტის კომბინაციით ვაკეთებთ ბილიკებს, სახლებს და ეს ყველაფერი სწორედ მებაღეობას უკავშირდება. ბაღს, ხეხილსა და მცენარეებს რაც შეეხება, რაკი აქ ცოტა მკაცრი კლიმატია, ბევრი მცენარე დამწიფებას ვერ ასწრებს. უმეტესად მოდის ქლიავი, კურკოვანი ხილი, გვაქვს შესანიშნავი თხილი და კაკალი, კენკროვანებიდან - ჟოლო.

ამ საქმემ ძალიან გაგვახალისა, გაგვართო. ვურჩევთ სხვებსაც, არ დაიზარონ საკუთარი ეზო-კარის გალამაზება. მთავარია, დაიწყონ. ეს ისეთი რამეა, თუ ხელს მიჰყოფ, თავს ვეღარ დაანებებ. ცხადია, ადამიანს ამ ყველაფრის სურვილი უნდა ჰქონდეს.