"ვისაც ჭკუა აქვს, იცის, რამხელა როლი აკისრია ქარსაფარ ზოლებს" - კვირის პალიტრა

"ვისაც ჭკუა აქვს, იცის, რამხელა როლი აკისრია ქარსაფარ ზოლებს"

ჩოხატაურში, სოფელ ზემო ფარცხმაში მცხოვრები ვასილ ცინცაძე პროფესიონალი აგრონომი და თავდაუზოგავად მშრომელია. მან ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო საქმის - განადგურებული ქარსაფარი ზოლის აღდგენის საქმე წამოიწყო და თანაც - მიზერული თანხით, თუმცა სახელმწიფო მოხელეთა ყურადღებას ვერ ეღირსა. არადა, არ დაიჯერებთ, რა დახმარება სჭირდება - გირჩის თესლის ახალამოწვერილი აღმონაცენების ტყიდან გამოტანის ნებართვა, რომლებიც თავისთავად ნადგურდება. ვასილ ცინცაძე ამ საქმეს აკეთებდა საბჭოთა ხანაში, როდესაც ჩოხატაურის მცენარეთა ჯიშების გამოსაცდელ ლაბორატორიაში მუშაობდა და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ტყეებში კედრისა თუ ფიჭვის გირჩების აღმონაცენს ხშირავდა, ზრდიდა და საჭირო ადგილებში რგავდა.

- ჩოხატაურის მცენარეთა ჯიშების გამოსაცდელ სადგურში 35 წელი ვიმუშავე და უმაღლესი განათლების შემდეგ აქ, რომ იტყვიან, პრაქტიკული `აკადემიაც~ გავიარე. ლაბორატორიაში ნერგებს უცხოეთიდან გვიგზავნიდნენ, ჩვენ ვზრდიდით, ადგილობრივ პირობებში ვამოწმებდით და მერე ქვეყნის სხვადასხვა ადგილში ვგზავნიდით დასარგავად. უამრავი კარგი ჯიში გავახარეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, გერმანიიდან გადმოვიტანეთ ვაშლის ჯიში, რომელიც ახლაც არ დაკნინებულა და ზრდასრული ხე ერთ ტონამდე მოსავალს იძლევა. როცა სადგურმა და სანერგემ მუშაობა შეწყვიტა, პროფესიას ვერ ვუღალატე და ჩოხატაურის ახლომახლო სოფლებში დავიწყე უცნობი და საუკეთესო ჯიშების აღმოჩენა და გადარჩენა. ვინაიდან სახელმწიფო სანერგე არ გვქონდა, პატარა სანერგე შინ მოვაწყვე და იქ ვამრავლებდი, მერე კი სხვებს ვაძლევდი. ასე გადავარჩინე გადაშენებისთვის განწირული ვაზის თუ ხეხილის უამრავი ჯიში. მაღალმთიან სოფლებში ნამოსახლარებზე მივდიოდი და სასწაული ჯიშები მომქონდა.

ერთხელაც ასე ავედი მეგობართან ერთად სოფელ კონჩკათის დაცლილ მაღალმთიან უბანში. სექტემბრის ბოლო იყო და უეცრად ხეზე ასული დახუნძლული ვაზი დავინახე. ჩვენთან ხეზე, ძირითადად, ადესა გადის, მაგრამ ეს ადესა არ იყო, უფრო მსხვილი და გემრიელი მარცვალი ჰქონდა - დაახლოებით ალადასტურის მსგავსი. ასე რომ, ჩემდა უნებურად, გადაშენებული გურული ვაზის ჯიში ვიპოვე და როგორ შეიძლებოდა, იქიდან საკალმე არ წამომეღო! საკალმეებიც ავჭერით, ხეზეც ავედით და იმდენი მოსავალი ჩამოვკრიფეთ, გოდორს რომ გაავსებდა - იმ ყურძნის იქ დატოვება და გაფუჭება ცოდვა იქნებოდა. საკალმეები შინ დავრგე - მაღლარადაც და დაბლარადაც, რათა გამომეცადა, როგორ მოისხამდა. წლეულს უკვე მეოთხე წელია და ისეთი მსხმოიარე ვაზის ჯიში მაქვს, ხალხი მეხვეწება, კალამი მოგვეციო. არადა, სახელიც არ ვიცი, სპეციალისტები უნდა მოვიყვანო და გავიგო, ასე საოცრად მსხმოიარე რა ვაზი მიდგას ეზოში.

ამ ძველი ჯიშების გადარჩენის გარდა, ჩემი ოცნება ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენებაა. ვისაც ჭკუა აქვს, მან ხომ იცის, რამხელა როლი აკისრია სოფლის მეურნეობისთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის ქარსაფარ ზოლებს. თანაც ამ საქმეს იმიტომაც შევეჭიდე, რომ მიმუშავია და კარგად ვიცი, რომ ტყის ბუნებრივი მასალისგან ამ ზოლების აღდგენა მიზერულ ფასად შეიძლება. ამ სურვილით ჩოხატაურის მერიაშიც მივედი. როცა მომისმინეს და მიხვდნენ, რას ვთავაზობდი, ჩემს მუშაობას დააკვირდნენ, წიწვოვანის ნაზარდიდან უკვე წამოზრდილი ნერგებიც დაათვალიერეს და დამეხმარნენ - პატარა სათბურის აშენება დამიფინანსეს, რომელშიც უკვე ვმუშაობ ბუნებრივი წიწვოვანის ნერგებად გამოზრდაზე, მაგრამ საქმის დაწყებას არა და არ დაადგა საშველი.

- გიშრომიათ და ყველაფერი გაგიკეთებიათ, რაღა გიშლით ხელს...

- ლიცენზია, რომ ტყიდან ჩამოცვენილი გირჩებიდან ამოსული წიწვოვანის ჩანასახი შინ წამოვიღო და გავზარდო. არადა, სათბური რომ ნახეს და ჩემს საქმიანობას გაეცნენ, უამრავი კლიენტი გამიჩნდა ქარსაფარი ზოლისთვის ნერგების წასაღებად. რაც მთავარია, ქართველი ემიგრანტები მეუბნებიან, ოღონდაც ლიცენზია მოგცენ და ქარსაფარ ზოლს ჩვენ აღგადგენინებთო. მეტიც, ბუნებრივი წიწვოვანის ნერგების თურქეთში გატანა შემომთავაზეს - იქიდან შემოსული ფულით ქართულ საქმეს მივხედავთო, მაგრამ პატრონი არავინ არის! ლიცენზიის მისაღებად უკვე ხუთი თვეა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განცხადება მაქვს შეტანილი და დღემდე ვერ წაიკითხეს. ამჯერად წიწვოვანის გირჩიდან ამოსული ახალაღმონაცენები მხოლოდ ნაგავსაყრელებიდან ან კერძო ეზოებიდან მომაქვს, მაგრამ ეს იმისთვისაც არ კმარა, ნერგებზე კერძო ობიექტების მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილო.

- თითოეული წიწვოვანი ხის გირჩებიდან მართლაც ასეულობით ჩანასახი ამოდის. ნუთუ ასე ძნელია, სამინისტროში თქვენი განცხადება ვინმემ წაიკითხოს და წამით მაინც დაფიქრდეს, რა სასარგებლო საქმეს გაუკეთებთ ქვეყანას?

- რა გითხრათ! ძალიან ძნელი გამოდგა, თორემ ხუთი თვე რატომ უნდა სჭირდებოდეს ერთ განცხადებაზე პასუხის გაცემას? თქვენ იმიტომაც მოგმართეთ - მუშაობა შემიძლია, სათბური არის, სოფელში ის ხალხიც მოიძებნება, რომელიც წიწვოვანის ნერგების გახარებაშიც დამეხმარება და იმაშიც, რომ აღდგენილ ზოლს ორი წელიწადი ვუპატრონოთ და მხოლოდ მაშინ დავტოვოთ, როცა გახმობა აღარ დაემუქრება. როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მთელი გულით მინდა, ჩვენი სახელმწიფო მიხვდეს, რომ ასეთ საქმეებში დახმარებითა და ყურადღებით მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ ქვეყანას ეხმარებიან.

P.S.. ჩვენ დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრს, სადაც დაგვპირდნენ, რომ პრობლემას ბოლომდე მიჰყვებიან, ბატონ ვასილს ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემენ და მყისიერ დახმარებას აღმოუჩენენ. მასალა დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ სამინისტროდან ბატონ ვასილს უკვე დაუკავშირდნენ. იმედი გვაქვს, ეს მართლაც საქვეყნო საქმე ადგილიდან დაიძვრება...